fbpx
22:11 | 2020-09-24 ავტორი: თამარ გონგაძე

ახალი ტელევიზია ქართულ მედიაბაზარზე – რას ამზადებენ თათული ედიშერაშვილი და კახა შარტავა

ახალი ტელევიზია ქართულ მედიაბაზარზე – რას ამზადებენ თათული ედიშერაშვილი და კახა  შარტავა

ერთი კვირაც არ არის, რაც თათული ედიშერაშვილმა კახა შარტავასთან ერთად ინტერნეტ ტელევიზია გააკეთა და უკვე სხვადასხვა შემოთავაზებებს იღებენ. “პირველი სტუდიო” ასე ჰქვია სატელევიზიო არხს, რომლის გაკეთებასაც მსახიობი დიდი ხანი გაურბოდა, თუმცა საბოლოოდ, როგორც ამბობს, მაინც გარისკა.

 

მსახიობები სოციალური ფორმატის თოქშოუს ამზადებენ, თავად წაიყვანენ და ახლა ამისთვის ემზადებიან. როგორც გვპირდებიან, არხზე ბევრ საინტერესო გადაცემას იხილავს მაყურებელი.

 

როგორც თათული “პრაიმტაიმთან” ამბობს, რეიტინგული ვარსკვლავების გამოჩენისგან თავს შეიკავებენ და ფსონს საინტერესო და წარმატებულ ადამიანებზე დებენ.

 

თათული ედიშერაშვილი: – სიახლეები მომწონს, მაგრამ ვფრთხილობ. კრიტიკას მიჩვეული არ ვარ. რომ დავფიქრდი, რატომ ვიღებ რთულად გადაწყვეტილებებს-მეთქი, მივხვდი, რომ ამის მიზეზი სწორედ ის გახლავთ, რომ საყვარელმა მაყურებელმა გამანებივრა. ამბიციად ნუ ჩამითვლით, გაუპრანჭავად ვამბობ, მეც და ყველა ჩემი კოლეგა, რომლებიც ოდესღაც ერთ სივრცეში აღმოვჩნდით და კარგი საქმე გავაკეთეთ, მივეჩვიეთ ქებას და სიყვარულს.

 

ამიტომაც იყო, რომ ბევრ პროექტზე ვთქვი უარი. ვიცოდი, რომ იმ ხარისხში ვერ გავაკეთებდი (შესაძლოა გამეკეთებინა), რასაც ჩემგან ითხოვდნენ. მე საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ვარ. საქართველოში როცა რაიმეს ისე ვერ აკეთებ, როგორც მოელიან, ან უნდათ რომ გააკეთო, შესაძლოა, ბევრი რამის მსხვერპლი გახდე. არ გაპატიონ… ეს კი – არ მსურდა.

 

ტელევიზიის გაკეთების იდეა კახა შარტავას ეკუთვნის. დიდხანს მეჩიჩინა, რომ ეს საქმე დაგვეწყო. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მიდიხარ ბრძოლაში. გვერდით მდგომმა არ უნდა გიღალატოს, უნდა გეიმედებოდეს, უნდა გიყვარდეს, არ უნდა შეგრცხვეს.

 

მოკლედ, ახლა გავრისკე! თუმცა საახლობლოში და ჩემთვის ავტორიტეტულ ადამიანებში, გამოკითხვა მაინც ჩავატარე, როგორ უყურებდნენ ინტერნეტ ტელევიზიის საკითხს. მიხარია, რომ ჩვენი აზრები დაემთხვა.

 

 

 

მთავარი მონდომება და პლატფორმის სწორად შერჩევაა.

 

– რას სთავაზობთ მაყურებელს?

 

– “იმის შვილი – ამის შვილი” ჩვენს ტელევიზიაში არ იქნება. ჩვენთან ნახავთ ყოველგვარი ჩარევების გარეშე შემდგარ ადამიანებს. მხოლოდ საკუთარი ნიჭით წარმატებულებს. მინდა ამაში ერთი აგური დავდო.

 

 

2020-09-23"ჩემთვის ჩარჩოები მხოლოდ ნახატისთვის არსებობს..." - ნინო ქათამაძემ გადაცემის კეთება დაიწყო

 

ალბათ, ამაში ჩემი წარსულის კომპლექსებიც დევს. ჩემს ირგვლივ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, “ამის შვილი”, “იმის ძმისშვილი”. მე ამით ჩრდილი არ მომდგომია და არ დავჩაგრულვარ, თუმცა ყოველთვის მაბრაზებდა ეს ამბავი. ჩემს ირგვლივ ნიჭიერი ადამიანები ამის გამო დაჩაგრულან.

 

გავაკეთებთ გადაცემებს საინტერესო ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, რომლებზეც ბევრი რამ არ ვიცით. გვექნება მრავალფეროვანი გადაცემები, მათ შორის საბავშვო. ზალიკო სულაკაური ჩაუტარებს ბავშვებს ონლაინგაკვეთილებს.

 

მე და კახას გვექნება თოქშოუ, რომელიც სოციალური თემატიკის იქნება. რაც უნდა უცნაური იყოს, ჯერ არ დაგვიწყია და ძალიან საპატივცემულო ადამინებისგან გარკვეული შემოთავაზებები უკვე წამოვიდა. როგორც ჩანს, კარგად მიიღო საზოგადოებამ, დაინახა რესურსი, თავისუფლება. ჩვენთან პოლიტიკური თავისუფლებაა, “ამისიანი”, „იმისიანი” აქ არ არსებობს.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X