fbpx
17:36 | 2020-08-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„გუშინდელმა სიონის კადრებმა ერთი ანალოგიური შემთხვევა გამახსენა 90-იანი წლებიდან“ – რა შემთხვევას იხსენებს დეკანოზი თამაზ ლომიძე

„გუშინდელმა სიონის კადრებმა ერთი ანალოგიური შემთხვევა გამახსენა 90-იანი წლებიდან“ – რა შემთხვევას იხსენებს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ქალაქ მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზ თამაზ ლომიძე სიონში მარიამობის დღესასწაულის შემდეგ მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

 

„გუშინდელმა სიონის კადრებმა ერთი ანალოგიური შემთხვევა გამახსენა 90-იანი წლებიდან. რომელიღაც დიდი დღესასწაული იყო სიონში. გაჭირვებაა ისეთი ქვეყანაში, მხოლოდ იმ დღის სარჩოზე რომ ფიქრობს კაცი.

 

სიონის სტიქაროსნებს დაგვავალა პატრიარქმა, ტომრებიდან შაქრის ფხვნილი გადაგვეყარა 2-2 კილოდ ცელოფნის პარკებში და წირვის შემდეგ დაგვერიგებინა მრევლისთვის სიონის ეზოში. შეიძლება ახლა ვინმე იმ სტიქაროსნებიდან კითხულობს ამას და დამიდასტურებს, რომ ასე იყო. მოვამზადეთ შაქრის პარკები, დაველოდეთ წირვის დამთავრებას, დავიწყეთ სატვირთო მანქანიდან ამ პარკების დარიგება და ცოტა ხანში იძულებულნი გავხდით შეგვეწყვიტა დარიგება, დაგვეკეტა მანქანა და გავცლოდით იქაურობას. რატომ? წარმოუდგენელი რამ დატრიალდა იქ;

 

შაქარი ძალიან ბევრი იყო მომზადებული. აბსოლუტურად ყველას ეყოფოდა, მაგრამ, ხალხი გაგიჟებული და გამხეცებული უბრალოდ არ აცლიდა ერთმანეთს პარკების გამორთმევას. ერთი რომ მოკიდებდა ხელს, იმწუთას მეორე და მესამეც სტაცებდა ხოლმე ხელს და გლეჯდნენ პარკებს. შაქარს ძირს ყრიდნენ, ფეხით თელავდნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ წაღებას. ჩვენ მთელი ხმით ვყვიროდით, რომ საკმარისი გვაქვს, ყველას ეყოფა დღის ბოლომდეც რომ მიგვიწიოს აქ ყოფნაო, მაგრამ აღარაფერი ეყურებოდათ, ერთი სული ჰქონდათ იმ შაქრის პარკისთვის ეტაცათ ხელი და გამოეგლიჯათ ხელიდან.

 

ეს იყო საზარელი და უსაზღვროდ სამწუხარო სანახავი თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და დაბრმავდეს და დაყრუვდეს საღი აზრისთვის. ახლა ბევრი მეტყვის:

 

ეჰ, უჭირს მამაო ხალხს და რა ქნასო. მართალია, უჭირს, მაგრამ უფრო არ გაუჭირდებოდათ ახლა იმათ, გაშმაგებულებმა, ერთმანეთის ქიშპით ხელში რომ დაგვაგლიჯეს ის პარკები და საბოლოოდ ვერაფერი წაიღეს სახლში? რაც არ უნდა გვიჭირდეს, არ უნდა გადავაბიჯოთ ადამიანური ღირსების ზღვარს, თორემ ვეღარასოდეს ამოვალთ გაჭირვებიდან. სწორედ ჩვენს უღირსებას იყენებს შინაური თუ გარეული ბიროტისმსურველი საკუთარი მიზნის მისაღწევად.

 

გუშინ სიონში, გალობის ფონზე მაგიდებს მისეული ხალხის კადრები რომ ვნახე, იგივე მწუხარება დამეუფლა“, – წერს დეკანოზი.

 

 

😔 სიონში მარიამობის წირვის შემდეგ

😔 სიონში მარიამობის წირვის შემდეგვიდეო: ვანო გორგიშვილი

Posted by Prime Time on პარასკევი, 28 აგვისტო, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X