fbpx
00:23 | 2020-07-28 ავტორი: რუსა ღვანიძე

„გარმონზე, თუშურ მელოდიებს ვუკრავ… საწოლის რკინის ბადეზე ვისწავლე“ – პატრიარქის თუში ჩოხოსნის სევდიანი ისტორია

„გარმონზე, თუშურ მელოდიებს ვუკრავ… საწოლის რკინის ბადეზე ვისწავლე“ – პატრიარქის თუში ჩოხოსნის სევდიანი ისტორია

თუშის ვაჟს როგორ გადაურჩები? თუ შეგამჩნია არწივის თვალამ, მოგცელავს მინდვრის ყაყაჩოსავით, მოინუსხები დაჰკარგავ ძალას“…

 

პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის ღირსეული წევრი, ახალგაზრდა პოეტი გიორგი რამაზაშვილი, თუშურ დიალექტზე დაწერილი უნიკალური ლექსებით, ბრწყინვალედ გადმოგვცემს მთის სოფლის ცხოვრებას. ახმეტაში დაბადებული, უცხო ქვეყანაში გადახვეწილი თუში პოეტი, „პრაიმტაიმს“, პირადი ცხოვრების სევდიან, მაგრამ საინტერესო ისტორიას უამბობს:

 

დავიბადე 1986 წლის 6 აგვისტოს ქ. ახმეტაში. ლექსების წერა, ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე, იმდენად პატარა, რომ არც მახსოვს. მხოლოდ გადმოცემით ვიცი, როცა რამეს დავწერდი, ვიმალებოდი და კუთხეში მიკუნჭული ვწერდი. ვიცი, რომ 11-12 წლის ასაკში, რაღაცეებს „ვჯღაბნიდი“, ოღონდ, ყოველი ლექსი, თუკი ლექსი შეიძლება ეწოდოს, ყოველთვის რელიგიურ თემას, ან მიცვალებულს ეძღვნებოდა.

 

 

დედა, 14 წლის ასაკში გარდამეცვალა და ბებიამ (დედის მხრიდან) – თებრო ბასხაჯაურმა გამზარდა. დედის გარდაცვალებამდე, სოფელ ფშაველში ვცხოვრობდით, გარდაიცვალების შემდეგ, კი ზემო ალვანში გადავედი. ლექსებს, ძირითადად, თუშურ დიალექტზე ვწერ, რა თქმა უნდა, ლიტერატურულიც მაქვს, მაგრამ თუშურად, უფრო „მეწერება“ და აქ უფრო ვხედავ ჩემს თავს. გარმონზეც ვუკრავ – ნიკელის საწოლის, რკინის ბადეზე ვისწავლე ბავშვობაში.

 

 

რკინის ბედეზე გამოსცემდი მელოდიას?

 

არ მქონდა ისეთი ბავშობა, რომ ჩემს მშობლებს, გარმონი ეყიდათ. მოგეხსენებათ, წინათ, ნიკელის საწოლები იყო – ლოგინ-საგებელს გადავკეცავდი ხოლმე და რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც საწოლის ქვედა მხარეს გასდევს, ვაწკარუნებდი და გამომყავდა მელოდიები. თუკი სტუმრად მოვხვდებოდი „გარმონიან“ ოჯახში, ბედნიერი ვიყავი – საწოლზე დაკრული მელოდია, გარმონის კლავიშებზე გადამქონდა.

 

ორი კრებული მაქვს გამოცემული, მესამეც მზად მაქვს, თუმცა, პოეტების დაუსრულებელი პრობლემა, ყოველთვის სპონსორია. იქნებ უფალმა გადმომხედოს და ახალმა წიგნმა, მზის სინათლე ნახოს.

 

 

წინა ორ კრებულში, ორივე ლექსია მოთავსებული – ლიტერატურული და დიალექტური. ახალ კრებულში კი, მხოლოდ დიალექტური დავაბინავე. დიალექტი, ძალიან საინტერესო და ბევრად საყურადღებოა. ბევრჯერ მოეწყო ჩემი შემოქმედებითი საღამოები, როგორც საქართველოში, ასევე სტამბოლში არსებული ქართული კულტურის ცენტრსა და ქართული ხელოვნების სახლში.

