17:56 | 2021-07-20 ავტორი: Prime Time

გზავნილი რუსეთს და მსოფლიოს – მიშელის მესამე ვიზიტი, ოპოზიციის შოუ და ხელისუფლება გზაჯვერედინზე – მამუკა გამყრელიძის შეფასება

გზავნილი რუსეთს და მსოფლიოს – მიშელის მესამე ვიზიტი, ოპოზიციის შოუ და ხელისუფლება გზაჯვერედინზე – მამუკა გამყრელიძის შეფასება

19 ივლისი მაღალი რანგის შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი განცხადებების დღე იყო. საღამოს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხესიმაგრეში, ზღვისა და სიმწვანის ფონზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ღონისძიებას ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

 

 

მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი - შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს
2021-07-19მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი - შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს

 

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, თავის გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ საქართველო აპირებს 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და იქვე დაამატა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და რეფორმები.

 

შარლ მიშელის სახელით განცხადება ტვიტერზეც გამოჩნდა. ევროკავშირის უმაღლესი პირის პირველი გზავნილი არა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას, არამედ სწორედ 19 აპრილის შეთანხმებას უკავშირდებოდა. განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამ შეთანხმების შესრულების გარეშე, საქართველოს დემოკრატიული განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

„19 აპრილის შეთანხმების შესრულება, როგორც ტექსტის მიხედვით, ასევე სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, რჩება საუკეთესო გარანტიად საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წასაწევად, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“.

 

შარლ მიშელმა 19 ივლისს ასევე მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციას, სრულად შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას

 

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტების მიერ მიღებულ დეკლარაციას და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გზავნილებს „პრაიმტაიმთან“ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე აფასებს.

 

 

 

–  როგორ შეაფასებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციას და რეგიონის სამი ქვეყნის – უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას გაერთიანების პერსპექტივას ევროკავშირში, ეს კვლავ დგას დღის წესრიგში?

 

 

–  არა თუ კვლავ დგას, უფრო მეტიც, ეს საკითხი ახლა მეტად აქტუალურია. შეიძლება ითქვას, რომ  ევროკავშირმა გამოარჩია ეს სამი ქვეყანა, ე.წ „სამეულის“ ახალი ფორმატიც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მომავალში. დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა არის ძალიან კარგი ინიციატივა და ბრწყინვალე შესაძლებლობა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რაც შეიძლება დაუახლოვდნენ იმ მიზანს, რაც არის ევროკავშირში გაერთიანება. რას მივიღებთ და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნების ხელისუფლებებზე.

 

როგორც ვნახეთ, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ძალიან მონდომებულია, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. იგივე მდგომარეობაა უკრაინაში, მასზე დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული შესაძლო დაპირისპირების საფრთხე რუსეთთან, რაც პუტინის ბოლო სტატიიდანაც გამოჩნდა, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა აღმოსავლეთ სლავური სამყაროს ნაწილია. როგორც ჩანს რუსეთი ემზადება ამისთვის და საქართველო, რომლის დიდი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც არც ისე შორსაა რუსული ბიზნეს და არა მარტო ბიზნესინტერესებიდან.

 

 

ამ სამი ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირში წინ უდგას მძიმე პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, ოლიგარქიული რეჟიმები, რომელთაგან ზოგი დასრულდა, ზოგი დღემდე გრძელდება. არსებობს პრობლემები კანონების ჰარმონიზაციაში ევროკავშირთან, ასევე სასამართლოში არსებული პრობლემები, ეს ეხება სამივე ქვეყნას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ სამ ქვეყანას შორის ყველაზე შორს ვართ.

 

 

ევროკავშირი მზად არის დააფინანსოს ყველა ის რეფორმა, რომელიც დემოკრატიზაციისკენ იქნება მიმართული, ძალიან სერიოზული თანხების გამოყოფაზე იყო საუბარი შარლ მიშელის მხრიდან აზერბაიჯანსა და სასომხეთში.

