11:33 | 2020-05-16 ავტორი: თამარ გონგაძე

„გგონია, რომ დედა სულ იქნება და სულ მოასწრებ… ვნანობ იმას, რომ…” – მაკა მახარაძე იუბილარ მედეა ჩახავას იხსენებს

„გგონია, რომ დედა სულ იქნება და სულ მოასწრებ… ვნანობ იმას, რომ…” – მაკა მახარაძე იუბილარ მედეა ჩახავას იხსენებს

15 მაისს სახალხო არტისტი, მედეა ჩახავა 99 წლის გახდებოდა. „მშვიდობის მტრედი” იყო, ასე ახასიათებს მსახიობს თავისი ქალიშვილი, მაკა მახარაძე.

 

ეს მეტაფორა არტისტის მთლიან პერსონაზე გვიქმნის წარმოდგენას. და ეს შესანიშნავად „იკითხება” მისი როლების ქვეტექსტებიდანაც.

 

დადებითი პერსონაჟებიც მთავარ როლს თამაშობდნენ იმაში, რომ მედეა ჩახავას თაყვანისმცემელთა არმია ჰყოლოდა.

 

ერთგული მაყურებელი დღემდე არ კარგავს კონტაქტს არტისტის შვილთან – მაკა მახარაძესთან. სწორედ მან უამბო „პრაიმტაიმს” ძალზედ საინტერესო ისტორიები დედაზე.

 

მედეა ჩახავა – Medea Chakhava | ბურუსი - BURUSI

 

მაკა მახარაძე: – ამ დღეს ძალიან დიდი გულისტკივილი და დიდი სითბოც მაქვს. ეს ძნელია ასახსნელად. მენატრება ყველაფერი, რაც დედაჩემთანაა დაკავშირებული… მთელი დღეა ვტირი.

 

მედიკოს რითი ვგავარ, მართალი ვთქვა, არ ვიცი. დღემდე სამაგალითოა ჩვენთვის, შვილთაშვილებისთვისაც კი. მშვიდობის მტრედი იყო დედაც და მამაც. მგონია, რომ ამით ვგავარ მათ.

 

მე სულ არ მგონია, რომ ჯიუტი ვარ, თუმცა მეუბნებიან, რომ ვარ. დედასაც რომ ეტყოდნენ, ჯიუტი ხარო, გაიოცებდა – მე ჯიუტი ვარო?

 

– სახლში სად შეიძლებოდა მისი ნახვა და რისი კეთებისას?

 

– სამზარეულოში იპოვიდით და 88 წლამდე ამზადებდა სადილებს. ჩემი ძმის მეუღლე, არაჩვეულებრივი გოგოა და მას და დედას გადასარევი რძალ-დედამთილობა ჰქონდათ.

 

სანამ ის სამსახურიდან მოვიდოდა, დედაჩემი სადილს ამზადებდა. მე ვეუბნებოდი, დააცადე, მოვა, ნინუკა და გააკეთებს სადილს-მეთქი.

 

აბა, მე რა გავაკეთო, ის სამსახურიდან დაღლილი მოდის და მე წამოგორებული დავხვდეო, მეტყოდა 88 წლის მედიკო.

 

კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა ...

 

– და რას ამზადებდა?

 

– ამზადებდა ყველაფერს და თან თავისი რეცეპტებით. სამზარეულოში მოცარტი ხარ-მეთქი, ვეტყოდი.

 

არასდროს ტრადიციული რეცეპტით არ ამზადებდა. აკეთებდა იმპროვიზაციებს, იგონებდა, მოულოდნელ ინგრედიენტებს მოუყრიდა ერთმანეთთან თავს. მაცივარში რაც მოხვდებოდა ხელთ…

 

ის იმას შევურიე, ეს ამას შევურიეო, დამირეკავდა… და ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა, ეს ცნობილი ფაქტია.

 

ინგლისში რომ ჰქონდათ „რიჩარდით“ პირველი ტრიუმფალური გასტროლი და ქართულ თეატრს სახელი გაუვარდა, რუსთაველის თეატრის დასმა ბრიტანელი მსახიობებისთვის მიღების გაკეთება გადაწყვიტა – ვაჩვენოთ, ვინ ვართო.

 

რობიკომ – მედიკო გააკეთებს საჭმელებსო, პირდაპირ დაავალა. წავიდა მედიკო, იყიდა პროდუქტები. უკვირდა, რომ იქ ქინძი აღმოაჩინა და ამბობდა, ქინძი იყო გრძელ ფეხზე, მე რო მიყვარს, ისეთიო.

 

ფურშეტისთვის გაუკეთებია ნიგვზიანი ლობიოს ბურთულები, კიდე გამოუგონია რაღაც ნოვატორული კერძები, ისეთები, რაც მოგვიანებით შემოვიდა თანამედროვე სამზარეულოში…

 

ერთი ლუკმა არ დარჩენილა, თურმე და ძალიან ბედნიერი იყო.

 

პურმარილს 40 კაცზე ისე შლიდა, დახმარება არ სჭირდებოდა. მხოლოდ ბოსტნეულის დაფცქვნაში თუ მიიხმარდა ვინმეს.

 

დაჭრით თვითონ უნდა დაეჭრა – თხლად, ალყა-ალყად, როგორც იტყოდა.

 

მედეა ჩახავა - ის იყო ბედნიერი ...

 

55 წლის რომ გახდა, თეატრში საიუბილეო საღამო ჰქონდა. მაშინ რესტორნებში არ იყო მიღებული დაბადების დღის აღნიშვნა.

 

მთელი სუფრა თვითონ გააკეთა. რუსთაველში სპექტაკლი ითამაშა, მერე სახლში სტუმრებთან ერთად მოვიდა, გაიკეთა წინსაფარი და გახდა “ოფიციანტი!”

 

ყველას ემსახურებოდა. აბა, ახლა ეს შემოვა, ის შემოვაო, სტუმრებთან სხვადასხვა კერძებით იწონებდა თავს.

 

აჩმა, თბილისში, პირველად დედაჩემმა გააკეთა. მსახიობ ავთო მახარაძის დედამ ასწავლა.

 

ავთო ბათუმელია, თბილისში რომ ჩამოვიდა, რაღაც პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდა. ჩემი ძმის, თემურის ჯგუფელი იყო.

 

ლუბა, შვილის სანახავად, ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან და მან ასწავლა დედას აჩმის მომზადება.

 

იშვიათი აჩმა გამოსდიოდა მედიკოსაც და თან მოსწონდა მისი მზადება.

 

გურმანი იყო, გემოს ჩაატანდა, მაგრამ ისეთი „ჭამისტი“ არ ყოფილა, როგორც მე ვარ (იცინის). სადმე რომ ვიყავით და გასინჯავდა კერძს, იტყოდა, ქინძი აკლია, ნიორი აქვს მეტი, ან ამის გემო წინ უსწრებს იმას… ანალიზს უკეთებდა.

 

და რომ დაწვებოდა და გვეგონა, დაიძინა, დილამდე კითხულობდა. დილით დაიძინებდა.

 

ყველასთვის და ყველაფრისთვის გამოძებნიდა დროს. ხომ როგორი მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს, ყველა წევრთან კონკრეტული, ინდივიდუალური დამოკიდებულება ჰქონდა. ყველას ერთ ქოთანში არ ხარშავდა…

 

არასდროს არ იყო ღრმად მოხუცებული. მე „კაი რა, დედას” თქმის დიდოსტატი ვიყავი და ამას რომ ვეტყოდი, აბა, მოხუცი ვინ არისო, მეტყოდა.

 

თვითონ არ იყო შინაგანად ხანდაზმული, არც გონებით, არც სულით და გულით. გარეგნულადაც სასწაულად გამოიყურებოდა, 88 წლის ასაკისას არ გავდა.

 

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი ...

 

იყო თანამედროვეც. მის ლექსიკონში არ იყო ფრაზა – „ჩვენ დროს“.

 

ამ დროში იყო, ჩვენთან ერთად. და ამას თავისი პრეისტორია აქვს. ამბობდა, თეატრში რომ მივედით, წინამორბედმა თაობამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ძლიერი, პოპულარული, სახელოვანი მსახიობებით, ზემოდან დაგვიწყო ყურებაო.

