19:19 | 2020-07-29 ავტორი: თამარ გონგაძე

გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” მიხედვით ლევან კოღუაშვილი ფილმს იღებს

გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” მიხედვით ლევან კოღუაშვილი ფილმს იღებს

“სხვა გურული დღიურები” გიორგი კეკელიძის მორიგი წიგნი, პირველის მსგავსად, ბავშვობის ფრაგმენტულ მოგონებებზეა აგებული. როგორც ავტორი ამბობს, ეს არის ესეების ფრაგმენტული მიწოდება მკითხელზე, ვისაც სოფელი და 90-იანი წლები აინტერესებს. გიორგის “გურული დღიურები” 2014-2015 წლებში ბესთსელერი იყო. ალბათ, ეს ფაქტორიც იყო ერთგვარი ინსპირაცია, რომ ავტორს მის მეორე ნაწილზე ეფიქრა.

 

 

გიორგი კეკელიძე: – ახალი წიგნით, მხატვრული ტექსტის ფორმით, ბავშვობასთან კონტაქტი დავასრულე. ახალი ნამუშევარი ეს არის საკუთარი თავის კრიტიკულად და იმ თვალით დანახვა, როგორადაც არასდროს შემიხედავს თავისთვის. აქ ნაჩვენებია რაკურსი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მნიშვნელოვნები არიან ცხოვრებაში. მაგრამ რაღაც გარემოებების გამო, ვეღარ ამჩნევ მათ. ბევრ რამეს მოედები, ბევრი დრო მიდის იმ რაღაცებში, რაც არც იმსახურებს და ეს ხალხი უკან გრჩება და ან სიკვდილი, ან რაღაც ტიპის დრამა გახსენებს, რომ თვისობრივად შენ მაინც მათი ნაწილი ხარ.

 

წიგნის გარეკანზე გიორგის მშობლების ფოტოა დართული და როგორც ამბობს, ეს არის იშვიათი ერთობლივი ფოტო საქორწინო მოგზაურობიდან და სოფელ სურების “საზაფხულო” სახლი.

 

რეჟისორ ლევან კოღუაშვილს კეკელიძის “გურული დღიურების” მიხედვით დოკუმენტური ფილმის გადაღება აქვს დაწყებული და რომ არა პანდემია, შემოდგომაზე მხატვრული ფილმის გადაღება უნდა დაეწყო. ფილმის სამუშაო სახელი იყო “თხილი”, ახლა პირობითი სათაურია “გურია”, რომელშიც 90-იანი წლების გურიის ამბები იქნება ნაჩვენები.

 

გიორგი კეკელიძე: – “გურული დღიურების” მოტივებზე დაყრდნობით, მოგვიანებით სცენარი გადაკეთდა და მიიღო ახლებური ფორმა. ეს არის სიუჟეტური ამარკორდის მცდელობა დიდი ტრაგედიებით, სევდით, სირთულეებით და ბუნებრივია, იუმორით, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს და საკუთრივ, გურიას ახასიათებს.

 

სცენარს საქართველოს კინოცენტრის და ჰოლანდიური ფონდის კონკურსი მოგებული აქვს. ვემზადებით სხვა უცხოურ კონკურსებზე წარსადგენად. რამდენიმე ქვეყნის სერიოზულ სააგენტოებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, თორემ გადაღებებს სექტემბრიდან ვგეგმავდით.

 

რაც შეეხება რეჟისორს, ის ორი წლის წინ გიორგისთან ერთად იმყოფებოდა გურიაში და დოკუმენტური ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო.

 

ლევან კოღუაშვილი: – გურია ყოველთვის მიზიდავდა. გიორგის წიგნმა, რომელიც შემთხვევით წავიკითხე, ბიძგი მომცა, რომ ამ კუთხეზე ფილმის გადაღებაზე მეფიქრა. გურია ეკონომიურად ძლიერი არასდროს ყოფილა. 2018 წელს იქ ყოფნისას და გადაღებებისას, ბევრი შათაბეჭდილება მივიღე, რომელთა შორის პოზიტიური ჭარბობს. აქ არის გაჭირვებული ხალხი, რომელთაც ღირსება შერჩენილი აქვს. ეს გაჭირვება ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა კინემატოგრაფიისთვის საინტერესოა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X