13:56 | 2020-04-05 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„გვეუბნებიან გული გვაწუხებსო და ადგილზე სიცხიანი და კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი გვხვდება“ – „სასწრაფოს“ ექიმი

„გვეუბნებიან გული გვაწუხებსო და ადგილზე სიცხიანი და კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი გვხვდება“ – „სასწრაფოს“ ექიმი

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები სრულად ვართ ჩართული ყველა პოზიციაზე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და წინა ხაზზე ვართ. ჩვენი ბრიგადები დგანან მკაცრი კარანტინის საზღვრებთან, რაც ძალიან დიდი რისკია“. – თქვა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა უფროსმა ექიმმა, მაია ქურდაძემ.

 

„პირველები მივდივართ იმ პაციენტებთან, ვისაც ვირუსული ჩივილები აქვთ, მაგრამ ჩვენ ასეთ დროს თავს დაცულად ვგრძნობთ, რადგან გვაქვს სპეცეკიპირება, რომელიც გახლავთ ერთჯერადი და რომელსაც ვიყენებთ სწორედ ასეთ პაციენტთან მისვლის დროს.

 

ყველა ექიმმა გავიარეთ სპეციალური ტრენინგი, როგორ უნდა ჩავიცვათ და გავიხადოთ სპეცეკიპირება, რადგან არასწორად მოქცევის შემთხვევაში თვითდასნებოვნების დიდი რისკია. გამოყენებულ სპეცეკიპირებას ვათავსებთ შესაბამის კონტეინერში და შემდეგ ეს მიაქვთ გასაუვნებლად. ასევე, როდესაც გადაგვყავს ისეთი პაციენტი, რომელსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, შემდგომში სასწრაფო დახმარების მანქანას უტარდება სრული დეზინფექცია. ასეთი სპეცეკიპირებით პაციენტთან მივდივართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც 112-ის ოპერატორი გადმოგვცემს, რომ პაციენტს აღენიშნება ცხელება, სიცხე, ხველა და სხვა ვირუსული ჩივილები.

 

თავდაპირველად 112-ის საოპერატოროს ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დაემატა საგანგებო კითხვარი, რომელიც მოიცავს კითხვებს: მოგზაურობდა თუ არა უცხოეთში, ჰქონდა თუ არა შეხება უცხოეთში ნამოგზაურებ პირთან და ა.შ. თავიდან ეს პროტოკოლი კარგად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დაიწყო შიდა გადაცემა, დაემატა ის, რომ ჩვენ თვითონ, ექიმებს გვაქვს უფლება, მისამართზე მისვლამდე გვქონდეს კომუნიკაცია პაციენტთან და შევაგროვოთ ინფორმაცია. დამატებით გამოვიკითხავთ ხოლმე ანამნეზურ მონაცემებს და ვცდილობთ, ჩავეძიოთ კონტაქტების შესახებ – კლინიკურ ანამნეზთან ერთად ეპიდანამნეზსაც დაწვრილებით ვეკითხებით.

 

ასეთი ღრმა ჩაძიებისა და მუშაობის პროცესში ხდება ისე, რომ ზოგიერთი პაციენტი მალავს როგორც უცხოეთიდან შემოსულ ან დაავადებულ პირთან კონტაქტს და თავისი მოგზაურობის ისტორიასაც. ამის გამოსავლენად გვჭირდება საკმაოდ დიდი ძალისხმევა.

 

მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა სადისპეტჩეროში შემოვიდა ზარი, რომ პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. რამდენიმე დღით ადრე ის მისულა ოჯახის ექიმთან, რომელთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, ანამნეზის შეკრება, გასინჯვა და ა.შ. და ექიმს დაუმალა, რომ ჰქონდა კონტაქტი კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანთან. ექიმმა გადაამისამართა სხვა ექიმთან, მისი ტერიტორიული ერთეულის შესაბამის პოლიკლინიკაში, რენტგენოლოგიური კვლევისთვის. პაციენტმა მეორე ექიმთანაც დამალა დაავადებულთან კონტაქტი. ოჯახის ექიმმა გამოიკვლია პაციენტი, დაუდგინა ორმხრივი პნევმონია, დარეკა 112-ზე და მიაწოდა ინფორმაცია. პოლიკლინკაში პაციენტის ვირუსზე შემოწმება რა თქმა უნდა, არ მომხდარა, რადგან ეს მათ ფუნქციაში არ შედის.

