19:01 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

გულით ვიცით, მაგრამ სად ჩანს სააკაშვილის მონაწილეობა?! – ბერძენიშვილი ვალერი გელაშვილის საქმეზე

გულით ვიცით, მაგრამ სად ჩანს სააკაშვილის მონაწილეობა?! – ბერძენიშვილი ვალერი გელაშვილის საქმეზე

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი საკმარისი ხმების არარსებობის გამო ჩავარდა.

 

სააკაშვილის კანდიდატურას იმ რაოდენობის მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა რომ ის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ.

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესაძლო დანიშვნას წინ უძღოდა საკმაოდ უკმაყოფილო შფასებები თბილისიდან.

 

საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი და წერილობითი ფორმით მიმართა უკრაინელ კოლეგებს, რომ თუ საქრთელოში გასამართლებული სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გავლენას მოახდენდა.

 

წერილი უკრაინელ დეპუტატებს ვალერი გელაშვილმაც გაუგზავნა, რომლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

 

მაშინ ვალერი გელაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და ამავე პარტიის ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ.

 

ჩვენ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს ვკითხეთ, როგორ უყურებს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ოფიციალური თბილისის რეაქციას:

 

ლევან ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“:

 

– ეს არის უკრაინის შიდა საკითხი, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ მოგვეწონოს, ან არ მოგვეწონოს.

 

ასე, მე მაგალითად არ მომეწონა ტრამპი რომ აირჩიეს პრეზიდენტად. მკითხა მე ვინმემ? როგორც ამერიკელების მიერ ტრამპის არჩევა არ გახლდათ ჩემი საქმე, ისე არ არის საქართველოს ხელისუფლების საქმე უკრაინაში რა თანამდებობაზე დანიშნავენ მიხეილ სააკაშვილს.

 

– სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენიც არ ქმნის რაიმე უხერხულობას ორი ქვეყნის ურთიერთობებში?

 

– საქმეც ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებებს ცივილიზებული მსოფლიო არ უყურებს სერიოზულად. არ მიაჩნიათ დამტკიცებულად ის ბრალდებები, რომელიც აქ სააკაშვილს წაუყენეს. საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს საქართველოს სამი ინსტანციის ეს გადაწყვეტილებები.

 

დაემუქრო უკრაინას დიპლომატიური ომით, არ არის სერიოზული. თავის პირად განწყობებს, სურთ გადააყოლონ ქვეყნის ინტერესები.

 

პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი რამ მიაწერინა. მე არ ვუსმენ ჩემს პარლამენტის თავმჯდომარეს და უკრაინის რადა მოუსმენს?!

 

– ვალერი გელაშვილმაც მისწერა წერილი რადას… ის თქვენი ყოფილი თნაგუნდელია, რომელსაც სასტიკად გაუსწორნენ წლების წინ…

 

– ბატონ ვალერის ძალიან კარგი უქნია. გელაშვილის საქმე არის ის შემთხვევა, რომელიც უნდა დაემტკიცებინათ სააკაშვილისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, როცა ვიცით რომ 100 პროცენტით დამნაშავეა სააკაშვილი, ისეა საქმე გამოძიებული და მისჯილი, რომ იურიდიულად დამაჯერებელი არ არის.

 

პროკურატურამ მუშაობა არ იცის. ყველამ იცოდა ალ კაპონე რა კაცი იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ უპოვეს.

 

გელაშვილის საქმეში რომ დამნაშავეა, ეს ვიცით გულით, მაგრამ აბა ჩახედეთ საქმის მასალებს, იქ სად ჩანს სააკაშვილის მონაწილეობა. არ ჩანს, უბრალოდ.

 

იოლი კი არ არის ასეთი საქმეების გამოძიება. ვიცით, რომ „მის გარეშე როგორ მოხდებოდა“, მაგრამ საბრალდებო დასკვნისთვის ეს საკმარისი არ არის.

 

„პრაიმტაიმმა“ კიდევ ერთხელ ჩახედა საქმის მასალებს და აქვე შეგახსენებთ იმ დეტალებს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დამნაშავედ სცნო:

 

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით – „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“.

 

სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ.

 

ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

 

„სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს“, – აცხადებენ პროკურატურაში. ↓↓↓

 

 

ბრალდების თანახმად, მიღებული დავალების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს.

 

კერძოდ, სოდის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეცრაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

 

სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი და გაიტაცეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი.

 

„მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

და რას ყვება თავად ვალერი გელაშვილი, შეგიძლიათ ნახოთ აქ, ისევე, როგორც კადრები არქივიდან, სადაც ნაცემი დეპუტატის მხარდასაჭერად მაშინდელი ოპოზიციის შეკრებაა ასახული. ↓↓↓

 

ვალერი გელაშვილი

დამირეკეს, თუ საქართველოში ჩამოხვალ ტერორისტულ აქტს მოგიწყობთო – ვალერი გელაშვილი

Gepostet von Prime Time am Montag, 2. Juli 2018

 

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ვალერი გელაშვილს დეპუტატის მანდატიც ჩამოართვეს. გადაწყვეტილება მან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო გელაშვილს მანდატი არ აღუდგინეს. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხზე სახელმწიფოს პოზიციას ნიკა გვარამია წარმოადგენდა, თავად ვალერი გელაშვილის ინტერესებს კი თინა ხიდაშელი იცავდა.

 

და აი, რა შეფასებები გაკეთდა მაშინ, 2006 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ↓↓↓

 

თინათინ ხიდაშელი: „როცა ვნახეთ, რომ იაშა ფუტკარაძე არ მოვიდა სასამართლოში, უკვე ყველაფერი გასაგები იყო. იმიტომ რომ იმ ათ კაცში, ვინც ამ სასამართლოში ზის, ის ერთადერთი წესიერი კაცია და მას გაუჭირდა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება.

 

სამწუხაროა, რომ ეს მოსამართლეები რჩებიან სასამართლოში, თუმცა ვინც ინიშნებიან, ისინი უფრო დიდი მონები არიან… ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ამ მოსამართლეების სასამართლო პროცესს. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ გარწმუნებთ, პროცესი აუცილებლად გაიმართება.“

 

ნიკა გვარამია: „საკონსტიტუციო სასამართლოები, მოგეხსენებათ, ერთმანეთის სამართალშეფარდებას იყენებენ, პრეცედენტული გადაწყვეტილებების სახით, და ეს გადაწყვეტილება, გამომდინარე ასეთი ტიპის პრეცედენტების სიმწირისა და გადაწყვეტილების მაღალი ხარისხიდან, იქნება ძალიან ხშირად გამოყენებული სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების მიერაც.“

 

ლევან ბერძენიშვილი: „როცა ვალერი გელაშვილმა გამოხატა თავისი მოსაზრებები და წავიდა ოპოზიციაში, ამის შემდეგ დაესხნენ თავს. სხვათა შორის, ხვალ იქნება წლისთავი და სიმბოლურია, რომ ამ დღეს დაამთხვიეს განაჩენის გამოტანა.

 

გასაგებია ყველაფერი: სცემეს, არ გამოიძიეს, პარლამენტიდან გააძევეს. თუ ჩამოვა საქართველოში, დააპატიმრებენ.“

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X