22:25 | 2021-07-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“გუშინ ვიჯექი და ჩემთვის ვტიროდი… ვტიროდი იმის გამოც, რომ ვერ გამოვემშვიდობები” – ქართული როკის ლეგენდა კორონავირუსმა იმსხვერპლა

“გუშინ ვიჯექი და ჩემთვის ვტიროდი… ვტიროდი იმის გამოც, რომ ვერ გამოვემშვიდობები” – ქართული როკის ლეგენდა კორონავირუსმა იმსხვერპლა

ქართული როკის ლეგენდის, მამუკა ჩიხლაძის მოულოდნელი გარდაცვალება, ამ ჟანრის მიმდევრებისთვის და (არა მხოლოდ მათთვის) ძალზედ მტკივნეულია.

 

61 წლის გიტარისტს კვირას მუსიკოსები რეპეტიციაზე ელოდებოდნენ. თუმცა უცაბედად პოსტკოვიდური მდგომარეობა შეიცვალა, მუსიკოსი დამძიმდა და საბოლოოდ ის ფილტვის უკამრისობით გარდაიცვალა.

 

ისევე როგორც, არაერთი ხელოვანი ჩვენთან, ლეგენდარული “მძიმე ჯვრის” გიტარისტიც, კოვიდმა იმსხვერპლა. პროფესიონალი და გიტარაზე არამიწერად შეყვარებული როკერი ბოლომდე რეპეტიციობდა. გამოდის, რომ ვერც ამგვარად ამაღლებულ განწყობას შეუძლია ამ ვერაგ სენთან ბრძოლა და მისი უკუგდება.

 

მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე მამუკასთან “მძიმე ჯვარმა” დააახლოვა. წუხს და განიცდის, რომ არსებული მდგომარეობის გამო, ძველ მეგობარს უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებს.

 

 

გოჩა ჭაბუკაიძე: – ბოლოს ოთხიოდე წლის წინ ვნახე, რესტორან “კრუიზში”. კომერციულ საღამოზე იყო. მას შემდეგ ვირტუალური კონტაქტი გვქონდა.

 

ძალიან დამწყვიტა გული. ფაქტობრივად, მთელი ჩემი ახალგაზრდობა მას უკავშირდება. ოჯახებით ახლოს ვიყავით. “მძიმე ჯვრის” დაშლის შემდეგ ჩვენი გზებიც გაიყო.

 

მოსიყვარულე და მართალი კაცი იყო. შენს პრობლემას გაიზიარებდა. ყოველთვის უყვარდა ადამიანის გვერდით დგომა.

 

იყო ბობოქარი და მეამბოხე. იყო სამართლიანი… თავის საქმეს ისე გააკეთებდა, რომ ამით არავინ დაზიანებულიყო.

 

 

მეგობრული პიროვნება იყო. შევხვდეთო, სულ მეუბნებოდა. ამ პანდემიურ დროებაში ვერ შევხვდით. გული მწყდება, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა.

 

ჩემს კომპოზიციას ასრულებდა გიტარით და ვიდეორგოლიც გადაიღო. სამწუხაროდ, ვერ აღმოვაჩინე ეს ნამუშევარი.

 

რა ვთქვა, მისი უეცარი წასვლა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა.

 

უკანსკნელ გზაზე ვერ ვაცილებ. ვერიდები გარეთ გასვლას. ფილტვების ანთება გადავიტანე, მაღალი სიცხეები მქონდა. ამიტომ ვფრთხილობ.

 

გუშინ ვიჯექი და ჩემთვის ვტიროდი… ვტიროდი იმის გამოც, რომ ვერ გამოვემშვიდობები და უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილებ.

 

 

პანდემიის დროს გადაცემა “სალონისთვის” მიცემული ინტერვიუს ამონარიდს გთავაზობთ.

 

მამუკა ჩიხლაძე: – მუსიკოსები დაკვრით მაინც რაღაცას ვაკეთებდით. ბიუჯეტს ვერა, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვპოულობდით. პანდემიის დროს, ამასაც ვერ ვახერხებთ.

 

თუმცა მაინც შემართებით ვარ და ვიცი, რომ ისევ კარგად გავაგრძელებთ.

 

სპორტსმენი ვიყავი, ლეგენდარული ვიქტორ სანევის მოსწავლე გახლდით. ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი, ბენდი “კონტური” შევკარით და ვუკრავდით.

 

ევგენი მაჭავარიანის ხელმძღვანელობით ბევრ რამეს მივაღწიეთ.

