fbpx
17:42 | 2020-04-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“განსაკუთრებით დილაობით მიჭირს” – რა დახმარება გაუწია შვილიშვილმა გელა ჩარკვიანს

“განსაკუთრებით დილაობით მიჭირს” – რა დახმარება გაუწია შვილიშვილმა გელა ჩარკვიანს

გელა ჩარკვიანს ეპიდემიური სიტუაცია ცუდ განწყობაზე აყენებს. გარეთ არ გადის. პროდუქტით ქალიშვილი და სიძე ამარაგებს. მასთან ერთად შვილიშვილი, 14 წლის ნანა ჩარკვიანი ცხოვრობს.

 

ამასობაში რიგით მეათე წიგნიც დაუწერია, რომელიც გამოსაცემად მზად არის უკვე. დიპლომატი და მწერალი “პრაიმტაიმის” მკითხველს უყვება, თუ სად ექნება წიგნის ონლაინ წარდგინება.

 

გელა ჩარკვიანი: – არასდროს მეგონა, რომ ჟამიანობის დროს მომიხდებოდა ცხოვრება. განსაკუთრებით დილაობით მიჭირს. რომ ვიღვიძებ, მგონია, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა. და ვფიქრობ, კიდევ კარგი, ეს ყველაფერი დამესიზმრა-მეთქი. მერე გამახსენდება, რომ ეს სიზმარი კი არა, სინამდვილეა და ისევ ცუდ ხასიათზე ვდგები.

 

ვიცავ წესებს, გარეთ არ გავდივარ. წესი წესია. წესებს ყოველთვის ვემორჩილები.

 

არსებობენ ადამიანები, ვისაც წესის დარღვევა სიამოვნებთ. მათ ჰგონიათ, რომ ეს “კაი ბიჭობაა”. საზოგადოება იმისთვის არის საზოგადოება, რომ წესებს ემორჩილებოდეს. რასაკვირველია, რაციონალურ წესებს, რომელსაც საფუძველი აქვს და ამართლებ.

 

მე საბჭოთა დროში ვცხოვრობდი და მაშინ ბევრი იყო ირაციონალური წესი, რომელსაც ვერ გაამართლებდი. მაგალითად, რატომ არ უნდა შემოგეტანა საქართველოში რომელიმე წიგნი, ან რატომ არ უნდა დაგეკრა ჯაზი, ან არ მოგესმინა რადიო “ამერიკის ხმა”…

 

აი, ამის დარღვევა სულ სხვა ამბავია.

 

– როგორია თქვენი და ნანას ტანდემი?

 

– ძალიან კარგი. ყველაფერში მეხმარება. ჭკვიანი ბავშვია. ბევრი რამ შეუძლია. გასტრონომიაში შეუძლია ბევრი რამის გაკეთება. ამ წუთას გოგრა გამოაცხო. თეონამ მოიტანა.

 

მე ძალიან მიყვარს გოგრა. ჯერ არ გამისინჯავს. ალბათ, კარგი იქნება. კარგი ხელი აქვს.

 

სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს, ნანას კარგი ხელი ჰქონდა. მზადება დიდად არ უყვარდა, მაგრამ როცა რაიმეს მოამზადებდა, კარგი გამოსდიოდა.

 

პატარა ნანას ინტერნეტთან დაკავშირებით ყველაფერი ესმის. მე მას ადრე ჩემს ციფრულ კონსულტანტს ვეძახდი და თვეში 20 ლარს ვაძლევდი. ახლა მეტი უნდა მივცე, რადგანაც სულ ჩემთანაა და ყველაფერში მეხმარება.

 

სამი დღის წიგნი დავამთავრე და მის გაციფრულებაში ნანა მეხმარებოდა. წიგნს ჰქვია “English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი”.

 

წიგნის ონლაინ წარდგენა საქართველოს გამომცემელთა ასოციაციისა და გამომცემლობა “არტანუჯის” ფესბუქგვერდებზე დაიდება. წიგნი მალე გამოვა, თუ როდის – ამას გამომცემლები გადაწყვეტენ, ყოველ შემთხვევეში მზადაა.

 

საინტერესო და სასარგებლო წიგნია. ბიოგრაფიულიც არის, მეთოდიკაც და მეცნიერებაც არის მასში. დიპლომატიის დროის გახსენებაც მაქვს.

 

ბოლოში დართული მაქვს წინადადების ორენოვანი 555 მოდელი. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანმა უნდა დაიზეპიროს.

 

ენა, ისევე როგორც ბალეტი და სპორტი, ჩვევის საგანია და არა ცოდნის საგანი. და ამ 555 წინადადებით გამომუშავებული ჩვევა ძალიან წინ წაგწევთ.

 

“ნაგერალადან” ამონარიდგქონდათ “ფეისბუქზე” – თითქმის ყოველდღე ფრანგულ ღვინოს მივირთმევო. ახლაც ასეა?

 

– ახლა დიდი ხანია არ მიყიდია. არც ვიცი, არის თუ არა. მაშინ იაფად იყიდებოდა ეს ფრანგული ჩამოსასხმელი ღვინო. ხალხმა დაიწყო მისი შეძენა დიდი რაოდენობით და ეს ღვინო მაღაზიიდან გაქრა. მერე უკვე ბოთლის ძვირადღირებული ღვინოები შემორჩა.

 

ახლა ქართულ ღვინოს ვსვამ…

ავტორი: თამარ გონგაძე
X