17:03 | 2021-04-16 ავტორი: Prime Time

იმედია, ეგ ფაქტიც იქნება გამოძიებული, ვინ დარეკა მღვდლის შვილთან – ზაზა სარალძე გიორგი მენაბდეზე

იმედია, ეგ ფაქტიც იქნება გამოძიებული, ვინ დარეკა მღვდლის შვილთან – ზაზა სარალძე გიორგი მენაბდეზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, გიორგი მენაბდე მასთან შეხვედრას ცდილობდა.

 

როგორც ის, „ალიასთან“ 2019 წლის ინტერვიუში საუბრობს, მან ჯერ კიდევ საავადმყოფოში გაიგო „მისი შვილის მკვლელის“ სახელები.

 

„როცა დათუჩა საავადმყოფოში მივიყვანე, კაციშვილმა არ იცოდა, ვინ ვიყავი. დადიოდნენ ჟურნალისტები, ეძებდნენ და არ იცოდნენ, ვის ეძებდნენ. ორჯერ მთხოვეს, გვერდზე გაიწიეო, პირველად გავედი გვერდზე, მეორედ უკვე – დამანებეთ, ბიძია, თავი, ჩემი გამჭირვებია-თქო, ვუთხარი. იმ მომენტში, ისევ მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა დათუჩას ეცოცხლა.ჩემს გვერდით უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ლაპარაკობდა, ყველას ხმა მესმოდა, არ ვფიქრობდი, ოღონდ, რა მესმოდა, რას ვიგებდი, არ მინდოდა, იმის მოსმენა, ვინ და როგორ ჩაარტყა ჩემს შვილს დანა, მაშინ მხოლოდ დათუჩაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი!

 

მერე, როცა დათუჩა აღარ იყო, მერე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელების სახელები ვიცოდი, ვიცოდი, როგორ დაარტყა სამმა ადამიანმა დანა ჩემს შვილს და ორმა დადუნაშვილს,“ – ამბობს სარალიძე.

 

ჟურნალისტის კითხვაზე კი, დაჭერილი ორი ადამიანიდან, ვინ არის მესამე, პასუხობს, რომ მღვდლის შვილი.

 

„მღვდლის შვილი! და მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არაა, გააქრეს! სუბელიანი რომ იმ ჩანაწერში ამბობს, ფული გადავუხადეთო, მართლა გადაუხადეს ის ათი ათასი, მეტიც გადაუხადეს, მაგრამ სუბელიანმა ის თქვა, რაც დაფიქსირებულია. მე ხომ შევხვდი ერთხელ მღვდელს და მითხრა მაშინ, ჩემს შვილს რომ დანა სჭეროდა ხელში, ახლა საბრალდებო სკამზე იჯდებოდაო და მაშინ, კიდევ დავიჯერე, მაგრამ, მაგის შემდეგ ისეთი რამეები მოხდა… აჩუმებენ, ვიცი და ისიც მთელი ეს დრო, ტერორში იყო, ვიცი.

 

შეხვედრა მოითხოვა ჩემთან.

 

შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ძალოვანი უწყებებიდან დაურეკეს – ან შსს-მ, ან პროკურატურამ და არ ვიცი, რა უთხრეს, რა მოთხოვეს, რა გაახსენეს, ფაქტია, იმ ხალხს, ვინც ჩემთან დაკავშირება სთხოვა, შეხვედრა გააუქმებინა!

 

იმედია, ეგ ფაქტიც იქნება გამოძიებული, ვინ დარეკა მღვდლის შვილთან, რომელი უწყებიდან დაურეკეს.

 

ჯერ ის ადამიანებიც არ დაუკითხავთ, ვინც შუამავლის როლი იკისრა, ჯერ ისევ ველოდები, სამართლის მოლოდინად აქციეს ჩემი ცხოვრება, “- ამბობს ზაზა სარალიძე.

 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გიორგი მენაბდე დააკავეს.

ავტორი: Prime Time


X