22:47 | 2020-03-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

იმდენი იქნება გამოსაკვლევი, რომ 5 ან 10 დაწესებულება ვერ აუვა – ცერცვაძე

იმდენი იქნება გამოსაკვლევი, რომ  5 ან 10 დაწესებულება ვერ აუვა – ცერცვაძე

ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ დრომდე ტესტირება მხოლოდ ლუგარის ცენტრში ხდებოდა და შემდეგ მას კიდევ რამდენიმე დაწესებულება დაემატა.

 

„ამ სპეციალიზებული დაწესებულებების შესაძლებლობები იყო შეზღუდული და იკვლევდნენ, მხოლოდ იმ პირებს, ვისაც აღენიშნებოდა სიმპტომები და ბოლო 14 დღის მანძილზე იმოგზაურეს მაღალი რისკის ქვეყნებში, ან კონტაქტი ჰქონდათ იქიდან ჩამოსულ პირებთან. მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა.

 

შეიძლება ავად გახდეს პიროვნება, რომელმაც არ იცის, ვისთან იყო კონტაქტში და ასეთ პიროვნებებს რომ შეუზღუდავად ექნებათ ტესტირების შესაძლებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე შეუზღუდავად იქნება გამოვლენილი ყველა პაციენტი და არა მარტო ის, ვინც რისკის ჯგუფს განეკუთნება. ყველა მათგანი მოთავსდება სტაციონარში, ან მათი ნაწილი გაივლის ბინაზე მკურნალობას, ეს შეზღუდავს ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

 

                                       

               რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები