fbpx
11:21 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

გასაიდუმლოებული შეხვედრა რესტორან „მეგრელებში“ – საუბრის თემა რუსთავი 2

გასაიდუმლოებული შეხვედრა რესტორან „მეგრელებში“ – საუბრის თემა რუსთავი 2

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ადვოკატი კახა კოჟორიძე რუსთავი2-ის წილების დათმობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართ არსებულ კითხვებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კოჟორიძე, რომელიც სასამართლოში რუსთავი2-ის პირველი დამფუძნებლების – დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ინტერესებს იცავს, ასევე ავრცელებს ჩვენებას, სადაც 2004 წელს რესტორან „მეგრელებში“ გამართულ შეხვედრაზეა საუბარი.

 

„ვანო მერაბიშვილთან მაქვს კონკრეტული კითხვები რუსთავი 2-ის საქმეზე. როგორც ვიცი, ის „მთავარზე“ იქნება სტუმრად და ჟურნალისტს ვთხოვ შეეკითხოს:

 

რა იცის იმის შესახებ, რომ 2004 წელს აქიმიძესა და დვალს რ2-ის წილი იძულების გზით გადააფომებინეს?

ადასტურებს თუ არა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების სისწორეს? (ჩვენებიდან ამონაწერი იხ.ქვემოთ)

იყო თუ არა ქიბარ ხალვაში ჩართული იძულების სქემაში და რა ფორმით?

ადასტურებს თუ არა ქიბარ ხალვაშის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების სისწორეს? (ქიბარ ხალვაშის ჩვენებიდან ამონაწერი იხ. ქვემოთ)

.

 

აქვე განვმარტავ, რომ აღიარების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს არ მოუწევს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისგებაში მიცემა, ვინაიდან ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ საქმეზე სისხლის კუთხით ხანდაზმულობის ვადა გასულიყო. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია დაეხმაროს დვალს და აქიმიძეს რუსთავი 2-ის 60%-ის დაბრუნებაში (როგორც იცით, ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ამ საქმეზე და მე ვარ მათი ადვოკატი).

 

ამონაწერი ჯ. აქიმიძის ჩვენებიდან:

 

„მეორე დღეს დამირეკა ჯემალ ინაიშვილმა და შეხვედრა დაგვითქვა 29 მაისს, რიყეზე, რესტორანში „მეგრელები“. დათქმულ დროზე მივედით მე და დავით დვალი, რესტორანში დაგვხვდნენ ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ჯემალ ინაიშვილი. ზოგადი საუბრის შემდეგ ზურაბ ადეიშვილმა და ივანე მერაბიშვილმა გვითხრეს თუ როგორ წარმოედგინათ ქვეყნის მომავალი და მისი მართვა. თქვეს, რომ ისინი აპირებდნენ მინიმუმ 10 წლით ხელისუფლების შენარჩუნებას, რომ ხელისუფლებისთვის უპირობოდ საჭირო იყო პროპაგანდისტული, მათთვის დაქვემდებარებული მედია საშუალება, რომ მათ ამისთვის სჭირდებოდათ „რუსთავი 2“, როგორც უკვე გამოცდილი და საიმედო იარაღი და თვლიდნენ, რომ მე და დავით დვალს უნდა დაგვეთმო საკონტროლო პაკეტი, ანუ 60%, ხოლო ერასტი კიწმარიშვილს შეინარჩუნებდნენ, როგორც მეწილეს, მენეჯერს და მათი პოლიტიკის გამტარებელს. ჩვენ გაგვაკვირვვა მათმა კატეგორიულმა მოთხოვნამ, ვუთხარით, რომ სრულიად მიუღებელია „რუსთავი 2“-ის, როგორც სახელისუფლებო იარაღად გადაკეთება, მითუმეტეს ერასტი კიწმარიშვილის ხელმძღვანელობით, უარი ვუთხარით ნებისმიერი ფორმით გაყიდვასა და იჯარით გადაცემაზე და ავდექით სუფრიდან. ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ მოელოდა ჩვენი მხრიდან ასეთ კატეგორიულ დამოკიდებულებას…

 

შეხვედრის მეორე დღიდან ჩემს სახლის კართან მორიგეობა დაწესდა. ქუჩაში მონაცვლეობით იდგნენ რუხი ფერის „ოპელი“ და თეთრი „ნივა“. ისინი აკონტროლებდნენ ჩემს ყველა გადაადგილებას. საუბრებიდან გაირკვა, რომ იგივე მოხდა დავით დვალთანაც – მასაც დაუწყეს თვალთვალი…“

 

ამონაწერი ქიბარ ხალვაშის ჩვენებიდან:

 

„შედგა ქიბარ ხალვაშის შეხვედრა ზურაბ ადეიშვილთან, ივანე მერაბიშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ხალვაშს უთხრეს, რომ ,,რუსთავი-2“-ის სრული ღირებულება შეადგენდა 7 000 000 აშშ დოლარს და თუ ხალვაშს სურდა, გამხდარიყო ,,რუსთავი-2“-ის ერთპიროვნული მესაკუთრე, მას აღნიშნული თანხა 1 200 000 აშშ დოლარის გამოკლებით  (რომელიც ხალვაშმა მანამდე გადასცა ოქრუაშვილს).

 

საუბრის დროს, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ხალვაში იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი და მათთვის მისაღები იყო, მხოლოდ ხალვაში ყოფილიყო ტელეკომპანიის მესაკუთრე… შეთანხმდნენ, რომ ხალვაში თანხას გადაიხდიდა ეტაპობრივად, ყოველთვიურად დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც პირადად გადასცემდა ივანე მერაბიშვილს. …ზემოაღნიშნულ თანხას ხალვაში ყოველთვიურად უხდიდა ივანე მერაბიშვილს. მან მერაბიშვილს საერთო ჯამში გადასცა დაახლოებით, 4 000 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემა ხდებოდა მერაბიშვილის სამუშაო კაბინეტში.“

ავტორი: Prime Time
X