23:03 | 2021-09-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“იმედია, მომავალში ყველას ასე არ მოგვიწევს სიარული” – ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას აფასებს

“იმედია, მომავალში ყველას ასე არ მოგვიწევს სიარული” – ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას აფასებს

“დემნა გვასალიას იმდენად კარგად ესმის კულტურული და სოციალური ძვრები, იმდენად კარგად ხედავს გარკვეულ სიმახინჯეს, რომელიც ისევე გიპყრობს, როგორც სილამაზე, იმდენად გენიალურია მათ გარდაქმნაში, რომ “ბალენსიაგა” ხუთი წამყვანი საერთაშორისო ჰიტების მქონე ბრენდიდან, დღეს უკვე ერთ-ერთია” – წერს The Telegraph-ი.

 

კიმ კარდაშიანთან ერთად Met Gala-ზე მისულმა შაოსანმა დემნამ, ორი დღეა, მსოფლიოში ყველა მიმდინარე მოვლენა გადაფარა. შლეიფით და “ცხენის კუდით” წარმოდგენილი კარდაშიანი, “ბალენსიაგამ” ერთიანად გარდასახა. აღარავის ახსოვდა მისი საფირმო “მიშენება”…

 

“ჩუსტებში” მისულმა დიზაინერმა ხომ საერთოდ თავდაყირა დააყენა გლამური და მსოფლიო მოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული, ვინმე კარენ კარაპეტიანის არ იყოს, ეს მეგრელი ბიჭი თავის ჭკუაზე ატარებს ვარსკვლავებს.

 

 

 

ხუმრობა იქით იყოს და დემნას პერფომანსმა თავისი სიტყვა თქვა. პანდემიისგან გადაკეთებული სამყარო და ადამიანი, ხელოვანების შემოქმედებაში სხვადასხვანაირად გამოიყურება. ფაქტია, რომ ძველებური იერსახე უკვე დაკარგული გვაქვს.

 

კოლეგის რეზონანსულ “ლუქს”, ჩვენი მეშვეობით, ავთანდილ ცქვიტინიძე ეხმიანება. ავთო იწონებს დემნას გადაწყვეტას და მას cool-ს უწოდებს.

 

ავთანდილ ცქვიტინიძე: – დემნას პერფომანსი ძალიან დროული და თანამედროვე გამოძახება იყო იმისა, თუ რაც ხდება დღეს. იმედია, მომავალში ყველას ასე არ მოგვიწევს სიარული (იცინის). რაღა გვაკლია, ფაქტობრივად, ყველაფერი დაფარული გვაქვს და ისე დავდივართ.

 

ძალიან მომეწონა, cool გადაწყვეტილება იყო.

 

მე ეს პერფომანსი ასე დავინახე – ეს არის ადამიანის ჩრდილი. უკვე ჩრდილებად ვართ ქცეული. კონკრეტული პიროვნებები კი აღართ ვართ, ყველა ერთნი ვართ. დემნამ ეს შთამბეჭდავად გადმოსცა.

 

შეიძლება ის იდეაც დევს, რომ ასე გამოვიყურებით დღეს.

 

 

შემოქმედებას ის აქვს კარგი, რომ ყველა თავის ენაზე კითხულობს. ეს დემნას ფანტასტიურად გამოუვიდა. ამ თვლებიან გლამურსა და საგიჟეთში, სადაც ყველაფერი იყო, ცხენის თავებით დაწყებული, ქვებით დამთავრებული. კიმმაც სხვადასხვა “ლუქი” გაიარა, თვლები, გამჭირვალე სამოსი, ფორმების დემონსტრირება, ყველაფერი ვიცით მასზე, მაგრამ ასეთი დაფარული ჯერ არ გვინახავს. კარგი ჟესტი იყო, ყველა ინფორმაცია გადაფარა კიდეც.

 

გვასალია, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა. კაი ბიჭია. ბავშვობიდან ვიცნობ. მე უკვე დიზაინერი ვიყავი, ეგ და მისი ძმა პატარები იყვნენ. სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. ყველას ეტყობა, ვინ რისი მაქნისია ცხოვრებაში. დემნასაც ეტყობოდა…

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!