 

როკი აკრძალული იყო, ამიტომ ეს რომ გაგვემართლებინა, რუსულად ვმღეროდით. პოლიტიკური მიმართვები და მოწოდებები ჩავდეთ და ამით გაგვქონდა თავი. იმ გაქანებული კომუნიზმში ევგენის დამსახურებით ვაგრძელებდით და გამოვდიოდით.

 

“მძიმე ჯვარი” რომ აღდგა, 1988 წელს, “კონტურიდან” ორნი ვიყავით, მე და ბასისტი. მერე ბასგიტარისტი ვალერი გურგენიძე დავიმატეთ.

 

პირველ თაობაში თბილისელი მე ვიყავი, დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა კუთხებიდან იყვნენ.

 

კლავიშზე გვყავდა რუსთაველი გოჩა ჭაბუკაიძე, ვოკალზე სენაკელი თემურ ბოჯგუა, ბასისტი ბათუმელი ვალერი გურგენიძე იყო, დრამერი – სოხუმელი შოთა სამუშია.

 

 

“ივერიას” ახალ თაობასთან ერთად საქართველოს გარშემო გვქონდა გასტროლები.

 

შემდეგ ბლუზს დავეუფლე. და 1996 წელს “მძიმე ჯვარის” მეორე თაობა შეიკრიბა – ლევან კაპანაძე, ლევან ბეიტრიშვილი, გოგა იორამაშვილი, დათო ზიმზიბაძე.

 

ჩავწერეთ ალბომები, მძიმე მეტალშიც ვუკრავდით. “ფენიქსი” იყო ერთი ალბომი.

 

მერე დავბერდით თუ დაკარგეს ჩვენდამი ინტერესი… და გავჩერდით.

 

ომიანიბის დროს ჩვენთვის არავის ეცხელა. ჩვენ შუაღამემდე ვისხედით კლუბებში და ჩვენთვის ვმუშაობდით. ლავაში, მარილი და წყალი… ამაზე ვქმნიდით როკს.

 

 

ზვიადის დროს ყველა ჯგუფი გაჩერდა. ჩვენ ვაგრძელებდით. ლესელიძის და ძველი მერიის კუთხეში, სარდაფში, როკმენების თავშეყრის ადგილი იყო, კლუბი და იქ ვატარებდით კონცერტებს. ყველამ იცოდა, რომ შაბათ-კვირას იქ იყო კონცერტი. ტანკები დარბოდა რუსთაველის გამზირზე. სხვა წასასვლელი არსად იყო. ამიტომ მოდიოდნენ და გვისმენდნენ. “მძიმე ჯვარი” არ გაჩერებულა, როკი აქამდე მოვიტანეთ.

 

 

როკი პროტესტია. ჩვენც ვუკრავდით “ივერიის” წინ. სიტყვებით გამოვთქვამდით იმ ტკივილს, რაც ახალგაზრდობას სურდა რომ გაეკეთებინა.

 

ბავშვებს სულ ვეხმარებოდი. გიტარის სკოლა მაქვს.

 

როკი ცხოვრების მიმართულების ის ჟანრია, როკმენულად რომ უნდა გეცხოვრა. ჩემი ოჯახის ბიუჯეტი კი დღეს, ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაზე დგას, რომელიც 35 წელს მოიცავს.

 

ბავშვებს გადავცემ იმას, რაც ფასეულია. მე მასწავლებელი არ მყოლია. მე ხომ სპორტსმენი, მძლეოსანი, მორბენალი ვიყავი. შეკრებებზე რუსებს, ღამით, დაჰქონდათ აკუსტიკური გიტარები. უკრავდნენ და დიდი მოწონებით სარგებლობდნენ.

 

2021-07-19"არ მიმატოვო, მამა, გთხოვ..." - მალხაზ ქვრივიშვილის 9 წლის ვაჟმა ყველა ატირა

 

ღამით მივიდოდი მათთან, აბა, თითები დამადებინე სიმებზე-მეთქი და დამადებინებდა, ახლა შენ დაწექი-მეთქი, ვეტყოდი და მე დილამდე ვუკრავდი, სანამ სისხლები არ წამომივიდოდა თითებიდან.

 

ასეთი “ჟილკა” მქონდა და ვისწავლე. დღესაც ისეთივე ენთუზიაზმი მაქვს, როგორც დასაწყისში მქონდა.

 

ბოლო ათი წელია ბარში ვუკრავ. იქ მუშაობამ ყველა ჟანრი შემაყვარა.

 

ყველა ნოტს უნდა მოეფერო. ყველა ნოტი სულით რაღაცას ამბობს…

 

ბედნიერი ვარ, რომ ინსტრუმენტთან მაქვს კონტაქტი.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X