სკანდალი ონკოლოგიაში - ასობით მეცნიერი, წლების განმავლობაში, შეცდომით, არასწორ ანტისხეულს იყენებდა

ონკოლოგია

 ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Science -ში საგანგაშო სტატია გამოქვეყნდა  იმის შესახებ, თუ როგორ გამოიწვია ცილების სახელების მსგავსებამ მასშტაბური შეცდომა ბიოსამედიცინო კვლევებში. აღმოჩნდა, რომ ასობით მეცნიერმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიბოსა და უჯრედული დაბერების შესწავლისას, წლების განმავლობაში, არასწორი ანტისხეული გამოიყენეს. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში სამეცნიერო ექსპერიმენტების სანდოობისა და ლაბორატორიული რეაგენტების მკაცრი კონტროლის საკითხი, ხოლო დარგი ბევრად უფრო ღრმა და მანკიერ კრიზისში ამხილა, რომელზე კომენტარისგანაც, ჯერჯერობით, ყველა თავს იკავებს.

P16
ყურადღების ცენტრში ცნობილი ონკოსუპრესორი ცილა p16 ხვდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უჯრედის დაბერებასა და სიმსივნური პროცესების პრევენციაში. საქმე ისაა, რომ  ანტისხეულების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, Abcam-ის კატალოგში გვხვდება ანტისხეული კონკრეტული კოდით, რომლის დასახელებაც ზუსტად ემთხვევა P16 -ის სახელს. ამის გამო კი წლების განმავლობაში მკვლევრები, თვლიდნენ, რომ საქმე ზემოხსენებულ პროტეინთან ჰქონდათ და კატალოგიდან შეძენილ რეაგენტს ( ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერება) თავიანთ ონკლოგიურ კვლევებში იყენებდნენ.

ამ ნომენკლატურულმა აღრევამ ბიოსამედიცინო სფეროში ნამდვილი „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია. დამოუკიდებელმა სამეცნიერო დეტექტივებმა და მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს კონკრეტული მცდარი ანტისხეული 300-ზე მეტ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში ფიგურირებს. ვინაიდან მეცნიერები ხშირად ენდობიან კოლეგების გამოცდილებას და ყიდულობენ ზუსტად იმავე რეაგენტებს, შეცდომა ჯაჭვურად გავრცელდა ლაბორატორიიდან ლაბორატორიაში. გამომდინარე იქიდან, რომ p16 სიმსივნეების შესწავლისას ფუნდამენტური მარკერია, ეს შეცდომა ეჭვქვეშ აყენებს ბოლო წლების არაერთ მნიშვნელოვან დასკვნას ონკოლოგიაში.


ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუკი საქმე სრულიად განსხვავებულ რეაგენტთან გვქონდა რანაირად იღებდნენ მკვლევრები წლების განმავლობაში სასურველ შედეგებს? ეს ფაქტი სამეცნიერო საზოგადოებაში სერიოზული შიდა დისკუსიის საგანი ხდება სადაც თითის გაშვერა არავისკენ უნდათ მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ბიოსამედიცინო სფეროში არსებულ უფრო ღრმა კრიზისზე მიუთითებს, სადაც აკადემიური ზეწოლის გამო მეცნიერები ზოგჯერ თვალს ხუჭავენ უზუსტობებზე ან ახდენენ მონაცემების მორგებას სასურველ ჰიპოთეზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წამყვანი ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავდაპირველად უარყოფდა შეცდომას, პროდუქტის კოდების გადამოწმებამ მცდარი რეაგენტის გამოყენება მაინც დაადასტურა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მრავალ სამეცნიერო ჟურნალს მოუწევს სტატიების მასობრივი შესწორება ან ნაშრომების სრულად გაწვევა. პარალელურად, აქტიურად განიხილება მწარმოებელი კომპანიების მიერ პროდუქციის აღწერილობის შეცვლა და მკაფიო გაფრთხილებების დამატება. თუმცა, ეს შემთხვევა მთავარ გაკვეთილად რჩება თავად მკვლევრებისთვის, რომლებიც ბრმად არ უნდა ენდონ კომერციულ კატალოგებს და ექსპერიმენტის დაწყებამდე თავად უნდა მოახდინონ გამოყენებული ანტისხეულების მკაცრი ლაბორატორიული ვალიდაცია.