21:35 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

„გურული დონკიხოტი“- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავს

„გურული დონკიხოტი“- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავს

ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში მონაწილეობდა.

 

ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ტყის უკანონო გაჩეხვა, ქარსაცავი ზოლის განადგურება დ კიდევ უამრავი უკანონობის დროს, ყველამ იცის რომ აქტივისტი ქალი, ადგილზე გაჩნდება და დაუპირისპირდება ყველას, ვინც გარემოს რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს.

 

თუმცა ძლიერი, შეუპოვარი ქალის უკან, მგრძნობიარე და რთულცხოვრებაგამოვლილი ადამიანია, რომელიც არ გატყდა და არ დანებდა. მარტოხელა დედა, 17 წლის გოგონასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას, ყველა გამოწვევას ხვდება მხნედ და ოცნებობს ისეთ სიბერეზე, როდესაც შვილიშვილებს, თავის გაკეთებულ საქმეებზე მოუყვება.

 

„მდედრობითი სქესის დონკიხოტი, ქალი რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის“- ასე აფასებს საკუთარ ცხოვრებას აქტივისტი ქალი გურიიდან, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.

 

აქტივიზმი როგორ შემოვიდა შენ ცხოვრებაში, რამ გიბიძგა რომ ბუნების დამცველად ჩამოყალიბებულიყავი?

 

სკოლიდანვე ვიყავი გამორჩეულად აქტიური, თუ სოფელს რამე პრობლემა ჰქონდა იქაც ვიყავი ჩართული, ყოველთვის მქონდა პროტესტის გრძნობა ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურადაც ძლიერი ვიყავი და ვარ, მაქვს შემტევი და მებრძოლი ხასიათი, რომელსაც სხვებიც აღიარებენ, ამის გამო ყოველთვის ვიყავი ჩართული აქტიურ პრობლემებში რაც გარშემო ხდებოდა.

 

 

წლების მანძილზე ვასწავლი ისტორიას, ბოლო წლებში დაგვემატა ახალი საგანი, სამოქალაქო განათლება, აღმოვჩნდით ჩართული სხვადასხვა პროექტებში და აქტივობებში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად.ერთ დღეს მივედი იმ დასკვნამდე, რომ შენ თვითონ თუ არ იყავი აქტიური და შენ თუ არ მიეცი მაგალითი შენს მოსწავლეებს, გამოდის რომ ზედაპირულად ასწავლი. ხოლო აქტიურობის პიკში მაშინ აღმოვჩნდი, როდესაც, ჩემს სოფელში, უნიკალურ აჭის ხეობაში შემოვიდა კარიერული წარმოებისთვის ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია, იყო მცდელობა მდინარის ხეობის აოხრების და ჩემს სოფელთან ერთად დავდექი ამ ვანდალიზმის წინააღმდეგ და შევყევი და შევყევი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ აქტივობაში და მივხვდი, როდესაც ყველაფერი მიჩუმდა და მიწყნარდა, ამ ეტაპზე გაჩერება არ შეიძლებოდა.

 

ჩემი კირკიტა ბუნებიდან გამომდინარე, დამრჩა ძალიან ბევრი კითხვები, ეჭვები და სანამ ამას არ მოვფენდი ნათელს, ვერ გავჩერდებოდი. დავუკავშირდი იმ ადმიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი რომ ჩართულიყვნენ გარემოს დაცვის საქმიანობაში. ასე დავიწყეთ სამოქალაქო მოძრაობა – „გადავარჩინოთ გურიის მდინაეები.“ შევიკრიბეთ გუნდი, და დღემდე ვიკვლევთ, თუ რა ხდება გურიის მდინარეებზე. იყო პერიოდი, ელემენტარულად საწვავი რომ გვეყიდა გადასაადგილებლად, მაგის საშუალებაც არ გვქონდა. საჭირო იყო ექსპერტების და იურისტების ჩართვა. ამ დროს გამოჩნდა ენდიაი, რომელსაც არაჩვეულებრივი გრანტები ქონდა. მათ მოეწონათ ჩვენი ერთწლიანი საქმიანობა და ჩამოვყალიბდით ორგანიზაციად, გარემოსდაცვის სათემო ორგანიზაცია „ეკო“ და პირველი გრანტი მივიღეთ, ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად და დაიწყო და დაიწყო. ..

