fbpx
13:44 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

გლდანის ციხეში ამანათი შეამოწმეს და ვაშლში კურკების ნაცვლად „სუბოტექსი“ იპოვეს – Exclusive

გლდანის ციხეში ამანათი შეამოწმეს და ვაშლში კურკების ნაცვლად „სუბოტექსი“ იპოვეს – Exclusive

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გასულ პარასკევს გლდანის ციხეში პატიმრისთვის განკუთვნილ ამანათში ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

 

ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ პატიმართან ამანათის შესაგზავნად მისულ ახალგაზრდა მამაკაცს, გიორგი ნ-ს იქვე მყოფმა უცნობმა მისი ამანათის შეგზავნაც სთხოვა იმ მოტივით, რომ თავად პირადობის მოწმობა დაავიწყდა.

 

გიორგი ნ-მ სხვისი ამანათი მართლაც შეგზავნა, თუმცა შემოწმების დროს ხილში დამალული „სუბოტექსი“ იპოვეს.

 

სუბოტექსის რამდენიმე აბი ვაშლში კურკების ნაცვლად იყო ჩალაგებული. შემოწმების დროს კი ერთ-ერთ ვაშლს მიმაგრებული ყუნწი მოწყდა და ნარკოტიკული საშუალებები გადმოცვივდა.

 

უცნობი პირი ადგილზე აღარ იმყოფებოდა, გიორგი ნ. კი სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთიერების შეტანის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

 

ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკების შეტანის ამ უჩვეულო მცდელობის შესახებ „პრაიმტაიმს“ პენიტენციურ სამსხურშიც დაუდასტურეს. უწყებიდან მიღებულ საპასუხო განცხადებაში ვკითხულობთ:

 

„2020 წლის 26 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოშო დაიწყო გამოძიება გ. ნ.-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის  აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და  19/378-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო №8 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინება, რომლის თანახმად 2020 წლის 26 ნოემბერს, გ.ნ.-მ მსჯავრდებულ ზ.ჭ.-თან მიიტანა ამანათი, რომლის შემოწმების დროს ხილში, კერძოდ ვაშლში აღმოჩნდა მოთავსებული მცირე საგნები (ნარკოტიკული საშუალება).

 

გ.ნ. ამავე დღეს დააკავეს და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 28 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და  19/378-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

2020 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა“.

ავტორი: Prime Time
X