ბულგარეთი უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას აღარ გეგმავს - ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი

დიმიტარ სტოიანოვი

ბულგარული მხარის მიერ უკრაინის არმიისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება არ იგეგმება, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა.

სტოიანოვის თქმით, ბულგარეთის ახალი მთავრობის გეგმაში აღარ შედის უკრაინის არმიისთვის ახალი სამხედრო დახმარების გაწევა.

როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება და მხარეებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლონ.

„უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინაში ომი სამხედრო გზით ვერ დასრულდება. დადგა დრო, მოიძებნოს სამართლიანი მშვიდობა, რომელსაც ორივე მხარე განსაზღვრავს“, – განაცხადა სტოიანოვმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში უკრაინამ და ბულგარეთმა 10-წლიანი ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ერთობლივ წარმოებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის უკრაინისთვის მიწოდებას ისახავს მიზნად.