fbpx
14:25 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

ჰქონდა თუ არა „კანონიერ ქურდ“ შოშიას მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა? – შაქარაშვილის საქმე

ჰქონდა თუ არა „კანონიერ ქურდ“ შოშიას მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა? – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

 

განსასჯელის სკამზე სხვებთან ერთად მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძეც სხედან.

 

„პრაიმტაიმს“ საქმეში ჩართული ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელმა უამბო, რომ რამდენიმე თვის წინ გარკვეულ მოწმეებზე ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

 

წყაროს თქმით, უცხოეთში მყოფი ერთ-ერთი გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოწმეს შემოუთვალეს, რომ მორაგბეების წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.

 

საუბარია „კანონიერ ქურდ“ თემურ ჭურაძეზე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შოშიას“ მეტსახელით იცნობენ.

 

წყარო არ აკონკრეტებს არც მოწმის ვინაობას და არც იმას, თუ რა სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, შესაბამისად, რთული სათქმელია, რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია რეალობას, თუმცა წყარო ყურადღებას ამახვილებს მორაგბეების ადვოკატზე, ბექა ნემისიწვერიძეზე, რომელიც თემურ ჭურაძის ცოლისძმა გახლავთ, ადვოკატის მამა კი ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდი“ თემურ ნემსიწვერიძეა, მეტსახელად „წრიპა“.

 

თემურ ნემსიწვერიძე და ბექა ნემსიწვერიძე

 

თემურ ნემსიწვერიძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობს და ბოლო ინფორმაციით, ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

 

უცხოეთში ცხოვრობს მისი სიძე, თემურ ჭურაძეც, რომელიც ონიანი-ჯანგველაძის გავლენიანი კლანის წარმომადგენლად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ თემურ ჭურაძის მამა, რევაზ ჭურაძე 2012 წელს იტალიაში კრიმინალური დაპირისპირების დროს ჩაცხრილეს. ის ამანათების გადამზიდავ კომპანიას ფლობდა.

 

ჰქონდა თუ არა შაქარაშვილის საქმეში რაიმე სახის ზეწოლის მცდელობა თემურ ჭურაძეს, ან ხომ არ ხდებოდა მისი სახელის გამოყენებით მოწმეებზე ზეწოლა? ამ კითხვით არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატს, თემურ ჭურაძის ცოლისძმას, ბექა ნემისიწვერიძეს მივმართეთ:

 

„პირველად მესმის, რომ ზეწოლის მცდელობა იყო. ჩვენებებს თუ ნახავთ, ვერ იტყვით, რომ ვინმეს სასარგებლოდ არის ეს ჩვენებები. აბსოლუტური ნონსენსია. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის ზეწოლას.

 

ჩემს საქმიანობაში ისინი [სიძე და მამა] არ ერევიან. მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემს საქმიანობას ვახორციელებ ყველასგან დამოუკიდებლად. თქვან, მაშინ ვისზე მოახდინეს ზეწოლა. აბსოლუტური სისულელეა.

 

 

ჩემს საქმიანობასთან არავის აქვს კავშირი და ვერც ვერავინ ჩაერევა. ტყუილია. არამხოლოდ შაქარაშვილის საქმეში, არამედ საქართველოში რაიმე საქმეში მათ ჩარევას გამოვრიცხავ.

 

მამაჩემი 1985 წლიდან საქართველოში აღარ ცხოვრობს. მოქალაქეც არ არის. ვიღაცას უნდა ეტყობა ამ საქმეში მათი გარევა“, – გვითხრა ბექა ნემსიწვერიძემ.

ავტორი: Prime Time
X