 

ამჟამად, ემიგრაციაში – იტალიაში ვიმყოფები. რამდენიმე ხნის წინ, ჩემი შემოქმედებითი საღამო, ქალაქ ბარიში ჩატარდა, რომელიც იყო საქველმოქმედო და შემოსული თანხით, გოდერძი ჩოხელის ვაჟ, ნიკა ჩოხელს დავეხმარეთ.

 

 

საღამოს, ჩემი მეორე კრებულის სახელი – „დ’ეე, შენა-დ, თუშეთ…!“ ერქვა, ხოლო კრებულს, ჩემი ერთ-ერთი ლექსის სათაური, რომელიც დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი.

 

ძალიან საინტერესო, ემოციური და ამავე დროს სევდიანი ისტორიაა… 

 

31 წლის ვიყავი იტალიაში რომ ჩამოვედი, თითქმის ოთხი წელია აქ ვარ. როგორც ყველა სარჩოს საძიებლად გადახვეწილი ქართველი, მეც ამიტომ ჩამოვედი. არანაირი შემოსავალი არ მქონდა, სად არ ვეძიე სამსახური, ვის არ ვთხოვე, თანახმა ვიყავი მეეზოვედ, ავტობუსების კონტროლიორად მემუშავა, თუმცა ამაოდ, დაპირება, დაპირებად რჩებოდა და მე, „უპურობა“ მაწუხებდა.

 

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბიჭისთვის, თუ რამდენად ძნელია „უყველაფრობა“. 8 წლის განმავლობაში, თურქეთში, სტამბოლში ვმუშაობდი. თავიდან, ყველგან ძნელია ადამიანი აეწყო, მერე კი გამიმართლა – რევაზ რამაზაშვილის დახმარებით, ქართულ-თურქულ სატრანსპორტო კომპანია „დემირკოლ ლოჯისტიკში“ მოვხვდი. პარალერულად კი, სტამბოლში არსებულ, ქართული კულტურის ცენტრში ვმოღვაწეობდი, თურქი ქართველებისთვის, თეა თეთრაძესთან ერთად, ბევრი ქართული ღონისძიება მოვაწყვეთ, ქართული სული ღვიოდა მათ თვალებში.

 

ამჟამად რას საქმიანობ?

 

დამხმარედ ვმუშაობ ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში და არ მრცხვენია ამის თქმა, რადგან პატიოსანი შრომა სათაკილო არ არის! ბევრისგან მსმენია, ქართველმა კაცმა, როგორ უნდა იმუშაო დამხმარედო. აი ასე, ვმუშაობ ჩვეულებრივ. ის უფრო შემრცხვება, პურის ფული მქონდეს სათხოვარი, ვიდრე მუშაობა ვიუკადრისო. უკვირთ, გიორგი რამაზაშვილი ოჯახში მუშაობსო – რადგან მე ვარ და ლექსებს ვწერ, არ ნიშნავს, რომ შრომა ვიუკადრისო.

 

რა არის შენთვის სამშობლო?

 

ადამიანი, თუ შორს არ წავა, სამშობლოს ნამდვილ სიყვარულს, ვერასდროს შეიგრძნობს. ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ყოველთვის მესმოდა, რომ მორწმუნე უნდა ვყოფილიყავი და სამშობლო, უპირველესი უნდა ყოფილიყო ჩემ ყოფიერებაში. დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველო, ჩემი სალოცავი ხატია, რომელსაც სრულიად სამზეოს ვავედრებ. მეოცნებება, მენატრება, მიყვარს და მომაკვდავი კაცის წვეთი წყლის წყურვილივით მწყურია.

 

 

როგორც თავში ავღნიშნე, მეტად მორწმუნე და ტრადიციული, ჩვეულებრივ ქართულ გლეხურ ოჯახში გავიზარდე, ისიც ავღნიშნე, წერა რომ დავიწყე რელიგიას, ან მიცვალებულს ეძღვნებოდა. ძალიან მომწონდა სასულიერო ცხოვრება და სულ ნატვრას „ვაყრიდი“ სასულიერო პირებს. არ მახსოვს, რას ნიშნავს სკოლიდან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, აჩქარებული ნაბიჯით გაქცევა სახლისაკენ რომ მეთამაშა – სულ მეჩქარებოდა, ოღონდ ტაძარში.

