19:18 | 2021-06-10 ავტორი: თამარ გონგაძე

გენიოსები ასე იოლად არ იბადებიან… დღეს ამაღლებაა და რეზოს სულს მოუხდა…” – ცნობილი ადამიანები რეზო გაბრიაძეს ასე გამოემშვიდობნენ

გენიოსები ასე იოლად არ იბადებიან… დღეს ამაღლებაა და რეზოს სულს მოუხდა…” – ცნობილი ადამიანები რეზო გაბრიაძეს ასე გამოემშვიდობნენ

რეზო გაბრიაძე ამაღლებას გავაცილეთ და ეს დამთხვევა არ არის, თითქოს, კანონზომიერებაა. ისეთივე სიმსუბუქით წავიდა, როგორც “შერეკილების” ფინალში მოლივლივე ყანჩელის მუსიკა…

 

წავიდა უჩუმრად და ისეთივე სევდით, რაც მის შემოქმედებას გასდევს თითქოს შეუმჩნევლად.

 

ანჩისხატიდან მთაწმინდაზე ამაღლდა. დაგვრჩა ფილმებად, ფრაზებად, მოგონებებად…

 

 

ახლა “იქიდან” “დაგვიბრუნებს ვალებს”, თავისი ერთაოზივით.

 

ნანი ბრეგვაძე: – გენიოსები არ მეორდებიან, ასე იოლად არ იბადებიან. ძალიან გულდასაწყვეტია, მთელ საქართველოს და მთელ სამყაროს ვუსამძიმრებ რეზო გაბრიაძის წასვლას.

 

 

მერაბ კოკოჩაშვილი: – მართალია, მე მისი სცენარით ფილმი არ გადამიღია, მაგრამ მისი სცენარით გადაღებულ “არ დაიდარდოში” გადაღებული ვარ.

 

იმერეთში გადაღებების დროს, სულ გია დანელიასთან ერთად იყო, გადასაღებ მოედანზე. უმხიარულესი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი მეგობარი. გიხაროდა მასთან ერთად ყოფნა. გავიხსენებ ერთ ეპიზოდს. ბუბა კიკაბიძის გმირი აივნიდან რომ მაგდებს.

 

რეზომ და გიამ მითხრეს, დღეს აივნიდან გადაგაგდებთო. კი, ბატონო, ხომ არ უნდა მომკლათ-მეთქი. ტრიუკების გადაღება დაიწყო, ექვსჯერ გადამაგდეს… ამდენჯერ რას მაგდებდით, თუ პირველი დუბლი კარგი იყო-მეთქი, ვუთხარი. ყოველ დუბლზე დამატებით თანხას გადაგიხდითო. ჰოდა, იმ ფულით ვიქეიფოთ-მეთქი. ვიქეიფეთ, არაჩვეუილებრივი დრო ვატარეთ. და ანგარიშის გადასახდელად რომ მივედი, ფული გადახდილიაო, მითხრეს. ვინ გადაიხადა-მეთქი, გავოცდი. მუსიკოსესბმა თქვენი ნახვით ისე გაიხარეს, რომ მათ გადაიხადეს თქვენის სუფრის ანგარიშიო.

 

 

კოტე ყუბანეიშვილი: – რეზო იყო გარემო თავისი ნახატებითა და ნამუშევრებით. სული და გული იყო საზოგადოების. და დღეს ამაღლდა მამა დავითზე…

 

გიორგი ვაშაძე: – საოცარი დანაკლისია საქართველოსთვის. უკანასკნელ ფილმში, “ნეთფლიქსზე” მილიონობით ადამიანმა რომ ნახა, ისე ლამაზად აღწერა თავისი ცხოვრება, ქუთაისი, მეორე მსოფლიო ომი, სად ვიყავით… ცრემლებით ვუყურე და იგივე ემოცია მომგვარა მისმა გარდაცვალებამ, დიდი ტკივილი განვიცადე. ეს ფილმი მისი შემოქმედების ბოლო ავტოგრაფია. სწორედ ასეთი ადამიანების ადგილია მთაწმინდის პანთეონში.

 

 

ლაშა თაბუკაშვილი: – რეზო გაბრიაძე ბუნების და ღვთის რჩეულია. განსაკუთრებული, სევდიანი გენიოსი იყო. ბოლო ორი წელი სატელეფონო რომანი გვქონდა. ხანდახან ღამის სამ საათზეც მირეკავდა. ყველაფერზე ვსაუბრობდით, “ქეთო და კოტედან” დაწყებული (რომელიც ძალიან უყვარდა). ინტერნეტის მიერ დიდ სოფლად გადაქცეულ ქვეყანაზე ვსაუბრობდით, რომელმაც გააქრო საიდუმლოების, ურთიერთობების ხიბლი… ანზორ ერქომაიშვილის ამბავი მკითხა, სად კრძალავენო. მთაწმინდა გადაწყვიტეს-მეთქი. ისე გაუხარდააა… უკვე გვერდიგვერდ იქნებიან. დღეს ამაღლებაა და რეზოს სულს მოუხდა…

 

რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძე

 

რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. დიდმა არტისმა, ბოლო პერიოდი, იავადმყოფა. საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვების უკმარისობა იყო…

ავტორი: თამარ გონგაძე


X