1781040220
ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლები არ არის, მასთან ახლოს მყოფი უცხოური ძალები მუდმივი რისკის ქვეშ არიან, ამის შემცირების საუკეთესო გზაა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ტერიტორია - აბას არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უცხოურ სამხედრო ძალებს ჰორმუზის სრუტის დატოვებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა, „ადამიანური შეცდომების, შემთხვევითი ინციდენტების ან საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვედრის“ საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლები არ არის.
„ჰორმუზის სრუტე არ არის საერთაშორისო წყლები. ის ირანსა და ომანს შორისაა და აშშ-ის სანაპიროებიდან ათასობით მილის დაშორებით მდებარეობს. ჩვენს ტერიტორიასთან ახლოს მყოფი უცხოური ძალები მუდმივი რისკის ქვეშ არიან. რისკების შემცირების საუკეთესო გზაა, რომ უცხოურმა ძალებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ გარემო, რომელიც მტრულ სამხედრო ყოფნას არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა არაღჩიმ.
არაღჩის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ირანი ჰორმუზის სრუტის მახლობლად ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სხვა მეთოდებით მოქმედებაც შეუძლია.
„ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან, რათა ირანის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცის ნებისმიერი დარღვევა აღკვეთონ“, – განაცხადა არაღჩიმ.