 

შემეძლო საათობით ვმდგარიყავი და მარტოს მელოცა. ვიცოდი, რომ უფალი უფრო მეტად შეისმენდა ჩემ ვედრებას. პირველი მოძღვარი, მამა დავით ჭვრიტიძე გახლდათ, რომელიც ალავერდის ტაძარში მსახურობდა. ჩვენი სოფლის ტაძრიდან, ბევრჯერ წავსულვარ მამაოსთან. ყოველთვის მსიამოვნებდა მასთან სიახლოვე, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, ალბათ, მძლია ეშმაკმა და საერო ცხოვრებამ მომხიბლა, თუმცა, ტაძარი და აღმსარებლობა, არასდროს მიმიტოვებია.

 

 

თუ ქრისტე ინებებს და ღირსეული სასულიერო ცხოვრების ძალას მომცემს, რა უფლება მაქვს არ დავეთანხმო? იყოს ნება უფლისა, ჩემი სამზეო! მიყვარს უფალი!

 

– გზა პოეტობისკენ… თუშურ დიალექტზე დაწერილი შენი პირველი ლექსი…

 

თუშურ დიალექტზე დაწერილი ჩემი პირველი ლექსი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. დიალექტზე კი არა, საერთოდ, პირველი რა დავწერე, არ ვიცი. ყოველთვის მხვდება ეს კითხვა ინტერვიუებში, თუმცა ვერ ვცემ პასუხს, ვინაიდან ამის დასამახსოვრებლად, საკმაოდ პატარა ვიყავი. ერთი პატარა ნაწყვეტი მახსოვს, თუმცა არ ვიცი, როდის და როგორ არის დაწერილი:

 

„დედო წუხრ ჲაქ თეთრ ფიფქებმ,
ალვნის ქუჩებ გა’აფერ,
მეტ’ა, ლამაზნ იყვნიან,
დათოილ მთას და’აფერ.

 

დედო ფიქრ ფიქრებს მიყრის,
წერას გამ’ააქვ განაჩენ,
დეე, თოვლიწ მოგვივიდ,
ჰაბა რ’აგვერემ გაჩვენვ“…

 

ვიცი, რომ ძველი დაწერილია – დედას ვესაუბრები, თუმცა თარიღი არ მახსოვს.

 

იშვიათია პოეტი, რომელიც თუშურ დიალექტზე წერს…

 

მართლაც ძალიან ცოტანი მოიძებნებიან სათუშოში, ვინც თუშურ დიალექტზე წერს. თუმცა, მე ვეძებ და ვეხვეწები ახალგაზრდებს, ვისაც წერა შეუძლია, ოღონდაც სცადონ და დაწერონ, მე რაც შემეძლება არ დავიზარებ და სიამოვნებით დავეხმარები, ჯერ ისევ ჯეელი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ვინმე მეგულებოდეს, ვინც გააგრძელებს და არ დაივიწყებს სიყვარულის დიალექტს.

 

ვფიქრობ, რომ უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. მხოლოდ დღევანდელობაზე და ჩვენზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რაც მეტი დაწერს რაც მეტი პოეტი გამოჩნდება, ჩემი ქვეყნის და ჩემი კუთხის სახელია.

 

უნიკალურად წერდა დიალექტურ ლექსს მოწინავე მეცხვარის, მახარე თათარაიძეს დედა, ქალბატონი თამარა თათარაიძე.
თავად მახარეც წერდა დიდი და ძვირფასი სიტყვის ავტორი იყო, ახლა არცერთი აღარ არის, აცხონოთ უფალმა!

 

ბედნიერი ვარ, რომ მეთქმევინება ხოლმე ჩემ ტკბილ დიალექტზე რითმები. თუშეთში, ჩემი სოფელია – დართლო, ფიქრებით სულ დართლოში ვარ და სულ იქაურობას ვეფერები, მენატრება თითოეული იქაური ქვა და იქით ძაღლის ყეფაც კი.

