fbpx
22:32 | 2020-07-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა“ – ქათამაძის დედა საბედისწერო ღამის დეტალებზე საუბრობს

„გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა“ – ქათამაძის დედა საბედისწერო ღამის დეტალებზე საუბრობს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, გიორგი ქათამაძის დედამ გამოძიებას ჩვენება მისცა.

 

როგორც ხათუნა ძოწენიძე ჩვენებაში წერს, რომ მას გიორგი ქათამაძემ დაბადების დღის შემდეგ განვითარებული მოვლენები დეტალურად მოუყვა.

 

„ეს ქალბატონი შეცდომაში შეიყვანეს…“ – ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის დასკვნაზე
2020-07-21„ეს ქალბატონი შეცდომაში შეიყვანეს…“ – ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის დასკვნაზე

 

„როდესაც ტელევიზიით გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი და გიორგის ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ დაბადების დღიდან წამოვიდა კოკოსთან, ვახო ახვლედიანთან და კიდევ სამ ბიჭთან ერთად.

 

სულ იყვნენ ექვსნი, ელოდებოდნენ ტაქსის. მათთან მივიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც ვერ იცნო. რამდენი, არ ვიცი, ერთ-ერთი მათგანი უფრო სრული აღნაგობის.

 

გიორგიმ დაინახა, რომ კოკოს ერთ-ერთმა მათგანმა მოუქნია ხელში არსებული სავარაუდოდ რკინის ხელკეტი. როდესაც გიორგი კოკოსკენ გაიწია, უკნიდან მოხვდა რაღაც, დაეცა და დაკარგა გონი, თუმცა ახსოვს, რომ უცნობი პიროვნებები წაქცეულსაც ურტყამდნენ თავის არეში.

 

გიორგიმ თქვა, რომ როდესაც გონს მოვიდა, ჩამოეყრდნო რაღაც რკინას. რა რკინაზეა საუბარი, გიორგის არ ახსოვს და ვერ აკონკრეტებს. ამ დროს მასთან მივიდა ვახო და კიდევ 2 ბიჭი.

 

ამის შემდეგ, გიორგის თქმით, მათთან მივიდა მეორე მანქანა. მათ იფიქრეს, რომ ისინიც მათთან საჩხუბრად არ ყოფილიყვნენ მისული და გაიქცნენ. კერძოდ, ვახო და კიდევ ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო გიორგი შაქარაშვილი, მირბოდნენ გიორგის წინ.

 

ვინაიდან გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა და ჩაიმალა გზის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში. როგორც გიორგიმ თქვა, მათ უცნობი პიროვნებები ეძახდნენ “მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო”.

 

შემდეგ, გიორგის გადმოცემით, როდესაც ცოტა სიტუაცია მიწყნარდა, ის გადავიდა იქვე მიტოვებულ შენობასთან და ჩაიმალა. ის იყო მარტო, ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაც მეგობარს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას. მას ასევე დაუკავშირდა ვახო ახვლედიანი. მათ იქვე ნახეს ერთმანეთი და ვიღაცის მანქანით ერთად წამოვიდნენ თბილისში“, – ნათქვამია ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაში.

 

რა ვიცით შაქარაშვილის საქმეზე: 

 

19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო.

 

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

დასკვნა

 

  • ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

  • გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები:

 

  • შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

 

  • ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

 

  • ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში (0,85% ეთილის სპირტი) და ასევე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

 

დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია

 

კერძო საექსპერტო ცენტრის, „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალეკო გეჯაძე გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო წყალში გადაადგილებით.

 

„ეს დაზიანებები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. რომელიც დაზიანება, რომელიც საგნით იყო მიყენებული, ან რა შემთხვევაში შეიძლება მიეღო, ამ საკითხზე, მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას“.

 

„ეს დაზიანებები წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“. 

 

„ნაკლებ სავარაუდოდ, რომ ეს დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ იყოს მიყენებული, თუკი ეს ცემის შედეგად მოხდა“.

 

პროკურატურის პოზიცია

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

 

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული მუხლით სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ოჯახის პოზიცია

 

ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია საზოგადოებას გარდაცვლილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააცნო.

 

ნიკოლაძის თქმით, „ტოიოტა ქამრიში” მყოფი ექვსივე პირი 109-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.

 

კითხვაზე, ვის შეიძლება დაუმძიმდეს ბრალი, შაქარაშვილის ბიძა პასუხობს:

 

„ეს გახლავთ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.

 

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

მისივე თქმით: „ყველა დაზიანება, ეს არის დახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს“.

 

უახლოესი მოლოდინი

 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. უწყებაში დაგეგმილია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

 

დამატებითმა ექსპერტიზებმა სხვა საკითხებთან ერთად ნათელი უნდა მოჰფინოს კითხვას – როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარესთან, ხიდის მოაჯირზე? არსებობს თუ არა ჩანთაზე რომელიმე ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუში? თუკი გიორგი შაქარაშვილი ცემეს და წყალში ჩააგდეს, როგორ მოხვდა წელზე მიმაგრებული ჩანთა ნაპირზე?

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X