გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

„ჩვენმა სამშობლომ განიმტკიცა სუვერენიტეტი. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპით და ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი თითოეულ მოქალაქეზეც უნდა აისახოს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ხშირად იდენტური შინაარსისაა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოთხოვნებს შეიცავს.

„გვთხოვენ რას? გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის უკან წაღებას, სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სააკაშვილის გამოშვებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. ამის გამო საქართველოს დელეგაციამ ერთ წელზე მეტია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. გამოვთქვით მზადყოფნა, გავაგრძელოთ საქმიანობა, თუ ეს არასამართლიანი დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ევროპულ დედაქალაქებთან, ინსტიტუტებსა და პარტნიორებთან.

„გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.