 

– -ყოველთვის საჭიროა სამშობლოს სადარაჯოზე შენისთანა ვაჟკაცები… გიფიქრიათ, რომ თუ დაბრუნდები, უფალი საკადრის ადგილს მოგიჩენს… 

 

სამშობლოში დაბრუნებას, მალე ვფიქრობ. არ მინდა დიდი ხანი დავყო, ჩემი მიწა წყლის გაშე. თუმცა, ეს წლებიც დაკარგულად მიმაჩნია, რაც უკვე დავყავი. საქართველოს რომ უჭირს ეს უდავოა, თუ წერა მქონდა სამშობლოში ყოფნისა, ალბათ ვიქნებოდი. ჩემ უსამშობლობას, უფლისგან მოვლენილ გამოცდად ვთვლი, რომელიც დათმენით და ღირსეულად უნდა ჩავაბარო.

 

 

აუცილებლად დავბრუნდები! დიდხანს ვერ შევძლებ ყოფას ჩემი სახლის, ჩემი უბნის, ჩემი თუშეთისა და ჩემი საქართველოს გარეშე.

 

დაოჯახებული ხართ?

 

მეუღლე არ მყავს, დასაოჯახებელი ვარ. მყავს ორი და – დაოჯახებულები. ასევე, ძალიან საყვარელი მეგობრები და ნათესავები. ადამიანები, ვის გარეშე ყოფნაც, ჩემთვის შეუძლებელია. ჩემი მიცვალებულების საფლავები მაქვს, ჩემი ხატ-სალოცავები მელოდებიან მთაში და ბარში, საქართველო მყავს.

 

– გყვარებია ოდესმე?

 

პოეტი კაცი მუდამ შეყვარებულია, სულ მიყვარს და სულ ვეტრფი. შეყვარებული ვყოფილვარ ისეთი, რომ აღწერაც შეუძლებელია, ზოგადად სიყვარული ამოუხსნელია, მაგრამ ვიცი, რომ მიყვარს. როგორ შეიძლება, ლექსი დაწეროს პოეტმა ქალზე და ის სიყვარულს არ განიცდიდეს? ქალი, ჩემთვის ძვირფასი და ღირებულია – ყველაზე მეტად მასში ხასიათი, უბრალოება, სისადავე, სიყვარულ ჩაღვრილი თვალები და თვითონ სიტყვა ქალი მიყვარს.

 

 

– ლექსს, მუზა ჭირდება?

 

როდესაც ლექსს ვწერ, სააქაოზე, არასდროს ვარ. არც ერთი ლექსის დაწერის პროცესი არ მახსოვს, თითქოს გავდივარ გონიდან და უკვე რომ მიბრუნდება ამქვეყნიურობა, დაწერილია. ალბათ ამას ჰქვია მუზა, ლექსი ვერ დაიწერება დაგეგმარებით, ვერ დაწერ დაკვეთით, ვერ იტყვი, რომ დღეს, ამა თუ იმ თემაზე უნდა დავწერო. ხან ისეთი უცნაურობა დამეწერება ხოლმე, რომ მეც მიკვირს, არასდროს რომ არ მიფიქრია იმ რაღაცაზე, მაგრამ დაწერილა.

 

ორი შემთხვევა იყო: სიზმარში გოდერძი ჩოხელი და ერთხელ, ვაჟა ფშაველა ვნახე. სიზმარში ნაამბობი მაქვს, ლექსად ნათქვამი ორივესადმი მიძღვნილ ლექსში, არ მიწვალია და არც მიფიქრია, ნეტავ რა დავწერო და როგორ მეთქი. თითქოს იმიტომ გამომეცხადნენ, რომ უნდა დამეწერა. ძალიან მიხარია ორივეს ნახვა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ბუმბერაზ ადამიანებთან სიზმრად ნაამბობი, ლექსად ავკინძე. სხვა შემთხვევა არ მახსენდება, რომ რომელიმე ლექსის დაწერის მომენტი მახსოვდეს. არ ვიცი როგორ იწერება. ცხადია, გონზე რომ მოვდივარ, უკვე დაწერილია.

 

– ეს ყველაფერი უფლის საჩუქარია?

