18:28 | 2021-09-01 ავტორი: თამარ გონგაძე

გავიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამ ზაფხულს დავკარგეთ

გავიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამ ზაფხულს დავკარგეთ

ძალზედ მძიმე ზაფხული გადაგორდა. კორონავირუსი დაუნდობლად გვართმევს თანამოქალაქეებს. ბევრი ადამიანი დავკარგეთ, მათ შორის, საზოგადოებისთვის ძვირფასნი და განუმეორებელნი. გავიხსენოთ ისინი.

 

ზაფხულის დასაწყისში, 6 ივნისს, განუმეორებელ არტისტს გამოვეთხოვეთ. მარადისობას 85 წლის ასაკში გენიოსი რეზო გაბრიაძე შეუერთდა. ამაღლებას გავაცილეთ და ეს დამთხვევა არ არის, თითქოს, კანონზომიერებაა. ისეთივე სიმსუბუქით წავიდა, როგორც “შერეკილების” ფინალში მოლივლივე ყანჩელის მუსიკა… ანჩისხატიდან მთაწმინდაზე ამაღლდა.

 

ნანი ბრეგვაძე: – გენიოსები არ მეორდებიან, ასე იოლად არ იბადებიან. ძალიან გულდასაწყვეტია, მთელ საქართველოს და მთელ სამყაროს ვუსამძიმრებ რეზო გაბრიაძის წასვლას.

 

ლაშა თაბუკაშვილი: – რეზო გაბრიაძე ბუნების და ღვთის რჩეულია. განსაკუთრებული, სევდიანი გენიოსი იყო. ბოლო ორი წელი სატელეფონო რომანი გვქონდა. ხანდახან ღამის სამ საათზეც მირეკავდა. ყველაფერზე ვსაუბრობდით…

 

 

“ქართული ხმების” დაუვიწყარი და გამორჩეული მეორე ხმა, 42 წლის ზურა ბაკურაძე, 23 ივნისს, სრულიად მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. რაჭაზე უზომოდ შეყვარებული მომღერალი, შქმერში, ხევში გადაიჩეხა.

 

ივნისის დასაწყისში რაჭაში დედა დაკრძალა. მერე თბილისში ჩამოვიდა. ანსამბლის წევრებთან ერთად რეპეტიციებს გადიოდა, ივლისში დაგეგმილი კონცერტებისთვის ემზადებოდნენ. რეპეტიციაში, 22 ივნისსაც, რამდენიმე საათი გაატარა და ბოლოს დაიბარა – “ერთი დღით მივდივარ რაჭაში და ზეგ თქვენთან ვარ, ბიჭებოო”…

 

მშობლიურ სოფელ სევაში ძმასთან, ასევე მომღერალ, გივი ბაკურაძესთან ერთად წავიდა. გივი და ზურა განუყრელები იყვნენ, მეგობრული ძმობა ჰქონდათ. ტრაგედიის ადგილასაც ერთად ყოფილან…

 

ანსამბლის წევრებსა და მის მეგობრებს, ზურას სახელობის დოღის მარათონის დაწესება სურთ. მარათონის მოწყობა, ბიჭებს, აგვისტოში უნდოდათ, თუმცა არსებული ვითარების გამო გადადეს.

 

 

1 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი, მანანა მაჩაბელი. მანანა მაჩაბელი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე სხვადასხვა გადაცემის წამყვანად. მანანა დეიდა თავისი ხმით 80-იანი წლების ბავშვებისთვის დაუვიწყარია…

 

 

5 აგვისტოს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რეგენტი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი, ლია სალაყაია. მგალობელზე, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, ნიკოლოზ რაჭველი წერდა: “ქალბატონ ლიას, უსაზღვრო თავმდაბლობის გამო, ფართო საზოგადოება შესაძლოა ნაკლებად იცნობდეს.

ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!”

 

ლია სალაყაიამ 1980 წლიდან დაიწყო გალობა წმინდა ნინოს ტაძარში. ერთი წლის შემდეგ, პარალელურად გალობდა სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის გუნდში. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის გუნდებს. გალობდა მუსიკალური სასწავლებლების, კონსერვატორიისა და სხვადასხვა ეკლესიის სამგალობლო ანსამბლსა და გუნდში. ხელმძღვანელობდა სამების საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლას და სიმღერა-გალობას ასწავლიდა ბავშვთა, ქალთა და ვაჟთა გუნდებს.

საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2019 წელს ის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

 

მგალობელი სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს.

 

 

8 აგვისტოს საკუთარ დაბადების დღეზე კორონავირუსს ემსხვერპლა 91 წლის მსახიობი, ნინო საკანდელიძე, ბათუმის თეატრის დიასახლისი.

 

22 იანვარს სოციალურ ქსელში ქალბატონი ნინოს ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ლექსს კითხულობს.