 

ჩვენ პირიქით, გვითხრეს, რომ შეიძლება საერთოდ შეწყდეს დაფინანსება, თუ ასე გაგრძელდება ყველაფერი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ პროცესში ხელისუფლებების როლი.

 

 

 

–  უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში აეროპორტიდან პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან მისვლით დაიწყო. რისი დეკლარირება უნდოდა ამ ჟესტით ზელენსკის? რა იყო მისი მიზანი?

 

 

– თავისთავად ეს იყო თანადგომა და სოლიდარობა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ეს იყო ერთგვარი პიარ სვლა, მესიჯი რუსეთისთვის, რომ მე თქვენი არ მეშინია და გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი მარტო უკრაინაში კი არ არის ოკუპანტი, აგერ ბატონო, საქართველოშიც ასეა.

 

ეს იყო მისგან რუსეთის ოკუპაციის კიდევ ერთხელ დემონსტრირების საშუალება და ხაზგასმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რასაც წყალი არ გაუვა. თუ კიდევ ვინმე ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ის ჩემი აზრით,  პირდაპირ რუსეთის აგენტია.

 

 

 

–  მოკლე პერიოდში შარლ მიშელის მესამე ვიზიტი საქართველოში – რა დახვდა მას აქ, რას ნიშნავდა მისი გზავნილები ორივე მხარისთვის და რამდენად სწორი იყო ოპოზიციის მოლოდინი, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრ განცხადებებს გააკეთებდა?

 

–  შარლ მიშელის ამ ვიზიტს ჰქონდა საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობა, რაც უპირველესად  გამოხატული იყო ამ სამი ქვეყნის გამოყოფით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, ეს ვიზიტი დიდი ხნის დაგეგმილი იყო და მისი წინა ვიზიტებისგან განსხვავებით არ ეხებოდა იმას, რაც ხდება ჩვენთან. ის რაც დახვდა შარლ მიშელს საქართველოში, ეს იყო მხოლოდ დამთხვევა.

 

შარლ მიშელმა იცის, რომ არც ერთი მხრიდან არ სრულდება ის დოკუმენტი, რომელზედაც მოხდა ხელმოწერა 18 აპრილს, ის უკმაყოფილოა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, შესაბამისად, მისი მიმართვა თანაბრად ეხებოდა ორივე მხარეს.

 

არ ვიცი რას ემსახურებოდა და რას ეყრდნობოდა ოპოზიციის უზარმაზარი წარმოდგენები, რომ შარლ მიშელი ჩამოვიდოდა და ყურს აუწევდა ვიღაცას. ის აქ ჩამოვიდა სრულიად სხვა მიზნით და მოლოდინი, რომ დაგვტუქსავდა, სრულიად გაუგებარია ჩემთვის.

 

ის, რა თქმა უნდა, არ გაცდებოდა დოკუმენტის ფორმატს, რაც შეეხება მედიაზე თავდასხმას და აღვირახსნილ  ჰომოფობიურ ძალადობას, ეს საკითხები სხვა სიბრტყეში განხილვას საჭიროებს. ამაზე აპელირება არ მოხდებოდა შარლ მიშელის მხრიდან.

ოპოზიციის გადამეტებული წარმოდგენები გამოწვეულია იმით, რომ ეს პარტიები რუტინულად არ მუშაობენ ევროკავშირთან და ამერიკასთან. წელიწადში ერთი ვიზიტი და  ევროპარლამენტის კორიდორებში,  ან თეთრი სახლის წინ პარკში ფოტოს გადაღება არ ნიშნავს, რომ მუშაობ იმ ხალხთან, მუშაობა, იმისთვის, რომ დადგეს შედეგი უნდა იყოს სისტემური და მეთოდური.

 

 

 

–  რჩება თუ არა შესაძლებლობა ევროპის საბჭოს ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს?

