fbpx
19:38 | 2020-06-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გიორგიმ ცურვა არ იცოდა, წყლის შიში ჰქონდა – რას ჰყვება გიორგი შაქარაშვილზე მისი მეგობარი

გიორგიმ ცურვა არ იცოდა, წყლის შიში ჰქონდა –  რას ჰყვება გიორგი შაქარაშვილზე მისი მეგობარი

4 დღიანი ძებნის შემდეგ 19 წლის სპორტსმენი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მყვინთავებმა მისი ცხედარი მდინარეში ნახეს.

 

ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება გარდაცვლილს.

 

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? ამ კითხვას პასუხს ექსპერტიზა გასცემს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ახალი დეტალები მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, გიორგიმ ცურვა არ იცოდა და მას წყლის შიში ჰქონდა.

 

„ახლა გიორგის ოჯახში ვარ. რაც აქ ხდება, ღმერთმა აშოროს ყველას, უბედურება ტრიალებს…  მისი გარდაცვალების ძალიან ბევრი და ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გავრცელდა, თუმცა წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და სავარაუდოდ ღამის 4 საათზე დასრულდებაო გვითხრეს.

 

ზრდილობიანი და წესიერი ადამიანი იყო, ის მხოლოდ ფეხბურთზე იყო ორიენტირებული. ცურვა არ იცოდა, წყლის შიში ჰქონდა. სიბნელის შიშიც ჰქონდა, 5 წუთი ვერ ჩერდებოდა… “ – ამბობს გიორგი მეგობარი.

 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას.

 

შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X