 

ეს ისე მწარედ მახსოვს, ახალგაზრდა თაობის მიმართ ამიტომ არ მაქვს მსგავსად ქედმაღლური დამოკიდებულებაო…

 

როგორც ჩემი ნატო ამბობს, მაყურებელთან რომანი ჰქონდა.

 

უერთგულესი მაყურებელი დღემდე ჰყავს. დღეს სამმა დამირეკა და დედას დაბადების დღე მომილოცა, დილიდან იმიტომ ვტირი. ეს მაყურებებლები გონებას კარგავდნენ მედიკოზე. ამას თვითონ მიყვებიან.

 

დილის რვა საათზე დამირეკა ხულოდან, 70 წლის ქალბატონმა, ეთერ დეკანაძემ.

 

ფილმ „ბაში-აჩუკის“ 25 წლის იუბილის აღსანიშნავად მსახიობები – დედა, ლია ელიავა, დოდო ჭიჭინაძე, ოთარ კობერიძე სხავადასხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ჩაყავდათ. ხულოშიც იყვნენ ჩასულები.

 

განსაკუთრებული, ისტორიული კუთხეა. მუსულმანები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. ანდრია პირველწოდებულმა პირველად იქ იქადაგა ქრისტიანობა. იდუმალი ადგილია ხულო ჩემთვის, საოცარი სილამაზის.

 

და ხულოდან დაბრუნებული დედა სულ ახსენებდა ვინმე ეთერს.

 

ბათუმში თუ წავიდოდი, სულ მიბარებდა, იქნებ ხულოში ახვიდე და ეთერი ნახოო. მაშინ გზა არ იყო გაკეთებული და ხულოში მისვლა შეუძლებელი იყო.

 

საოცარი მიმოწერა ჰქონდათ დედას და ეთერს.

 

დედა რომ გარდაიცვალა, დიდი კონვერტი გამოგზავნა. მთელი რაიონის სამძიმარი და გაზეთებიდან ნეკროლოგები…

 

2015 წელს გადაღება მქონდა ბათუმში და დასვენების დღე რომ გამოჩნდა, რეჟისორმა, ახლა რა ვქნათო? – იკითხა. ხულოში წავიდეთ-მეთქი!

 

ვიცოდი, რომ ეთერი იქაური გაზეთის რედაქტორი იყო, მაგრამ გვარი არ ვიცოდი.

 

ავედით ხულოში, ვნახეთ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვთხოვე – მაპოვნინე ეთერი, მაგრამ გვარი არ ვიცი, გაზეთის რედაქტორი იყო, მგონი-მეთქი.

 

დეკანაძე იქნებაო, გამოთვალა. გაიგო ნომერი და დაურეკა. ქალბატონო ეთერ, ამ კაფეში თუ შეგიძლიათ მოსვლაო.

 

20 წუთში მოვიდა ეთერი. რომ ველოდი, ხულოში, ცოტა მოუვლელ, საქმისგან გადაღლილ ქალს და… მოულოდნელად შემოვიდა ქალი – ქათქათა უკან შეკრული თეთრი თმით, ლურკი პიჯაკით, თეთრი მარგალიტის საყურით და მძივით, ულამაზესი, გამჭირვალე…

 

დამინახა, მოვიდა და… დავიწყეთ ორივემ ცრემლების ღვრა…

მისაბაძი მედეა ჩახავა • Artinfo.ge

 

 

დედაჩემის დატოვებული საჩუქარი ხართ ჩემთვის-მეთქი, ვუთხარი. იქვე დავმეგობრდით. არ არსებობს საეკლესიო დღესაწაული, დილის რვა საათზე პირველმა არ დამირეკოს მოსალოცად.

 

ვნანობ იმას, რომ ბევრი რამ, რასაც დედა მეუბნებოდა, მიყვებოდა, ყურის მიღმა ვატარებდი და გულისყურით არ ვუსმენდი, არ ვიმახსოვრებდი. „კარგი რა, დედა-მეთქი”, ვეტყოდი…

 

ხომ იცით, როგორც არის. გგონია, რომ დედა სულ იქნება და ყოველთვის მოასწრებ იმას, რასაც ის გიბარებს…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X