 

არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მდინარეების დაცვით, ეს ეხება ტყის მასივს, ქარსაცავ ზოლს და სხვა ვანდალურ ფაქტებს. ვწერთ კვლევებს, ვახორციელებთ უამრავ აქტივობებს, სოფლები მოვიარეთ სადაც მსგავსი პრობლემები იყო.მოვახდინეთ მოქალაქეების გააქტიურება. თითქმის ყველა სოფელში გვყავს აქტივისტთა გუნდი. ორი სასამართლო სარჩელი გვაქვს უკვე, ვცდილობთ შესაბამის გარემოსდაცვითი ორგანოების, როგორიცაა წიაღის სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტრო დეპარტამენტები ვაიძულებთ რომ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.იმ სახით წიაღის მოპოვებ რაც ხდება საქართველოში, კრიმინალი და გამოუსწორებელი დანაშაულია. ჩვენ ვიბრძვით მწვანე გარემოს გამოსასწორებლად.

 

მაგრამ თქვენი ძირითადი პროფესია, ხომ პედაგოგობაა…

ჩემი ძირითადი საქმე არის მასწავლებლობა. როდესაც ვსწავლობ და ვასწავლი. უდიდესი ბედნიერებაა როდესაც შენ ასწავლი შენი ქვეყნის ისტორიას, ასევე მსოფლიოს ისტორიას და უღვიძებ მათ პატრიოტიზმის ძარღვს. მინდა რომ მამების და დედების თაობაზე უკეთესი იყვნენ მათი შვილები, უფრო აქტიური მოქალაქეები, შეგნებულები და მინდა ბავშვებმა იცოდნე, რომ შენი სამშობლო, არაა მხოლოდ შენი შემოღობილი ადგილი, შენი სამშობლო იწყება შენი შემოღობილის იქეთ.

 

 

ყველაფერს უნდა გაფრთხილება, ესაა მდგრადი განვითარების მთავარი პრინციპი. ჩემი შვილი ხშირად მსაყვედურობს რომ მომკლა შენმა აქტივიზმმა, მეც მომაქციე ყურადღებაო.მართალია ყურადღება შეიძლება მივაკელი ჩემს შვილს, მაგრამ იმედია გამიგებს, იმიტომ რომ კარგი გაგებით მოწამლული ვარ ამ საქმით და გაჩერება არ შემიძლია. მაქვს დიდი გეგმები.ყველაზე მთავარია, თვითონ ახალგაზრდები ჩავრთო, შევქმნა მწვანე თემები, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. გურიის თითოეულ სოფელში შეიქმნება ახალგაზრდული ფრთა, მწვანე თემები, რომლებიც იქნებიან დატრენინგებული, ინფორმირებული და თავიანთ თემში მოაგვარებენ გარემოს და ბუნების პრობლემებს.

 

მარტოხელა დედა ხარ, რა არის ყველაზე რთული მარტოობაში?

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ძალიან ცუდია როდესაც ოჯახები ინგრევა და ამ ყველაფერს ყველაზე მეტად განიცდიან ბავშვები. მაქსიმალურად ვეცადე, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულო ყოფილიყო ეს ჩემი შვილისთვის. არ ვიცი რამდენად გამომივიდა. მე იმ კატეგორიას განვეკუთვნები, ვისაც ნებისმიერი მარცხი და ფეხის წამოკვრა, უფრო აძლიერებს. ამ ცხოვრებისეული მარცხის შემდეგ მე გადავწყვიტე, როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე არ ვიყავი ისეთი ადამიანი, რომ ასე მომქცეოდნენ. არ დავიბოღმე, არ გავბოროტდი, ხელი არ ჩავიქნიე, პირიქით გავხდი უფრო მოსიყვარულე, უფრო თბილი, უფრო მზრუნველი, ყველას ყველაფერი ვაპატიე, იმიტომ რომ ერთხელ ვართ ამ ქვეყანაზე და ვფიქრობ, ყველაზე ჭკვიანი მაშინ ხარ, როდესაც წარუმატებლობისგან სარგებელს პოულობ. გამიჭირდა რამდენიმე წელი, მაგრამ იმ რესურსის მობილიზება შევძელი, რაც ჩემში იყო და ეს ფაქტი აღარც მახსოვს უკვე. ვცდილობ რომ ჩემი შვილი ღირსეული მოქალაქე იყოს, მივცე მას კარგი განათლება, როგორც სხვებისთვის ვზრუნავ, ისე ვზრუნავ საკუთარი შვილისთვის.ლ

 

რაზე ოცნებობ?

