1780955048
2026 წლის 31 მაისის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია მილიონ 742 ათასი ადამიანი, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 32,302-მა პირმა
საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 31 მაისის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 742 ათასი ადამიანია. 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 32,302-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 160,612,324.43 ლარი.
მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის მაისის თვის შედეგებს ავრცელებს.
„მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი ძირითადად საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა.
მაისში ყველაზე მაღალი, 2.49%-იანი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ, შესაბამისად, 1.99% და 1.29% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის მომგებიანობა დადებითია: დინამიკური – 8.99%; დაბალანსებული – 7.45%; კონსერვატიული – 5.91%.
დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.51%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.90% და 10.40%-ია“, – ნათქვამია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