 

ნინო საკანდელიძე: – ეს ლექსი დაახლოებით 25-30 წლის წინ დავწერე. ფანჯარასთან ვიდექი და თოვლზე ვბუზღუნებდი, რა გააწყალა ამ წვიმამ და თოვლმა გული-მეთქი. დასვარა და გააოხრა ყველაფერი-მეთქი. ბათუმში ნალექი გასაკვირი არც არის. ჩემი შვილიშვილი, ბიჭი, პატარა იყო მაშინ და მეკითხება, ბებო, ცას რომ ცრემლი მოსდის, ვინ გალახა, თუ იციო? ასე ავეწყეთ… და დავწერე ეს ლექსი.

 

ნახეთ, ვინ აღმოჩნდა სოცქსელში პოპულარული ბებო, რომელიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ლექსად ამბობს
2021-02-22ნახეთ, ვინ აღმოჩნდა სოცქსელში პოპულარული ბებო, რომელიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ლექსად ამბობს

 

ნინო საკანდელიძემ და მანუჩარ შერვაშიძემ 65-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ბათუმელი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიმკეს და მსახიობები ამით ამაყობენ.

 

მანუჩარ შერვაშიძე: – გული იმაზე მწყდება, რომ მე და ნინიკო პარტნიორები არ ვყოფილვართ. ის “გერაინიებს” თამაშობდა და მე სახასიათო როლებს. სამაგიეროდ, ცხოვრების პარტნიორები ვართ 65 წელია.

 

სიყვარული თუ გაქვს, ყველაფერი კარგადაა. ბედნიერი ვარ, ისეთი ქალბატონი შემხვდა, რომ არც არასდროს დაგვძაბვია ურთიერთობა. არ მიეჭვიანია. ყველაზე მაგარი ბიჭი ვიყავი და! თუმცა გამიბრაზებია, როგორ არა. მაგრამ როლებით დატვირთული რომ იყო, ბევრჯერ სადილიც გამიკეთებია. ერთხელ პირდაღებული მჭადი დავახვედრე. ახლა რომ მესიჯებს უგზავნიან ერთმანეთს და ისე ქორწინდებიან, ესაა სიყვარული? ოთხი წელიწადი ვსდიე, მაგრამ ცოლად შერთვამდე ხელი არ “მომიკიდია” მისთვის. მექალთანე არა, მაგრამ ხანდახან კბილს გავკრავდი ხოლმე…

 

 

30 აგვისტოს პოეტი და მწერალი ზურაბ სამადაშვილი ციროზით გარდაიცვალა.

ზურაბ სამადაშვილმა ბოლო წლები იავადმყოფა. სოციალურ ქსელში მადლობასაც უხდიდა ექიმს.

 

“მადლობა ონკოქირურგ გიორგი მეტივიშვილს, რომელმაც ამ ქვეყნისკენ მომაბრუნა და გარკვეული დრო კიდევ მაჩუქა” – წერდა პოეტი “ფეისბუქზე.”

 

მწერალი და დრამატურგი, მიხო მოსულიშვილი კოლეგისა და მეგობრის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

 

მიხო მოსულიშვილი: – ერთად რომ ადიხართ მთაზე და უცებ თოკზე ჩაბმული მეწყვილე მოწყდება… – აი, ესე მომივიდა ახლა.

 

 

ზაფხული სამწუხარო ამბით დასრულდა. ავტოავარიას ემსხვერპლა ჯაზმუსიკოსი, ბასისტი მიშო ჯაფარიძე. 1 სექტემბერს მუსიკალური სამყარო მხოლოდ ამ ამბით იყო მოცული.

 

გიორგი სუხიტაშვილი: – მიშო! ახლა რა ეშველება შენს ოჯახს, რა?! რა გვეშველება ჩვენ უშენოდ?!

დამირეკა მანქანა უნდა ვიყიდოვო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ პრიუსები ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა გადაუვლიდა ეს აკვიატება. ხო და ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ ვერც ვიაზრებ? წლების მანძილზე როდესაც ბენდის შეკრებას ვიწყებდი პირველი ჩემს მიშოსთან ვრეკავდი, მიშო თუ მყავდა მთებს გადავდგამდი! მიშო თუ იყო დედას ვუტირებდი ისეთ რამეებს გავაკეთებდი. ხვალ რომ დამჭირდეს ბენდი რას ვიზავ? არაფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნიჭიერესი ბიჭი!

 

ნიკოლოზ რაჭველი: – დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი, თანამოაზრე, ახალი თაობის გამოკვეთილი მუსიკოსი, ძალიან ძალიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, არანორმალურად მოწესრიგებული და პროფესიონალი, თან უსაყვარლესი მიშა… ჩვენი საერთო მიშა ჯაფარიძე…

 

ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… უკიდურესობა… მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X