„ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა...“ - მე-7 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
1780987798
ევროპის ერთობლივი საბრძოლო ავიაგამანადგურებლის პროექტი ჩაიშალა. ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ პროექტში ჩართული კომპანიები საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ და ამის გამო პროექტის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
საუბარია Future Combat Air System-ის პროგრამაზე, რომელიც 2017 წელს მაკრონმა და გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკერმა წამოიწყეს. დაახლოებით 100 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტის მიზანი 2040 წლისთვის საფრანგეთის Rafale-ისა და გერმანიისა და ესპანეთის Eurofighter-ის ახალი თაობის გამანადგურებლით ჩანაცვლება იყო.
პროექტი წლების განმავლობაში შეფერხებული იყო ფრანგულ კომპანია Dassault Aviation-სა და ევროპულ საავიაციო Airbus-ს შორის უთანხმოების გამო. მთავარი დავა ეხებოდა პროექტის მართვას, ტექნოლოგიებზე კონტროლსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ასევე, საფრანგეთსa და გერმანიას განსხვავებული ხედვები ჰქონდათ თავად თვითმფრინავის კონცეფციაზეც.
საფრანგეთი ერთიანი ევროპული მოდელის შექმნას ემხრობოდა, ხოლო გერმანია მიიჩნევდა, რომ მისი სამხედრო საჭიროებები განსხვავდება, რადგან ფრანგულ ავიაციას ბირთვული იარაღის ტარებისა და ავიამზიდებზე მოქმედების შესაძლებლობა სჭირდება.
„გარდიანი“ წერს, რომ ამ პროექტის შეწყვეტა სერიოზულ დარტყმად მიიჩნევა ევროპის თავდაცვითი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროპა ცდილობს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხისა და აშშ-ის მხარდაჭერის მიმართ მზარდი გაურკვევლობის ფონზე.