როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
მალდივის კუნძულებთან მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 5 იტალიელი მყვინთავი ემსხვერპლა, გამომძიებლები ახალ მტკიცებულებებს სწავლობენ. მაშველებმა დაღუპულების სხეულებზე დამაგრებული GoPro-ს კამერები ამოიღეს და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ჩანაწერები დაადგენს, რა გახდა ელიტარული მყვინთავების დაღუპვის მიზეზი.
შემზარავი შემთხვევა ინდოეთის ოკეანეში, ზვიგენებით ცნობილ ტერიტორიაზე მოხდა. სამძებრო ოპერაცია ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა და მასში ფინელი პროფესიონალი მყვინთავებიც მონაწილეობდნენ. მაშველებმა ბოლოს 22 წლის ჯორჯია სომაკალი და 31 წლის მკვლევრის, მურიელ ოდენინო ცხედრები აღმოაჩინეს. მანამდე ნაპოვნი იყვნენ ჯორჯიას დედა, მონიკა მონტეფალკონე, საზღვაო ბიოლოგი ფედერიკო გუალტიერი და ჯგუფის ხელმძღვანელი, ინსტრუქტორი ჯანლუკა ბენედეტი.
სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, მყვინთავები წყალქვეშა გამოქვაბულის ვიწრო ლაბირინთებში წარმოქმნილმა ძლიერმა დინებამ ჩაითრია. იტალიის წყალქვეშა და ჰიპერბარიული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტის, ალფონსო ბოლონინი განცხადებით, შესაძლოა, ერთ-ერთი მყვინთავი მახეში აღმოჩნდა, დანარჩენები კი მის გადარჩენას შეეწირნენ.
ტრაგედიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა — სამაშველო ოპერაციის დროს მალდიველი სამხედრო მყვინთავი მუჰამედ მაჰუდჰი დეკომპრესიული დაავადებით გარდაიცვალა. შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
იტალიის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. ირკვევა, რომ იახტას, საიდანაც ტურისტები წყალქვეშ ჩავიდნენ, 30 მეტრზე მეტ სიღრმეზე დაშვების ნებართვა არ ჰქონდა. ადგილობრივი ექსპერტების ნაწილი კი აცხადებს, რომ ასეთ სიღრმეზე შეკუმშული ჰაერით ჩასვლა სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია.
გამომძიებლები ახლა მთავარ პასუხებს სწორედ წყალქვეშა კამერების ჩანაწერებიდან ელოდებიან.