00:11 | 2020-06-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიურზების მბრძანებელი კახეთიდან – ვინ დაიჭირა შიშველი ხელებით ქვეწარმავალი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიამდე ზოოპარკში ბინადრობდა

გიურზების მბრძანებელი კახეთიდან – ვინ დაიჭირა შიშველი ხელებით ქვეწარმავალი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიამდე ზოოპარკში ბინადრობდა

ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებ ბორის მამუკაშვილს ბალტიისპირელმა ექიმმა გიურზას შხამზე მუშაობის იდეა მიაწოდა.

 

ბორის მამუკაშვილი მაშინ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და ასეთი საშიში საქმიანობა აზრადაც არ მოსვლია.

 

„კარგა ხანს ვიფიქრე, ეს ფაქტობრივად, სიკვდილთან თამაში იყო. გიურზა ძალიან საშიში ქვეწარმავალია, მომაკვდინებელი შხამი აქვს.

 

მერე ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება-მეთქი და სადღაც, სოფლის ბოლოში დავიჭირე. რასაკვირველია, მეშინოდა. ამ შიშის დასაძლევად დრო დამჭირდა“, – ამბობს „პრაიმტიმთან” ბორის მამუკაშვილი.

 

საშიშმა საქმიანობამ და იმან, რომ სოფელ ქვემო ქედში მამაკაცი გიურზებს შიშველი ხელით იჭერდა და შხამს უღებდა, უამრავი ადამიანი, მათ შორის უცხოელებიც დააინტერესა.

 

უჩვეულო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა
2020-06-13უჩვეულო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა

 

„ძალიან ბევრი ხალხი მაკითხავდა. გიურზები ეზოში კარგად დაცულ გალიაში მყავდა. ყველას თვალწინ გამომყავდა გალიიდან და შხამს ვუღებდი.

 

იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოს და მიჰქონდათ. ვისთვის სანახაობა იყო და ვისთვის სიცოცხლის რისკი“, – ჰყვება გიურზების დამჭერი.

 

ფინანსურად მომგებიანი საქმე სიცოცხლისათვის მართლაც საშიში და სარისკო იყო, თუმცა, ბორის მამუკაშვილი შიშველი ხელით გიურზებთან ბრძოლას რვა წლის განმავლობაში მაინც აგრძელებდა.

 

„სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დავდიოდი, მაგრამ აზარტიც არის. ხომ მაგარია, ხელით ასეთ საშიშ არსებას რომ იმორჩილებ. თავიდან გეწინააღმდეგება და გებრძვის, მაგრამ ადამიანი მაინც ძლიერია. ერთი გრამი შხამის ასაღებად, ათობით გიურზა მჭირდებოდა. შხამსაც შიშველი ხელებით ვუღებდი.

 

ვაკბენინებდი სინჯარაზე, მერე აღებულ შხამს ვამუშავებდი და კობალტის ამპულაში ვათავსებდი. ამ ხნის განმავლობაში, ერთხელ მიკბინა მხოლოდ. ნაკბენი მაშინვე დავისერე და მოვიწვი. ახლა შემიძლია სხვასაც დავეხმარო, ასეთები ყოფილან კიდეც“, – იხსენებს ბორისი.

 

ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, რომ თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორის, გურამ წიკლაურის თხოვნით, შირაქში ქვეწარმავალი დაიჭირა და თბილისის ზოოპარკს აჩუქა.

 

„წავედით შირაქისკენ, დავიჭირე და ვაჩუქე. ზოოპარკში წაიყვანა. მერე რამდენჯერმე ჩავაკითხე ჩემს გიურზას. კარგად უვლიდნენ.

 

2015 წლის 13 მაისის ტრაგედიამდე, იქ იყო. მერე, არ ვიცი, რა დაემართა. გიურზები საინტერესო ქვეწარმავლები არიან, თან ძლიერებიც.

 

მაისში გამოდიან და შემოდგომაზე ბუდეში ჩადიან. თუ არ გააბრაზე, არ გერჩიან. გინახავთ, კუდზე როგორ დგება? ეს საშიშია და თან ამღელვებელი“, – ამბობს ბორის მამუკაშვილი.

 

ქუთაისში გუშინ მომხდარ ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა
2020-06-13ქუთაისში გუშინ მომხდარ ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

 

გიურზების ცნობილი დამჭერი, ახლა 68 წლისაა. ქვეწარმავლებთან ჭიდილი შეწყვიტა, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, საკუთარი ცოდნა ვინმეს გადასცეს.

 

თვლის, რომ ეს საქმე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

 

„ამით სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. ჰემოფილიის სამკურნალო პრეპარატიც გიურზას შხამით მზადდება. დაინტერესებული ადამიანები მომიყვანეთ, გიურზების დამორჩილებას და მათზე გამარჯვებას ვასწავლი“,- დააბარა მან „პრაიმტაიმს”.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X