4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირიდან 8-მ სრულად აღიარა და მოინანია მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - პროკურორი

პროკურორი

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ რვა პირმა დანაშაული აღიარა. საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს, რის გამოც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

"მოცემულ საქმეზე ბრალდებული 12 პირიდან 8-მ სრულად აღიარა და მოინანია მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. შესაბამისად, აღნიშნულ 8 ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტაციას. გარდა ამისა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე 8 ბრალდებულის მიმართ და გადაეცა სხვა მოსამართლეს, აღნიშნული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით", - განაცხადა ლაშა ცქვიტარიამა.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების შემდეგ ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.

"ბრალდებულ პირთაგან 7-მა ადამიანმა, ვისთანაც ბრალდების მხარემ გამოხატა მზაობა, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება დღეს, დააყენა ბრალდების მხარემ შუამდგომლობა, ფაქტობრივად, შედგა შეთანხმება. ბოლო სასამართლო პროცესი იქნება 7 პირისათვის, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქმის ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა აღიარებით და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. მათ ნაწილს დღეს გაუფორმდება შეთანხმება სამი წლით პირობით მსჯავრზე, რის შემდეგაც ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.