როდესაც ბებია გავხდები და შვილისვილები მეყოლება, ისინი ვიცი ჩემთან დიდი სიხარულით გამოიქცევიან, იმიტომ რომ მათ სასწაულ ზღაპრებს მოვუყვები, წავუკითხავ ბევრ წიგნს და როდესაც რაღაცეებს ვაკეთებ ახლა, ვფიქრობ, მოვა დრო და ჩემს შვილიშვილებს ამას მოვუყვები, რომ ყავდათ ძალიან აქტიური ბებია, რომელიც ცდილობდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეების შეცვლას.

 

ძლიერი, შეუპოვარი, აქტიური ქალის მიღმა როგორი ხარ? რა აღმოჩნდა ყველაზე რთულად გადასატანი, რა ვერ დაამარცხე ?

ირმა არის ძლიერი და თბილი პედაგოგი, ძლიერი გარემოს დამცველი, არის ძლიერი აქტივისტი, მაგრამ ის არის ქალი, ჩვეულებრივი ქალი. გავცემ სითბოს და სიყვარულს და მინდა უკან დამიბრუნდეს, ამ დეფიციტს მივსებს ჩემი შვილი, ჩემი მოსწავლეები, ახლობლები და ძალიან მცირე მეგობრების წრე. უფლის მადლობელი ვარ რომ მაქვს ჩემი კუთხე, მყავს შვილი, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, მყავს საყვარელი ადამიანები…

 

არის ერთი მომენტიც, როდესაც ჩემს საქმიანობაში ვაწყდები შეურაცხყოფას, როდესაც ვხვდები შურიან და ბოღმიან ადამიანებს, სკეპტიკოსებს, მაქვს ერთდღიანი რეაქცია, ხოლო მერე აღარ მახსოვს, ვიცი რომ როდესაც შენს საქმეს კარგად აკეთებ ტალახის მსროლელებიც ბევრი ჩნდება.

 

სიყვარული?

იმდენად გართული ვარ ჩემს საქმეში, მაგისთვის დროს აღარ ვიტოვებ. თბილი ადამიანი ვარ და მიყარს როდესაც სითბოს და მზრუნველობას გამოხატავენ ჩემს მიმართ. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ და მიმაჩნია ქალი ყოველთვის მზად უნდა იყოს პირადი გამოწვევებისთვის.

 

რომ არა ისტორიის მასწავლებელი, ვინ იქნებოდი ?

 

მსახიობი. იმიტომ რომ მეორე ჩემი სისუსტე არის სცენა. გამომდის კარგად იუმორი, მაქვს შოუების დეკლამაციის ნიჭი და მეორე ცხოვრების შანსი რომ მქონდეს, აუცილებლად ვიქნებოდი მსახიობი, იმიტომ რომ გამოცდილებაც მაქვს. ბედნიერი წუთები მქონდა, როდესაც გამოვდიოდი სცენაზე და იმედია მომავალშიც არაერთხელ მომიწევს მაყურებლის წინაშე წარდგომა.. ჩემში ზის არტისტი და ეს ნიჭი ყველდღიურ ურთიერთობებში ძალიან მეხმარება.

 

ახლა ვინ ხარ?

მდედრობითი სქესის დონკიხოტი, ქალი რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის. ხან ვაჩერებ, ხან ვერა. მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ. აუცილებლად მინდა შევცვალო რაღაც მნიშვნელოვანი, რომელიც დატოვებს კვალს მომავალი თაობებისთვის. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ენერგიით სავსე, ახლა ვიქოქები და პატარ-პატარა დონკიხოტებს გამოვზრდი.

 

რა არის სამყაროში ყველაზე დიდი მანკიერება და რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი?

შევცვლიდი ადამის მოდგმას, მათ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, ძალიან ბევრი ბოღმა და სიძულვილია. კაცობრიობამ მიიღო უდიდესი განათლება, მიიღო პროგრესი და დაშორდა ბუნებას. დაშორდა თავის საწყისს. მე ვეცდებოდი რომ ადამიანები დაუბრუნდნენ დედამიწას უფრო მეტად იაზროვნონ გულით, ვიდრე ტვინით. ჩვენ ყველანი ახლოს უნდა ვიყოთ ბუნებასთან და ამას შევცვლიდი, ამ დაშორებას არ დავუშვებდი რომ შემეძლოს.

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები