fbpx
22:18 | 2021-01-14 ავტორი: Prime Time

გავა წლები და ამ გოგონაზე მსოფლიო ალაპარაკდება, ამერიკის სასამართლო კი მას სიკვდილით დასჯის – უმძიმესი ისტორია

გავა წლები და ამ გოგონაზე მსოფლიო ალაპარაკდება, ამერიკის სასამართლო კი მას სიკვდილით დასჯის – უმძიმესი ისტორია

ინდიანას შტატის ტერე-ჰოტის ციხეში 52 წლის ლიზა მონტგომერი გუშინ სიკვდილით დასაჯეს. განაჩენის აღსრულების წინ მას ჰკითხეს, უნდოდა თუ არა რამის თქმა. მან უარი განაცხადა. მონტგომერს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

 

ეს არის პირველი ქალი 68 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკის მართლმსაჯულებამ სიკვდილით დასაჯა.

 

ეს არის ქალი ძალიან რთული ცხოვრებისეული ისტორიით.

 

დანაშაულის ანატომია

 

ბობი ჯო სტინეტი 1981-2004წწ

 

კენზასელმა, 36 წლის ლიზა მონტგომერმა 2004 წელს ინტერნეტით გაიცნო 23 წლის ბობი ჯო სტინეტი მისურიიდან. ეს ძაღლების მოყვარულთა ფორუმზე მოხდა, სადაც სტინეტმა დაწერა, რომ შვილს ელოდებოდა. ლიზა მას სხვა სახელით გაეცნო და მასთან თითქოსდა ლეკვის საყიდლად ჩავიდა. მაშინ ბობი ფეხმძიმოსბის მერვე თვეში იყო. ლიზა მის მოგუდვას შეეცადა. ჩვეულებრივი დანით გაუჭრა მუცელი. ამოიყვანა ჩვილი და გაიტაცა. ბობი ჯო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ის დედამ იპოვნა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ლიზა კანზასში დაბრუნდა და ქმარს, კევინს შეატყობინა, რომ მათ გოგონა ეყოლათ. მანამდე ის მეუღლეს ატყუებდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ამიტომაც, კევინს სულაც არ გაკვირვებია, რომ გოგონას მამა გახდა.

 

ლიზამ ბავშვი მეზობლებსაც აჩვენა, რომლებმაც ასევე იცოდნენ, რომ ქალი შვილს ელოდებოდა.

 

მონტგომერი მეორე დღესვე დააკავეს. გატაცებული ბავშვი გადარჩა. ის ნამდვილ მამას დაუბრუნეს, რომელმაც ბავშვს ვიქტორია ჯო დაარქვა. ახლა ის 16 წლის არის და არასდროს ულაპარაკია საჯაროდ დედის გარდაცვალების შესახებ.

 

ფეხმძიმობის სიმულაცია

 

მონტგომერს მანამდეც არაერთხელ უთქვამს ტყუილი ფეხმძიმობის შესახებ.

 

მისმა მეორე ქმარმა, კევინმა სასამრთლოზე განაცხადა, რომ ლიზამ, რომელსაც უკვე ჰყავდა თავისი ოთხი შვილი, სამჯერ შეატყობინა მას ფეხმძიმობის შესახებ. პირველ ორ შემთხვევაში კი უთხრა, რომ აბორტის გაკეთება მოუხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ლიზას ქმარი – კევინ მონტგომერი

 

ყოფილმა ქმარმა კარლ ბომანმა კი სასამართლოს განუცხადა, რომ ლიზას შვილი ვეღარ ეყოლებოდა, რადგან მეოთხე მშობიარობის შემდეგ მას სტერილიზება ჩაუტარდა. ფეხმძიმობის შესახებ კი ქალი არამხოლოდ მეორე, არამედ პირველ ქორწინებაშიც იტყუებოდა, თუმცა კევინისგან განსხვავებით, კარლმა სტერილიზაციის შესახებ იცოდა.

 

გაყრის შემდეგ კარლი ცდილობდა, რომ ლიზასთვის ოთხიდან 2 შვილი წაერთმია და ამისათვის სწორედ ფეხმძიმობის სიმულაციების გამოყენებას გეგმავდა მის წინააღმდეგ. ეს იცოდა ლიზამაც და მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილ ქმარს შეატყობინა, რომ „დაუმტკიცებდა სიმართლეს“.

 

ბრალდება ლიზას სიკვდილით დასჯას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ მას მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი – ინტერნეტში ეძებდა კიდეც ინფორმაციას საკეისრო კვეთის შესახებ. დაცვის მხარე კი დაჟინებით ითხოვდა სამუდამო პატიმრობას და არგუმენტად ლიზას ბავშვობა მოჰყავდა, როცა ის სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც ცრუ ფეხმძიმობის სინდრომი განუვითარდა.

 

დაცვის არგუმენტები სარწმუნო არ აღმოჩნდა მსაჯულებისთვის და მათ სასიკვდილო განაჩენი გამოაცხადეს.

 

 

მკვლელობის ადგილი – ბობი ჯო სტინეტის სახლი

მამინაცვალი აუპატიურებდა, დედა კი პროსტიტუციაში რთავდა

 

მონტგომერი კი ბავშვობაში მართლაც იყო ძალადობის მსხვერპლი.

 

ადვოკატების თქმით, ლიზას დედა, ჯუდი შონესი, ფეხმძიმობის დროს სვამდა. მამა სახლიდან წავიდა, როცა გოგონა ჯერ კიდევ 3 წლის იყო. როცა ოთხის გახდა, მისი 8 წლის და, დიანა სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა, რადგან მასზე სექსუალურად ძალადობდა დედის მეგობარი. ლიზა დედასთან დარჩა, რომელიც მას საშინლად ექცეოდა. მაგალითად, აიძულებდა ცივი დუშის მიღებას, როცა ბავშვი ლოგინში იფსამდა, ან პირზე სკოჩს აკრავდა, როცა უნდოდა, რომ ბავშვს ხმა არ ამოეღო.

 

13 წლიდან გოგონაზე ალკოჰოლდამოკიდებული მამინაცვალი ჯეკ კლეინერი ძალადობდა. თუმცა ის მარტო არ იყო ამ საქმეში – მეგობრებსაც აძლევდა ამის საშუალებას. კლეინერი ემუქრებოდა ლიზას, რომ გააუპატიურებდა მის უმცროს დას, პეტის, თუ ის მას არ დაემორჩილებოდა და ამოხოცავდა მთელ მის ოჯახს, თუ ვინმეს მოუყვებოდა ამის შესახებ.

 

ამასობაში ლიზა 15 წლის გახდა და მისი სექსუალურ ექსპლუატაციაში დედაც ჩაერთო. ის შვილს აიძულებდა, რომ სექსი ჰქონოდა ელექტრიკთან, სანტექნიკოსთან მათი მომსახურების სანაცვლოდ.

 

დაწყებით კლასებში ლიზა ფრიადოსანი იყო, თუმცა მოგვიანებით ის გადაიყვანეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების კლასში. სკოლის დამთავრების შემდეგ მას ჯარში უნდოდა წასვლა, თუმცა 18 წლისა გათხოვდა. ის ცოლად გაჰყვა 25 წლის კარლ ბომანს. ის მისი დედის მეოთხე ქმრის შვილი იყო, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა სწორედ საკუთარმა დედამ დააწყებინა. ქმარი მასზე ხშირად ძალადობდა. 23 წლის იყო ლიზა, როცა უკვე 4 შვილი ჰყავდა. 1990 წელს მას, დედის და ქმრის დაჟინებული მოთხოვნით, სტერილიზაცია ჩაუტარეს.

 

მოგვიანებით ის გაშორდა კარლს და ცოლად გაჰყვა კევინს, რომელიც არ იყო კარლივით სასტიკი, თუმცა ცოლის ცემას არც ის ერიდებოდა.

 

შვილების გაჩენის შემდეგ ლიზამ სმა დაიწყო და ვერ ახერხებდა მათ მოვლას. აღარც თავს უვლიდა.

 

დაცვის არგუმენტი – „ვერ გაიგებს, რის გამო ისჯება“

 

ადვოკატები, რომლებიც სასიკვდილ განაჩენის გამოტანის შემდეგ მუშაობდნენ ბრალდებულთან, ირწმუნებოდნენ, რომ სისტემატური ძალადობის ფონზე ქალს განუვითარდა ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევები. ის რთულად იგებდა, რა იყო რეალური და რა – არა, ვერ გრძნობდა საკუთარ სხეულს, ვერ აკონტროლებდა საკუთარ იმპულსებს. მკვლელობა კი მისი ფსიქიკური დარღვევების კულმინაცია იყო.

 

ადვოკატები აცხადებენ, რომ ლიზა ვერ დაიცვა სახელმწიფომ, ვერც სოციალურმა სამსახურებმა, რომელმაც უფროს დას მიხედა, ვერც სკოლამ, სადაც ის ჭუჭყიანი და დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდა, ვერც ბიძაშვილმა პოლიციელმა, რომელსაც ლიზამ უამბო მამინაცვლის მხრიდან ძალადობის შესახებ…

 

ლიზა მონტგომერი

 

ბრალდებულის დაცვა მოითხოვდა შეცვლილიყო სასჯელი, რადგან მონტგომერი ვერ მიხვდებოდა, რისთვის ისჯებოდა.

 

ადვოკატებმა და ათასზე მეტმა აქტივისტმა ტრამპსაც მიმართა სასჯელის შემსუბუქების თხოვნით, ამერიკის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას კი სიკვდილით დასჯის გადადებაზე. მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა, ტრმპმა კი რეაგირება არ მოახდინა მათ მიმართვაზე.

 

ლიზა მონტგომერის განაჩენი დეკემბერში უნდა აღესრულებინათ, თუმცა იმ დროისთვის მისი ორი ადვოკატი კორონავირუსით იყო ავად.

 

„ჩვენი კონსტიტუცციით აკრძალულია იმ ადამიანის სიკვდილით დასჯა, რომელსაც არ შეუძლია ამ სასჯელის რაციონალური გააზრება“ – აცხადებდა მჯავრდებულის ადვოკატი კელი ჰენრი, რომელმაც მონტგომერის სიკვდილით დასჯას „სირცხვილი“ უწოდა.

ავტორი: Prime Time


X