 

ამასობაში ეს პაციენტი არ გაჩერდა პოლიკლინიკაში, წავიდა სახლში თავისით და გამოგვიძახა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ პაციენტს ვირუსული ნიშნები ჰქონდა, სპეცეკიპირებით წავედით მისამართზე და გადავიყვანეთ შესაბამის კლინიკაში. ამ პაციენტს კორონა ვირუსი დაუდგინდა, მისი ქმედების გამო კი ოჯახის ექიმი და პოლიკლინიკის ექიმი გადაყვანილი არიან იზოლაციაში. კიდევ რამდენი ადამიანის დავირუსება შეეძლო, სანამ ის პოლიკლინიკებს მოივლიდა და შინ მივიდოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? მისი ყველა კონტაქტი დაადგინეს ეპიდემიოლოგებმა, რომელიც არც თუ ისე ცოტაა და შესაბამისი ზომებიც მიიღეს, მაგრამ ეს ხომ რესურსის ზედმეტი ხარჯვაა?

 

პირველივე ექიმისთვის რომ გულახდილად ეთქვა, – დაავადებულთან მქონდა კონტაქტიო, ამდენი სამსახურის ჩართულობა არ იქნებოდა საჭირო და არც ამდენ ადამიანს დააყენებდა საფრთხის ქვეშ.

 

იყო ასევე შემთხვევა, როდესაც პაციენტმა დარეკა 112-ზე და თქვა, რომ აქვს დაბალი წნევა. ჩვენ, ექიმებს გვაქვს ერთგვარი ინტუიციაც და დავრეკე მასთან, დავიწყე ანამნეზის შეკრება, არ მოვეშვი და ბოლომდე რომ ჩავეძიე, ტირილით მომიყვა მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რომელიც 112-ის ოპერატორს დაუმალა, როდესაც იმავე კითხვებზე უპასუხა, რაც მე დავუსვი. რომ არ ჩავძიებოდი, რა თქმა უნდა, დაბალწნევიან პაციენტთან მისასვლელად არ ჩავიცვამდით მთელი ბრიგადა სპეცეკიპირებას და საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებოდით.

 

მინდა ვუთხრა ყველას, რომ დაავადება სტიგმა არ არის და სირცხვილი არ არის, თუ დაინფიცირდით. გულახდილად თქვით თქვენი მოგზაურობისა თუ ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ, როდესაც რეკავთ 112-ში ან მიდიხართ ექიმთან.

დაავადებისა თუ მისი სიმპტომების დამალვით, პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ ზიანს, რადგან არ ხდება დაავადების დროული გამოვლენა და შესაბამისად – მკურნალობაც. შემდეგ აყენებთ საფრთხის ქვეშ ოჯახის წევრებს, მედპერსონალს.

 

ჩვენ, სასწრაფოს ექიმები 24 სათის განმავლობაში ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე. არ არსებობს გამოძახება, რომელიც უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე დარჩება, მაგრამ ექიმებიც ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და შესაძლოა, ჩვენც დავავადდეთ, თუ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას.

 

ყველანაირი ტექნიკური საშუალება გვაქვს, რომ ვიყოთ დაცული, როდესაც დაინფიცირებულ ადამიანთან მივდივართ. მთავარია, პაციენტმა არ დამალოს ჩივილები და 112-ის ოპერატორს არ უთხრას, გული მაწუხებსო, როდესაც ადგილზე მისულებს სიცხიანი და ვირუსის სიმპტომებით გვხვდება. თუ პაციენტი ინფექციური დაავადების სიმპტომებით არ გვიძახებს, არ ვიცვამთ სპეცეკიპირებას და შესაძლებელია, მოხდეს ჩვენი დაინფიცირება.

