1780955048
ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ევროპაც უნდა ესწრებოდეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ ლიდერების დონეზე გამართულ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელიც უნდა მონაწილეობდეს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის ლიდერმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ტალინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
„იმისათვის, რათა ცეცხლი შეწყდეს, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ შეხვედრა ლიდერების დონეზე გამართულიყო. ვინ? რა თქმა უნდა, უკრაინა, რუსეთი და აუცილებლად ევროპა. სასურველი იქნებოდა, რომ შეხვედრაში ევროპას და შეერთებულ შტატებს მიეღოთ მონაწილეობა. რატომ ევროპა? იმიტომ რომ, ჩვენ ევროპაში ვიმყოფებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განმარტებით, ომით ზარალდებიან ევროპის ქვეყნებიც, განსაკუთრებით დრონების თავდასხმის გამო.
„ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი კონტინენტი, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ხვალ უსაფრთხო ცხოვრება გვექნება. ამიტომაც, ამ ქვეყნებმა უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები. უკრაინას ამის ნება აქვს, ვნახოთ, აქვს, თუ არა იგივე ნება რუსეთს. ჯერ მათ ეს არ უჩვენებიათ“, - აღნიშნა მან.











