fbpx
14:12 | 2020-05-04 ავტორი: Prime Time

„გოგო, რომელიც ვალიკოს გაურიგეს დაიწუნა და ჩემზე თქვა, თუ გამატანთ, დღესვე წავიყვანო“ – გაიცანით 100 წლის ჟენია კვირიკაშვილი

„გოგო, რომელიც ვალიკოს გაურიგეს დაიწუნა და ჩემზე თქვა, თუ გამატანთ, დღესვე წავიყვანო“ – გაიცანით 100 წლის ჟენია კვირიკაშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც 100 წლის ქალბატონი, შვილთაშვილის შვილს, ერთი წლის ტასოს, დაბადების დღეს ულოცავს.

 

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა პატარა ანასტასიას(ტასო) ოჯახს და დიდ ბებოსთან – ჟენია კვირიკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

– საუკუნის ქალბატონი ბრძანდებით და საინტერესოა, როგორ გრძნობთ თავს ჯანმრთელობის მხრივ?

 

100 წლის ვარ უკვე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ცოტა წნევები მაწუხებს, ხანდახან მუხლები მტკივა, რაღაც კარგადაც ვეღარ ვხედავ, სათვალეს ვხმარობ.

 

მართალია, ვენახში მუშაობას ვეღარ ვახერხებ, მაგრამ სახლის საქმეებს, თავს მაინც არ ვანებებ. ხშირად მე ვაკეთებ სადილს.

 

ყავა მიყვარს ძალიან და შვილიშილები არ მასმევენ, წნევა აგიწევსო. ზოგჯერ, ცოტა ღვინოსაც კი ვეპარები(იცინის).

 

– სად დაიბადეთ და რომელ წელს?

 

ბაღდათის რაიონის სოფელ ზეგანში დავიბადე 1920 წელს. მთელი საუკუნე ვიცხოვრე და უამრავი გაჭირვებაც ვნახე. 1941 წელს, როცა სამამულო ომი დაიწყო, მამა 3 თვის გარდაცვლილი მყავდა.

 

დედა და ჩემი ორი ძმა დავრჩით. მე-10 კლასის მოსწავლემ, თავი დავანებე სწავლას და ძმებს გვედით დავუდექი. ბევრი ტრაგედია გადავიტანეთ იმ პერიოდში.

 

 – თქვენი ყველაზე ბედნიერი წლები?..

 

ყველაზე მძიმედ, დიდი სამამულო ომის წლები მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ სამამულო ომი ჯერ ისევ მძინვარებდა, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი, 1944 წელი აღმოჩნდა.

 

–  რა გახდა თქვენი ბედნიერების საბაბი?

 

ჩემს მეუღლე ვალერიან ღვანიძეს, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირიდან იყო, ჩემი სოფლელი გოგო გაურიგეს და მის სანახავად ჩამოვიდა.

 

ქალიშვილის ოჯახმა, დიდი სუფრა გაშალა. ვალიკომ გოგო დაიწუნა. განაცხადა, ამას მე ცოლად ვერ მოვიყვანო.

 

სადღაც იქვე, თვალი მომკრა და როგორც ჩანს მოვეწონე. ამ გოგოს თუ გამატანთ, დღესვე წავიყვანო, უთქვამს(იცინის).

 

– თქვენი მეუღლე იმ დროს ომში არ იყო? 

 

როგორ არა. ის დიდი სამამულო ომის ვეტერანი იყო. ფეხის და ხელის არეში იყო დაჭრილი და ტრავმის გამო, ადრე ჩამოვიდა ომიდან. ომიდან დაბრუნებულმა, ცოლის შერთვა გადაწყვიტა.

 

– თქვენც დათანხმდით და იმ დღესვე გაყევით სახლში?

 

დიახ გავყევი, რადგან ვალიკო ერთი ნახვით შემიყვარდა.

 

ჩემს მშბლებთან მივიდა და ჩემი ხელი სთხოვა. ოჯახის წევრებმა უთხრეს, ჩვენ ჯერ მაგიდა არ გვაქვს გაწყობილი და სხვა დროს მოდიო.

 

ჩემმა ქმარმა უპასუხა, თუ გამატანთ დღესვე წავიყვან, თუ არადა აქ ამომსვლელი აღარ ვარო. სხვათა შორის, სასწაული იუმორის გრძნობა ჰქონდა, რაც ჩემი ოჯახის სხვა წევრებსაც არ აკლია (იცინის).

 

– როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენს მეუღლესთან, რომელსაც ისე გაყევით ცოლად, რომ მხოლო ერთხელ გყავდათ ნანახი? 

 

60 წელი გავატარეთ ერთად და უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი თავს, მიუხედავად იმისა რომ დიდი შრომა და ჯაფა გავწიეთ.

 

მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. რთულია სოფელში ცხოვრება, ხომ იცით? მაგრამ, ერთად ყველაფერი შევძელით. სამი შვილი გავაჩინე და ბედნიერი დედა და მეუღლე ვიღავი.

 

 – დიდი ხანია, რაც თქვენი მეუღლე გარდაიცვალა?

 

15 წელია, რაც მეუღლე დამეღუპა და ჩემთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი საუკუნის განმავლობაში, უამრავი ტრაგდია შემხვდა (დამეღუპა ახალგაზრდა რძალი), თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ (ვცდილობ ყოველ შემთხვევაში).

 

– ვიდეოში პატარა ტასოს იუბილეს აღნიშნავთ. სულ რამდენი შვილთაშვილის შვილი გყავთ? 

 

სამი შვილისგან ხუთი შვილიშვილი, ექვსი შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილი მყავს. როცა ყველა ერთად ვართ, უბედნიერეს ქალად ვგრძნობ თავს.

 

რამდენიმე დღის წინ, ჩემი პატარა ანასტასია (ტასო), ერთი წლის გახდა. ამასაც მოვესწარი. დალოცოს უფალმა – ორი ჩემი ხნის მოიყაროს“ – ამბობს ჟენია ბებო.

1 წლის ტასო100 წლის ბებოსთან ერთად

Gepostet von Mikheil Ghvanidze am Samstag, 16. November 2019

 

ავტორი: რუს ღვანაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X