 

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მოსახლეობასთან: ნუ ჩაგვიყრიან წყალში ამდენ შრომას. მთავრობა მართლა ძალიან ბევრს აკეთებს. ამ ვირუსთან ბრძოლაში ჩართულია სხვადასხვა სტრუქტურისგან შექმნილი ერთიანი ჯაჭვი და ეს ჯაჭვი მუშაობს აწყობილად – მთავრობა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმები, ლუგარის ლბორატორია, ეპიდემიოლოგები და სხვა. ერთი თვალიც რომ ჩაიშალოს ამ ჯაჭვში, ყველაფერი გაჩერდება. ამიტომ, პაციენტი უნდა ჩაებას ამ ჯაჭვში, როგორც ერთ-ერთი რგოლი და ხელი შეუწყოს ვირუსთან ბრძოლას. დააფასონ ჩვენი მათდამი დამოკიდებულება, მათდამი სიყვარული და შეგვიწყონ ხელი. ბევრს არაფერს ვითხოვთ: გულახდილად გვითხრან, რა ანამნეზით გვიძახებენ.

 

ხომ არის ბევრი მაგალითი, რომ უცხოეთში ასობით ექიმია დაინფიცირებული. საქართველოში ასე რომ მოხდეს, რესურსიც არ გვეყოფა, რომ დაავადებულებს ვუმკურნალოთ და ავარიდოთ საფრთხეები. რაც მეტი დაინფიცირებული ექიმი თუ ექთანი გამოეთიშება საქმეს, მით უფრო მოაკლდება რესურსი ქვეყანას.

 

ხომ უნდათ პაციენტებს, რომ ჯანმრთელები დავრჩეთ და ისე გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ამიტომ ნუ დამალავენ ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს. ნუ ეგონებათ, რომ თუ 112-ს ეტყვიან, სიცხე და ხველა აქვს, არ მივალთ და უყურადღებოდ დავტოვებთ. ყველასთან მივალთ, ყველას გავუწევთ დახმარებას, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, როგორ მივიდეთ, რომ დაცულები ვიყოთ. ჩვენი დაცულობა საზოგადოების დაცულობას ნიშნავს.

 

ხომ იცით, რომ თბილისში სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა. ეს არ იყო პაციენტისგან გადადების შემთხვევა, ოჯახის წევრიდან გადაედო, მაგრამ იმ ქვესადგურიდან 30 ექიმი გადაიყვანეს იზოლაციაში და 30 პროფესიონალი გამოაკლდა ამ ომს, ვირუსის წინააღმდეგ. ის უბანი, რა თქმა უნდა, არ დარჩება სასწრაფო დახმარების ბრიგადების გარეშე, სხვა ქვესადგურებიდან გადაანაწილებენ ექიმებს, მაგრამ სხვა უბნებს მოაკლდებათ. 30 ექიმის შინ გამოკეტვა სახუმარო საქმე არ გახლავთ, როცა მათი პროფესიონალიზმი ასე სჭირდება ქვეყანას.

 

იმედია, იმ 30 ექიმიდან არც ერთი დაინფიცირებული არ იქნება, მაგრამ 2 კვირით მოწყდნენ ცხელ წერტილს.

 

ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და გავითვალისწინოთ „ჯანმოს“ რეკომენდაციები.

 

იმისათვის, რომ ეს ომი მოვიგოთ, საჭიროა, ადამიანები დარჩნენ სახლში, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და მე დავამატებდი – პაციენტებმა 112-ს ზუსტად გადმოსცენ თავისი ეპიდ და კლინიკური ანამნეზი.

 

ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას“ , ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი სასწრაფოს ექიმმა.

 

 

„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან
2020-04-04„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X