fbpx
00:42 | 2020-05-14 ავტორი: Prime Time

გიორგი გახარია აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრა

გიორგი გახარია აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭირდო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

 

პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X