 

 

–  კრიზისს ვერ დაასრულებს ვერც შეერთებული შტატები, ვერც ევროკავშირი და ვერც მულღაზანზარი, ის ჩვენ თვითონ უნდა დავასრულოთ. ვხედავთ, რომ ორივე მხრიდან არის საშინელი დაპირისპირება, ერთმანეთის მიუღებლობა. ერთის მხრიდან ჩანს უხეში ქცევა და ისმის უხეში შეფასებები, და მეორე მხრიდან ვხედავთ პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელ პერფორმანსებს პარლამენტში. მაშინ როდესაც რეალურად გაქვს საშუალება შინაგან საქმეთა მინისტრი კედელთან დააყენო,  მწვავე შეკითხვებზე მოსთხოვო პასუხი და ამას არ იყენებ, შეკითხვების მაგივრად მას აძლევ საშუალებას ადგეს და წავიდეს, ეს ნორმალური მიდგომა არაა, პერფორმანსებით საქმე არ კეთდება.

 

 

–  მაშინ როცა თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, რა რესურსები აქვს დარჩენილი ხელისუფლებას და ოპოზიციას რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ახალი პოლიტიკური სვლებისთვის?

 

 

–  როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ იმდენი შეცდომა დაუშვა, ამ სიტუაციაში ვერ ვხედავ ვერავითარ რესურსს, რომელიმე მხარემ რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ დაიცვა ხელისუფლებამ მედია, როდესაც მასზე ხდებოდა თავდასხმა ულტრანაციონალისტების  მხრიდან, რატომ არ იყო ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად ორგანიზებული პოლიცია. გამოდის, რომ მათ სანიმუშოდ დასაჯეს  მედია, რადგან იქ არც ერთი გეი აქტივისტი არ იყო, ყველა ერთად გაიპარნენ და შეატოვეს მედია ულტრანაციონალისტებს. ის, რომ მათ ახლა აკავებენ არ არის საკმარისი, იქ ადგილზე უნდა ყოფილიყო პოლიციის ორგანიზებული ჩართულობა, რომ მედიაზე თავდასხმა არ მომხდარიყო.

 

 

ჩემთვის ასევე სრულიად გაუგებარია, რა აუცილებლობა იყო იმ ექვსი მოსამართლის საჩქაროდ დანიშვნა.  ეს იყო სრულიად არაპრაგმატული და არააუცილებელი, პირიქით დამაზიანებელი ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის.“

 

 

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის მთავარი შეცდომაა ის ბაქიბუქი, რასაც ოპოზიცია მუდმივად ასმენინებს ამომრჩეველს. ჩვენ ახლა მოვალთ, ჩვენ გავიმარჯვებთ და როგორც მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ვერც ვერსად მოვდივართ და ვერც ვიმარჯვებთ, ეს იწვევს ადამიანების გაღიზიანებას.

 

ამომრჩეველი უკიდურესად იმედგაცრუებულია ორივე მხარის, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და  მთლიანად არჩევნების პროცესის მიმართ.

ხალხი იმდენად ინდიფერენტულია, რომ საარჩევნო ყუთებთან მივა ბევრად ნაკლები, ვიდრე – მიდიოდა სხვა არჩევნებზე.

 

 

ამომრჩეველი ვერც ხელისუფლებაში ხედავს პერსპექტივას და ვერც ოპოზიციაში, რომელიც არადამაჯერებლად გამოიყურება. ასეთ სიტუაციაში გამარჯვებული ყოველთვის არის ხელისუფლება, რომელსაც ხელში აქვს ადმინისტრაციული რესურსი და შესაძლებლობა, დარაზმოს თავისი ამომრჩეველი და მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან.

 

ჩემი აზრით ამ ადგილობრივ არჩევნებით ყველაზე მეტად იხეირებს გახარია, რომელსაც აქვს კარგი ფინანსური რესურსი, საერთოდ არ ერევა გარჩევებში და აქტიურად მუშაობს ველზე. იმის მიუხედავად, რომ გახარიამ თავიდან გააკეთა სუსტი განცხადებები, ის მიხვდა საკუთარ შეცდომებს და ბოლო პერიოდში საერთოდ გაუჩინარებულია.