 

რა თქმა უნდა, ყველაფრი უფლისგან არის ბოძებული და რა უფლება მაქვს, არ გადავცე საზოგადოებას ის, რასაც უფალივე მათქმევინებს,  იმდენჯერ უშველია, მტკივან სულზე ლექსის დაწერას, რომ ზოგჯერ მგონია, ამ სახით მაძლევს ლოცვებს ღმერთი. არის დღეები, როცა რაღაც მტანჯავს და ცუდად ვარ, მერე დავწერ და გადამივლის. შემდეგ ვხვდები, რომ ის მაწუხებდა, რაც დასაწერი იყო.

 

 

– უამრავ სევდას იტევს შენი გული… 

 

ადამიანი ხომ მაინც ტანჯვისთვის არის გაჩენილი. მგონია, რომ სააქაოზე უკვე გაიარა ჯოჯოხეთი, ეს ხომ უდავოა. უცოდველი ადამიანი არ არსებობს, ხოდა, უფლისთვის მიმინდვია ჩემი ცოდვილი ცხოვრება. ყველაზე ძალიან, დედაჩემის (ციური ბასხაჯაური-რამაზაშვილი) გარდაცვალებამ იმოქმედა, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი, ალბათ ვაანალიზებდი რაც მელოდა მომავალშიც – დედის გარეშე, სახლი, სახლი არ არის და ადამიანი, ადამიანი არ არის – რა ასაკშიც არ უნდა იყოს.

 

არანაკლები ტრაგედია, გამზრდელი ბებიის, თებრო ბებოს გარდაცვალება და კიდევ მეტი, ჩემი ემიგრაციაში წასვლა იყო – ჩემი საყვარელი ადამიანების დატოვება და ჩემი მკვდრების უსაფლავობა.

 

 

„ახალი კორონავირუსის“ პანდემიის დროს ბევრი როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები გამოიკვეთა…  

 

 

რომ მკითხოთ, ახლაც არ მჯერა კორონას არსებობა, არ ვიცი, ეს ჩემი აზრია. უბრალოდ, ერთი ჩვეულებრივი გამოცდა მოიგონეს ესეც, გვცადეს თუ რამდენად იოლად სამართავი იყო სამყარო. იმას არ ვამბობ რომ ვირუსი არ იყო, იყო რა თქმა უნდა, თუმცა არა იმ საშინელი ფორმით, როგორც ქუხდა. ადამიანი რომელიც არ არის ჯანმრთელი და დარღვეული აქვს ორგანიზმი, იმას „კორონა“ კი არა, ჩვეულებრივი გრიპი რომ შეხვდეს, ისიც ასუსტებს. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, ხომ არის სიტყვის თავისუფლება და მეც, ჩემი აზრი გამოვთქვი.

 

თვეების მანძილზე გამოკეტილები ვიყავით სახლში და ყოველ წუთს, საშინელებას ველოდით. დადებითი რაც დავინახე და რამაც ძალიან გამახარა, ეს იყო ადამიანების ერთმანეთისადმი უდიდესი სიყვარულის გამოხატვა, სითბო, დახმარების გაწევა და ადამიანობის შეგრძნების დაბრუნება. მესმოდა, რომ საქართველოში ხალხი სოფელს დაუბრუნდა, შეივსო სახლები და „კორონას“ დამსახურებით, მამა-პაპისეული კარმიდამო, კიდევ ერთხელ ააჟრიამულეს დანატოვარებმა.

 

 

ჩვენ შემთხვევაში, ვინც ემიგრაციაში ვართ, დადებითად, იტალიური მთავრობის გაცემული კანონი აისახა, რომელსაც მრავალი წლებია ხალხი ელოდება, გამოიცა კანონი, რის შედეგადაც შევძლებთ საქართველოში წასვლას და ჩვენი ოჯახების მოსიყვარულებას. უფალმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და სრულიად მსოფლიო ყოველივე მავნებლობისგან!

 

უღრმესი მადლობა „პრაიმტაიმს“! მიხარია, რომ არ ვავიწყდები ჩეს საყვარელ ქართველებს და ბედნიერი ვარ, რომ გახსოვართ. უფალი გფარავდეთ!

 

თუშეთის მოფერებით🇬🇪❤

Posted by Giorgi Ramazashvili on ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X