ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა, პირადად მისი როლი განსაკუთრებულია, მადლობა მას ამისთვის

ირაკლი კობახიძე

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში, საქართველო-სომხეთის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„მყისიერად მქონდა ზარი ნიკოლ ფაშინიანთან და მივულოცე არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, გამოვთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც აქტიურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. პირადად პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებითაც. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის საქმეა.

„ზოგადად, სომხეთზე არ ვსაუბრობ, ორმაგი სტანდარტები ევროპული ბიუროკრატიისთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.