22:12 | 2020-06-27 ავტორი: Prime Time

გურული მაიორი ქალი კალიფორნიაში, რომელსაც ავტომობილის ნომრებით ცნობენ

გურული მაიორი ქალი კალიფორნიაში, რომელსაც ავტომობილის ნომრებით ცნობენ

2010 წელს პოლიციის მაიორი რიმა ასკურავა, რომელიც მაშინ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო, იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო და დღეს აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს.

 

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დაბადებული და გაზრდილი რიმა დღეს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა კლარაში ცხოვრობს და ატარებს მანქანას, რომელსაც სერია აქვს ,,გურული”. ამით ცდილობს, თავისი გურულობა სხვებსაც „გადასდოს“.

 

აშშ-ში გამგზავრება

 

„2010 წელს იძულებული გავხდი წავსულიყავი. წინა ხელისუფლებამ აურია ძაან. მიშამ ძალიან ბევრი მოინდომა. პოლიციის მაიორი ვარ, ერთ-ერთ განყოფილებას ვედექი სათავეში.

 

დეტალებს ვერ მოვყვები თუ რა მოხდა, იძულებული გავხდი წავსულიყავი და წავედი. არადა, საკმაოდ წარმატებული სამსახური მქონდა, 2005 წელს გამოვეცი წიგნი, რომელსაც დღესაც ასწავლიან პოლიციის აკადემიაში.

 

დღეს შტატებში ვცხოვრობ პოლიტიკური დევნილის სტატუსით ჩემს ოჯახთან ერთად. სტატუსი მხოლოდ მე მაქვს, მაგრამ ვინაიდან მეუღლე და შვილი ჩემი ოჯახის წევრები არიან, ამიტომ ისინი ავტომატურად ექვემდებარებიან ამ სტატუსს“

 

ცხოვრება კალიფორნიაში

 

„რთული იყო აქ დამკვიდრება, მაგრამ ბევრი მუშაობით ყველაფერს შეძლებ ადამიანი. ძიძად ვმუშაობდი თავიდან. ჩემს აქაურ ცხოვრებას ვუწოდებ – ძიძობიდან სასამართლო ექსპერტობამდე.

ამჟამად ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში, ჯერ ასისტენტი ვარ“.

 

ავტომობილი სერიით „გურული“ 

 

„2012 წლის ნოემბერი იყო, ჩემი დაბადების დღე. ყოველთვის მინდოდა მანქანა მყოლოდა, თან სერიით „გურული“. აქ ნებისმიერი წარწერის გაკეთებაა შესაძლებელი და მეუღლემ მაჩუქა დაბადების დღეზე.

 

მას შემდეგ 4 მანქანა გამოვიცვალე, მაგრამ წარწერა არ შეცვლილა: „კალიფორნია, გურული, ჯეორჯია“. ძალიან მიყვარს ეს სერია და სანამ აქ ვიქნები, არ გამოვცვლი. სანტა კლარას ქუჩებში უკვე ცნობენ ჩემს მანქანას, მათთვის უცნაური სერიით.

 

მონატრება

 

„ოო, ყველაფერი მენატრება. ყველაზე ძალიან მამა, ჰაერი, ბევრი ჰაერი და ციცინათელებით მოჭედილი ჩემი ეზო… ბავშვობის მეგობრები.

 

ამდენი წელი ფეხი რომ არ დაგიდგამს მაგ დალოცვილ მიწაზე. საყვარელი ადამიანების საფლავი რომ გელოდება და ვერ მიდიხარ. უკვე 9 აღდგომამ გაიარა, რაც დედიკოს და ძმის საფლავზე არ ვყოფილვარ“.

 

დაბრუნება 

 

 

„დავბრუნდები, ალბათ მაშინ, როდესაც პენსიაში გავალ, აუცილებლად დავბრუნდები. ისე, სტუმრად ჩამოვალ ხოლმე. საქართველოში ჩემი წიგნით პოლიციის აკადემიაში ასწავლიან, მე კი აქ პოლიტიკური დევნილით სტატუსით ვცხოვრობ.

 

თუმცა, აქაც მინდა თავი დავიმკვიდრო ბოლომდე. უკვე შესაბამისი სერთიფიკატიც გადმომეცა და მალე ალბათ, ასისტენტობიდან სასამართლო ექსპერტობამდეც მივალ“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X