fbpx
12:13 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

გარდაცვლილი 12 წლის გოგოს ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა

გარდაცვლილი 12 წლის გოგოს ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა

ბათუმში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახი არ ეთანხმება ექიმების დიაგნოზს, პაციენტის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ.

 

როგორც ისინი აცხადებენ, გოგონას სისტემატურად უტარდებოდა ტესტირება, არც ტემპერატურა არ ჰქონია გარდაცვალების დღეს.

 

„სამის ნახევარზე ცოლმა გამაღვიძა, ნინიკო წაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოშიო. იქ უთხრეს, თბილისში წაიყვანეთო. გამოიძახეს რეანომობილი, მალე მოვიდა. აქ რა გააკეთეს ვერ გეტყვით, სისხლი გადაუსხეს და წაიყვანეს. ბავშვს დაბადებიდან ცალი თირკმელი და შარდის ბუშტი არ ჰქონდა. აზოტი ჰქონდა აწეული. აქ საავადმყოფოს რომ გაეწია შესაბამისი დახმარება, დღეს ცოცხალი იქნებოდა. არ ჰქონია კორონავირუსი. არც სიცხე არ ჰქონდა. გავუზომეთ სახლში და არ ჰქონდა ტემპერატურა. არც ოჯახში არავის არ აქვს არანაირი სიმპტომი. დიალიზს იკეთებდა, დღეგამოშვებით.

 

საღამოს მითხრა, რაღაც ვერ ვარ ბაბუაო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და აზოტი მაქვს მომატებულიო. თავისი აპარატი ჰქონდა. თვითონ იზომავდა. გზაში არ იყო ის დახმარება, რაც სჭირდებოდა, ჟანგბადი არ ჰქონდათ რეანომობილში“, – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დურალ ბერიძე.

„ჯერ ხომ პატარა ანგელოზი იყავი, ჩემო ტკივილო“ - რას ამბობენ ახლობლები 12 წლის გოგონაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა
2020-11-16„ჯერ ხომ პატარა ანგელოზი იყავი, ჩემო ტკივილო“ - რას ამბობენ ახლობლები 12 წლის გოგონაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა

როგორც გარდაცვლილი გოგონას ბებია, მედეა ბერიძე აცხადებს, ბოლო ტესტირება კორონავირუსზე გოგონას პარასკევს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. მისივე თქმით, რეანომობილში ჟანგბადის არ ჰქონის გამო გარდაიცვალა პაციენტი.

 

„არ ჰქონდათ ჟანგბადი რომ მიეწოდებინათ და გადარჩებოდა ნინოკო. ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. თვითონ ბავშვმა მოითხოვა წამიყვანეთო. მე დიალიზის გარეშე ვერ გადავრჩებიო. წამიყვანეთ დიალიზზეო. დიალიზი კვირას არ კეთდება. წაიყვანეს თბილისში და გზაში გარდაიცვალა.

 

არ მიგვიღეს ბავშვთაში, თბილისში გაგვიშვეს. სიცხე არ ჰქონდა, სახლიდან წასვლამდე გაუზომა დედამ. ყოველ დღე ვუზომავდით. იქ მგონი აუღიათ კოვიდზე ტესტი. დაუდასტურდაო ამბობენ, მაგრამ ბავშვს ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს საავადმყოფოში დიალიზზე რომ მიდიოდა, უტარდებოდა ტესტი კოროავირუსზე. ბოლოს პარასკევს გაიტესტა და უარყოფით იყო პასუხი. კვირას, გვიან ღამე გარდაიცვალა. კვირას დილით რომ მივიყვანეთ საავადმყოფოში, ამბობენ კორონა დაუდგინდაო“- აცხადებს მედეა ბერიძე.

 

ამ სამწუახრო ფაქტის შესახებ განმარტაებას აკეთებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის დირექტორი, თამარ ბახტაძე.

 

„პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. ჩვენმა მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო.

 

კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ქრონიკული მძიმე დაავადების გამო, ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკოლაბორატირიული პარამეტრები.

 

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება.

 

კლინიკაში შემოსვლისას ჰქონდა სხვადსხვა სისტემის უკმარისობა, მაგრამ წამყვანი მისი ქრონიკული დაავადება იყო. მძიმედ მიმდინარე, რომელიც პერიოდულად, ხშირი პერიოდულობით საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას“, – აცხადებს თამარ ბახტაძე.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time
X