fbpx
14:03 | 2020-10-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

იყო თუ არა ხელყუმბარა ხრიკი თავდამსხმელის ხელში და რეალურად, შეეძლო თუ არა გახსნილი ყუმბარის დაჭერა 7 საათის განმავლობაში

იყო თუ არა ხელყუმბარა ხრიკი თავდამსხმელის ხელში და რეალურად, შეეძლო თუ არა გახსნილი ყუმბარის დაჭერა 7 საათის განმავლობაში

“საქართველოს ბანკში” შეჭრილ მძარცველთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. მით უფრო მაშინ, როცა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ იგი უკვალოდ გაქრა.

 

ექსპერტები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო ფორმით შემოსილ მძარცველს, რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, იყო სრულად აღჭურვილი და აქვს როგორც სამხედრო განათლება, ასევე გამოცდილებაც.

 

გარდა იარაღისა, თავდამსხმელი ხელყუმბარითაც იყო შეიარაღებული და ეს აჩენს კითხვას, რამდენად რეალური იყო მისი მუქარა ყუმბარის აფეთქების შესახებ.

 

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ „როგორი ფიზიკური მომზადების ადამიანიც უნდა ყოფილიყო, 7 საათის განმავლობაში მას არ შეეძლო გახსნილი ხელყუმბარა ხელში სჭეროდა.

 

„თუმცა, ამის საჭიროებაც არ არსებობს. თავდამსხმელს შეეძლო ყუმბარა ე.წ ლაივების დროს გაეხსნა, შემდეგ კი დამცავი კვლავ გაეკეთებინა და მისთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინა. მას მძევლების შესაშინებლად ავტომატიც ჰყოფნიდა, თუმცა, თუ მისი აყავის ოპერაცია დაიწყებოდა, სპეცსამსახურებს ანიშნებდა, რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა“.

 

სამხედრო ჟურნალისტი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი ხელყუმბარას ვერ გამოიყენებდა და განმარტავს ერთ ნიუანსს:

 

„სავარაუდოდ, ის ცაცია არ იყო. მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ფაქტობრივად, ის ცეცხლსასროლ იარაღს ვერ გამოიყენებდა. 

 

ყუმბარის ხელში ჭერა ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. რამდენიმე საათი ამას ვერ შეძლებს. მან რგოლი უბრალოდ გამოაძრო და შემდეგ ისევ გაუკეთა. მძევლები ისე ახლოს ჰყავდა, მათ შეეძლოთ მისი მოგერიება, თუმცა ეს ბუნებრივია, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული“.

 

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ყუმბარის ქონა და იარაღის კარგად დაჭერა, რაც კადრებიდან გამოჩნდა, მიანიშნებს, რომ თავდამსხმელს საბრძოლო გამოცდილება და განათლება აქვს.

 

რაც შეეხება უსაფრთხოების ექსპერტ, ლაშა პატარაიას, ამბობს, რომ ქართულ შეიარაღებაში არსებულ ყუმბარას ეს არ ჰგავდა.

 

„სავარაუდოდ, ეს ბულგარული, ან რუმინული წარმოებისაა, რომელიც ჩვენ სამხედრო შეიარაღებაში არ გვაქვს. საიდან გაჩნდა, უცნობია. იქნებ არც იყო რეალური“, – ამბობს პატარაია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X