fbpx
12:16 | 2020-06-04 ავტორი: თამარ გონგაძე

გარდაიცვალა ჟურნალისტი თენგიზ სულხანიშვილი, რომელმაც დე ნიროს საქართველოში ინტერვიუ ჩამოართვა

გარდაიცვალა ჟურნალისტი თენგიზ სულხანიშვილი, რომელმაც დე ნიროს საქართველოში ინტერვიუ ჩამოართვა

75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი თენგიზ სულხანიშვილი გარდაიცვალა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირველი ტელეხიდი (1986 წელს) მისი ორგანიზებით შედგა.

 

ათეული წლის მანძილზე “პირველ არხზე” მას რამდენიმე გადაცემა მიჰყავდა, შემდეგ კი სსრკ ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო თბილისში, ტელევიზიის ახალგაზრდული რედაქციის მთავარი რედაქტორი.

 

2020-06-03"ჩემი ინიციატივით გადავიღე... ეგღა მაკლია დაკვეთებით ვიარო" - ბადრი ვადაჭკორია დენდროლოგიური პარკის ამბებით

 

ბოლო რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობდა.

 

ჟურნალისტს მისი კოლეგა და მეგობარი, ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში იხსენებს.

 

“თენგიზ სულხანიშვილი, ეს მართლაც ტელევიზიის მეგა ჟურნალისტი, ვაშინგტონში გარდაიცვალა… ძალიან, ძალიან გული დამწყდა… ბოლოს 27 მარტს ვისაუბრეთ ძალიან ენატრებოდა საქართველო და მონატრებას ჩემი ფეისბუქური პუბლიკაციებით ირბილებდა…

 

Badri Vadachkoria-ს ფოტო.

 

ძალიან ხშირად, გვიან ღამემდე (ჩვენი დროით), ვსაუბრობდით ყველაფერზე, მის ოჯახზე, წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე, ვიგონებდით ძველ გარდაცვლილ თუ ჯანმრთელად მყოფ მეგობრებს.

 

ბოლო პერიოდში ხშირად მეპატიჟებოდა თავისთან ვაშინგტონში, მეც ჩასვლას ვაპირებდი 20 მარტიდან, იქედან მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში უნდა გადავბარგებულიყავი, სადაც ფესტივალზე გახლდით მიწვეული.

 

“დიდი ბიჩი” ასე შეარქვა ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა და საქართველოს მეგობარმა ბობი უოლშმა თენგიზს, მართლაც დიდი, ძალიან დიდი იყო თენგიზი, როგორც ადამიანი და როგორც განუმეორებელი პროფესიონალი…” – წერს ვადაჭკორია სოციალურ ქსელში.

 

ფოტოხელოვანი თავის მეგობარს “პრაიმტაიმთანაც” იხსენებს. ამჯერად, როგორც პირველ ქართველ ჟურნალისტს, ვინც დე ნიროს, საქართველოში ვიზიტისას, 1987 წლის აგვისტოში, ინტერვიუ ჩამოართვა.

 

Badri Vadachkoria-ს ფოტო.

 

ბადრი ვადაჭკორია: – მე მაშინ პირველი არხის კორესპონდენტი ვიყავი და რა თქმა უნდა, ფოტოაპარატი მუდამ თან მქონდა. მით უმეტეს, მიშვნელოვანი სტუმრები როცა გვყავდა, სულ ვიღებდი.

 

ამერიკელი სუპერ ვარსკვლავის, რობერტ დე ნიროს სტუმრობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის მოვლენა იყო. 1987 წლის აგვისტოს ბოლო იყო და შვილებთან – ქალიშვილთან და ბიჭუნასთან ერთად იყო ჩამოსული.

 

თუ არა თენგიზი, სხვას ვის ანდობდნენ ამ დონის ვარსკვლავისგან ინტერვიუს აღებას. ის მეგა ჟურნალისტი გახლდათ. თვითონ იყო ვარსკვლავი. როგორც საბჭოთა კავშირის საუკეთესო რეპორტიორი ყოველწლიურად იმარჯვებდა რუსეთის პირველი არხის მიერ ჩატარებულ შემაჯამებელ კონკურსზე. მუდამ ჩემპიონი იყო…

 

Badri Vadachkoria-ს ფოტო.

 

საოცრად გონებამახვილი იყო, იყო ენაკვიმატი და დე ნიროც კარგად ახითხითა. ეს ჩემს ფოტოებზეც ჩანს. თემა არ მახსოვს, მაგრამ როგორც ყოველთვის, რაღაც მაკვარანცხულს იტყოდა. შთაბეჭდილება მოახდინა დე ნიროზეც. ლიდერი იყო.

 

თენგიზთან მეგობრობა კარგ ტონად და საამაყოდ ითვლებოდა. რამდენიმე წლით ჩემზე წინ სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

 

საოცრად მწყდება გული, რომ მასზე წარსულში ვსაუბრობ. საოცრად გულიანი კაცი იყო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X