18:43 | 2021-03-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გეგა კობახიძის დაჭერის შემდეგ თბილისში აგორდა ჭორი, რომ თენგიზ აბულაძესაც დაიჭერდნენ – რეჟისორის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა

გეგა კობახიძის დაჭერის შემდეგ თბილისში აგორდა ჭორი, რომ თენგიზ აბულაძესაც დაიჭერდნენ – რეჟისორის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა

ქართველი კინორეჟისორის თენგიზ აბულაძის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1994 წლის 6 მარტს გარდაიცვალა.

 

„მონანიება“ არის ფილმი, რომელიც ერთგვარი საჯილდაო ქვა აღმოჩნდა ცნობილი რეჟისორისთვის – უდიდესი ენერგია წაიღო მისგან და… განუხორციელებელი დარჩა ოცნება, გადაეღო ფილმები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და გალაკტიონის თვითმკვლელობაზე.

 

„მონანიება“ და „თვითმფრინავის ბიჭები“

 

ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, სანდრო ბარათელის როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდნენ. ბოლოს არჩევანი დათო გიორგობიანზე შეაჩერეს. სხვათა შორის, გადამღებ ჯგუფს მისი „შეღებვა“ მოუხდა, რომ ფერი შეეცვალათ.

 

რაც კი ლამაზი ქალი იყო, თითქმის ყველა გასინჯეს აბელის ცოლის – გულიკოს როლზე, რომელიც შემდეგ ია ნინიძემ განასახიერა. ია მაშინ 22 წლის იყო, ამ როლისთვის ძალიან პატარა, მაგრამ პარიკი გაუკეთეს თუ არა, ისეთი საოცარი გარდასახვა მოხდა, რომ, როგორც ნანა ჯანელიძემ გვითხრა: „აშკარად გამოჩნდა ქალი, რომელიც მიზნის მისაღწევად ნებისმიერს ამოკორტნიდა თვალებს“.

 

ფილმში ვარლამ არავიძისა და აბელის როლს ერთი და იგივე მსახიობი – ავთო მახარაძე ასრულებს. გადამღებ ჯგუფს იგი თავიდან მხოლოდ აბელის როლისთვის ჰყავდა შერჩეული. ავთო მახარაძემ რეჟისორს თავად შესთავაზა, ვარლამის როლს მოვსინჯავო. როცა გრიმი გაუკეთეს და ფოტო გადაუღეს, ისეთი საოცარი ეფექტი მიიღეს, რომ თენგიზ აბულაძემ მაშინვე უთხრა, ორივე როლს შენ ითამაშებო. მახარაძემ ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ დავალებას.

 

გადამღები ჯგუფისთვის ყველაზე რთული თორნიკე არავიძის როლის შემსრულებლის პოვნა აღმოჩნდა. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს გეგა კობახიძე და რამდენიმე კადრი გადაიღეს კიდეც, მაგრამ ძალიან მალე გეგა დააპატიმრეს თვითმფრინავის გატაცების გამო და ფილმის გადაღებაც შეწყდა. შემდეგ ეს როლი მერაბ ნინიძემ (რომელიც ექვსი წლით პატარა იყო გეგაზე) ითამაშა და საკმაოდ შთამბეჭდავადაც!

 

მაყურებელს ძალიან მოსწონს ნინო ბარათელის გმირი, რომელსაც რეჟისორის ქალიშვილი, მსახიობი ქეთი აბულაძე ასრულებს. სხვათა შორის, თენგიზ აბულაძემ ქალიშვილს პარალელურად ელენეს როლის თამაშიც შესთავაზა, უფრო საინტერესო იქნებაო, მაგრამ უარი მიიღო:

 

„ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მერჩივნა ერთი როლი მეთამაშა და კარგად! ახლა ვნანობ, უარი არ უნდა მეთქვა… შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი, თვითონ კი ალბათ ჩემზე მეტად განიცდიდა, თუმცა არ იმჩნევდა“, – ამას უკვე ახლა, წლების შემდეგ ამბობს ქალბატონი ქეთი. მისი სამსახიობო კარიერაც ალბათ უფრო წარმატებული იქნებოდა, რომ არა არეულობა, რომელიც 1989 წელს დაიწყო საქართველოში.

