1780955048
„ალიანსი რადგან არანაირ იდეაზე არ იდგა და მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული, ამიტომ ხდება ის მათ თავს, რაც ხდება“ - ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება გრძელდება
ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მორიგ Facebook-live-ში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ ის ოპოზიციური ალიანსის წესებს არ აღიარებს, რის გამოც მასთან შეთანხმება შეუძლებელია.
„ვინც ინდომებს არარეალურს, ამაზე ვერ შევთანხმდებით. იმაზეც არ გვეთანხმება რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს, მე წესებს თავზე ვერავინ მომახვევსო. თავისი პარტია აქვს, თუ აქვს იდეები და ჩვენზე მეტი შეუძლია, აგერ, თავისი პარტია ჰყავს და შეუბეროს“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
ე.წ. ალიანსში დაპირისპირებას, პარტია „გირჩის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ლევან ჯგერენაია წერს, რომ ოპოზიციური გაერთიანება თავიდანვე მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული, შესაბამისად, ალიანსის წევრების ერთმანეთთან მუდმივი დაპირისპირება გასაკვირი არ არის.
„ალიანსი რადგან არანაირ იდეაზე არ იდგა და მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული, ამიტომ ხდება ის მათ თავს, რაც ხდება.
ამ პროცესს რომ შეხედავს ხალხი, რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედოს ამ ყველაფერს და მხარი დაუჭიროს?“, - წერს ჯგერენაია.
ოპოზიციური სპექტრის ურთიერთბრალდებებსა და შიდა დაპირისპირებას სახელისუფლებო გუნდი ეხმიანება. მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას გაერთიანების უნარი არა აქვს და ისინი ალიანსის სახელით გარე აგენტურის დავალებებით მოქმედებენ, ხოლო, როდესაც კონკრეტული დავალება არ გააჩნიათ, დღის წესრიგს ერთმანეთის მისამართით ბრალდებებითა და შეურაცხყოფით ქმნიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილს ისინი ვერ გაექცევიან.
„საზოგადოებას ბევრჯერ აქვს ნანახი ასეთი კინკლაობების შემდეგ, ერთი შემოძახილი ან ღია წერილი გარე პატრონის და შემდეგ როგორ აფუძნებენ მორიგ ფანჩატურს. რაც არ უნდა დაგმონ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მათგან შობილნი არიან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.












