1780955048
ჭოუ ციენი: შუა დერეფანი, სარტყელი და გზის ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის, არამედ ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირისთვისაც
ჩინეთისთვის საქართველო სარტყელი და გზის ინიციატივის მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შუა დერეფანი და სარტყელი და გზის ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის, არამედ ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირისთვისაც.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ირანსა და ახლო აღმოსავლეთში პროცესებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახმელეთო კავშირები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში.
„ჩინეთის დიპლომატიის ერთ-ერთი საყრდენია ურთიერთობები განვითარებად ქვეყნებთან, ანუ, შეიძლება, ვუწოდოთ „გლობალური წყარო“. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან და სხვა განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის დიპლომატიის საფუძველია. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა საერთაშორისო წესრიგის შესახებ, ეს ნიშნავს სამართლიანობას და გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვას.
ასევე, ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკისთვის, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ჩინეთისთვის დიდ ბაზარს ხსნის, ამასთანავე, შეუძლია, საქართველოში მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს, რადგან ჩინეთი დღეს ინოვაციების, განსაკუთრებით სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვანი ქვეყანაა. მჯერა, რომ მომავალში ხალხებს შორის გაცვლები, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა რომელიც უკვე მძლავრად განვითარდა, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მომავალ თვეში, 15 ივლისს, გაიხსნება პირველი პირდაპირი რეისი შანხაიდან თბილისში. ამიტომ, მჯერა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა და მასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ინვესტორიც“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.












