1780955048
Prada-მ NASA-ს ასტრონავტებისთვის კოსტიუმები შექმნა
იტალიურმა მოდის სახლმა Prada წარადგინა სპეციალური კოსტიუმი NASA-ს ასტრონავტებისთვის, რომლებიც მთვარეზე მისია Artemis IV-ის ფარგლებში გაემგზავრებიან.
Prada-მ სიახლე კოსმოსური ინფრასტრუქტურის შექმნაზე მომუშავე კომპანია Axiom Space-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. ტანზე მომდგარი კოსტიუმი, რომელსაც ასტრონავტები სკაფანდრის ქვეშ ჩაიცვამენ, სავენტილაციო მილებით არის აღჭურვილი - ისინი უზრუნველყოფენ გაგრილებასა და ჰაერის ცირკულაციას ღია კოსმოსში მუშაობის დროს.
ინოვაციური კოსტიუმი ბრენდის მარკეტინგის დირექტორმა, ლორენცო ბერტელიმ, ნიუ-იორკში მდებარე Prada-ს მაღაზიაში წარადგინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას დაგროვილი აქვს ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ნოუ-ჰაუს ფართო სპექტრი, რომელთა გამოყენებაც კოსმოსური სამოსის შესაქმნელად არის შესაძლებელი.
Artemis IV-ის ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე გავლენ. 2 ასტრონავტი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე დაეშვება, სადაც 1 კვირას გაატარებს და სამეცნიერო ექსპერიმენტებს განახორციელებს. ამის შემდეგ ისინი ორბიტაზე დაბრუნდებიან და დედამიწაზე გამოსაფრენად ძირითად გუნდს შეუერთდებიან. მისიის გაშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. NASA-ს ბოლო მონაცემებით, სტარტი 2028 წელზე ადრე არ იგეგმება.