 

ჩემი ინფორმაციით, მან გადაქაჩა დიდი რაოდენობით აქტივისტები, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან. გახარია ალბათ შეცვლის სურათს ამ არჩევნებზე, და იმაზე კარგ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა.

 

არ ვიცი, იმ შეცდომების შემდეგ რაც დაუშვა ხელისუფლებამ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ხელისუფლება 43 % ის მიღებას. ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ არ ითვალისწინებს არავის და არაფერს, მათ შორის დასავლეთს. რეალურად მათ ჰყავდათ ორი მხარდამჭერი – დასავლეთი და მედია.

 

არც დასავლეთი დიდად არ იკლავდა თავს ხელისუფლების კრიტიკით და არც მედია იყო აგრესიულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც მოახერხა და ორივე მხარესთან დააზიანა თავისი ურთიერთობები თუ დასავლეთის გაღიზიანების გამო, შეიძლება დაფინანსება ვერ მიიღონ და როგორღაც გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან, მედიის გაღიზიანება განსაკუთრებით მტკივნეული იქნება მათთვის. მედია თუ სწორად იმუშავებს ცხოვრებას გაუმწარებს ხელისუფლებას.

 

 

–  დღეს ოცნება წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატს – კახი კალაძეს. მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ როგორია მოახლოვებულ არჩევნებში ოცნების და ოპოზიციის შანსები?

 

 

–  ამ სიტუაციაში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა ახალი პოლიტიკური ფიგურის და კანდიდატის შექმნის რესურსი, ამიტომაც იყო დაჟინებული მოთხოვნა კახი კალაძე ყოფილიყო მათი კანდიდატი. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე კახი კალაძეს კონკურენტი არ ყავს.

 

იმ პრობლემების მიუხედავად, რაც არის დედაქალაქში, კახი კალაძე მაინც საკმაოდ პოპულარულია. მოსახლეობას თვალში ხვდება და მოსწონს გაკეთებული სკვერი, ქუჩა, იმას კი აღარ უყურებს არავინ, რომ ძალიან ბევრი ფული იხარჯება აბსოლუტურად გაუაზრებლად, თუნდაც იგივე გამწვანებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ბევრი პრობლემის მიუხედავად, კახი კალაძე მაინც ძლიერი კანდიდატურაა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ის მომხიბვლელია თავისი ცნობადობით, წარსულით, რომელიც ფეხბურთთან არის დაკავშირებული და ა.შ. კახი კალაძის სუსტი მხარეა მისი გაუაზრებელი გამოხტომები და  უხეში შეფასებები ტელევიზიით და სოციალური ქსელებით, რაც აღიაზიანებს ამომრჩეველს მოპირისპირე ბანაკიდან, მაგრამ მოწონს მის ამომრჩეველს, რადგან ქართველებს გულის მოფხანვა ყველაზე ძალიან გვიყვარს.

 

 

რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნებზე ბლოკები გამორიცხულია და ყველა პარტია გადის თავისი ძალებით, ეს ხელს უშლის საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბებას და გაერთიანებას.

ჩემი აზრით, შესაძლოა რამდენიმე პარტია შეთანხმდეს ამა თუ იმ კანდიდატის გარშემო, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გარშემო, მაგრამ ამას ყველა პარტია არ მიიღებს, შესაბამისად ყველა გავა თავისი ძალებით.

ჩემი ინფორმაციით, ნიკა მელია დასახელდება მერის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა, ოპოზიციის შანსებს ამ მოცემულობაში და მთლიანად ამ პროცესს ოპტიმიზმით ვერ ვუყურებ.

 

 

ავტორი: ნანა ჩხაიძე

 

ავტორი: Prime Time


X