 

„ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“

 

გეგა კობახიძის დაჭერის შემდეგ თბილისში აგორდა ჭორი, რომ თენგიზ აბულაძესაც დაიჭერდნენ. ფილმის სცენარის ხელში ჩასაგდებად კაგებე გამალებით მუშაობდა. მათ ეს სცენარი გეგას სახლში იპოვეს.

 

ამ სცენარის მოსკოვში გაგზავნა უაზრობა იყო, ამიტომ თენგიზ აბულაძემ პირდაპირ შევარდნაძეს მიუტანა. „ფილმი აუცილებლად უნდა გადავიღოთ, ოღონდ ამისთვის გზები უნდა მოვძებნოთ“, – უთქვამს შევარდნაძეს რეჟისორისთვის. ეს გზა კი რეზო ჩხეიძეს გამოუნახავს. მაშინ თურმე ყველა რესპუბლიკის ტელევიზიას ჰქონდა დამოუკიდებელი ორი საათი, რომელსაც მოსკოვი არ აფინანსებდა. გადაწყდა, რომ ფილმი ტელევიზიის ბაზაზე გადაღებულიყო საქართველოს ბიუჯეტით. „მონანიება“ ტელეფილმად გაფორმდა და გადაღებებიც დაიწყო.

 

ფილმს სამი კამერით იღებდნენ. ოპერატორი მიშა აგრანოვიჩი (მესამე ოპერატორი იყო) მოსკოვიდან სპეციალურად მოიწვიეს. გეგას დაჭერის შემდეგ გადაღებები რამდენიმე თვით შეაჩერეს და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ფილმი მაინც გადაიღეს.

 

„მონანიება“ პირველად პოლიტბიუროზე აჩვენეს, რომელსაც, ცხადია, შევარდნაძეც ესწრებოდა. ბიუროს წევრებს ორადორი შენიშვნა ჰქონდათ: პირველი ის ეპიზოდი იყო, როდესაც დოქსოპულოს პატიმრებით სავსე ორი საბაგირო მანქანა მიჰყავს ვარლამ არავიძესთან, ბინის გამო სურს მათი დაპატიმრება და ამის საფასურად ჯილდოს მიღება. თავიდან დაპატიმრებულები გვარად ამილახვრები იყვნენ, მაგრამ პოლიტბიუროდან გვარის შეცვლა მოითხოვეს და გადამღებმა ჯგუფმაც ამილახვარი დარბაისელით შეცვალა.

 

მეორე შენიშვნა ვერიკო ანჯაფარიძის სცენაზე ჰქონდათ, როდესაც იგი ფილმის ბოლოს კითხულობს: „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“ „არა, ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ“, – ასეთი იყო პასუხი. ბიუროს წევრებმა მოითხოვეს, რომ პასუხი ასეთი ყოფილიყო: „არა, ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ“.

 

ამ ყველაფრის შეცვლას სამი თვე დასჭირდა. ამასობაში კი შევარდნაძე მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს და ფილმი ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. მეტიც, კაგებემ თბილისში ვიდეოკასეტები გაავრცელა, თითქოსდა, თენგიზ აბულაძეს თვითონ დაერიგებინოს ისინი. არადა, ეს სრული აბსურდი იყო, რადგან ვინც ბატონ თენგიზს იცნობდა, კარგად იცის, როგორ არ უყვარდა ვიდეოკასეტებზე გადატანილი ფილმების ყურება. კასეტას, რომელზეც ფილმის პირველი ვარიანტი იყო ჩაწერილი და რომელიც მართლა ინახებოდა მასთან სახლში, დამახასიათებელი წუნი ჰქონდა, ხალხში გავრცელებულ კასეტებზე კი ეს წუნი არ აღინიშნებოდა.

 

მოკლედ, თენგიზ აბულაძე დიდხანს ატარეს პარტიულ დაკითხვებზე, ბოლოს, როგორც იქნა, შეეშვნენ (ალბათ „ზემოდან“ მითითების შემდეგ) და ფილმმაც თაროზე ორწლიანი დების შემდეგ დღის სინათლე იხილა – ეს იყო 1986 წელს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X