fbpx
22:43 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

განხილვა კარგია, დავსხდეთ, უშეცდომო არავინა… სჯობს საქმე ვაკეთოთ – ამირან გამყრელიძე გიორგი კამკამიძის განცხადებაზე 

განხილვა კარგია, დავსხდეთ, უშეცდომო არავინა… სჯობს საქმე ვაკეთოთ – ამირან გამყრელიძე გიორგი კამკამიძის განცხადებაზე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ექიმ იმუნოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, გიორგი კამკამიძის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, თუ ბატონი გიორგი პრეტენზიას გამოთქვამს კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით, სასურველია, რომ ეს მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილებოდეს ეს დებატები და არ იყოს მხოლოდ ცალი მხრიდან გამოთქმული შეხედულება.

 

„მეც საბჭოთა პერიოდიდან მოვდივარ, საბჭოთა პერიოდში მაქვს განათლება მიღებული, არცთუ – ცუდი. სხვათა შორის, ბატონი გიორგიც ჩემი სტუდენტი იყო თავის დროზე, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში ვმუშაობდი. ის ერთ-ერთი გამორჩეული და კარგი სტუდენტი იყო. შემდეგ მან საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი წვრთნა გაიარა ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან და დიდი გამოცდილება მიიღო. შემდგომ, უცხოეთში, ამერიკაში ისწავლა და იქაც კარგი გამოცდილება მიიღეს მანაც, მისმა მეუღლესაც. ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ ბევრ მოსაზრებას ვიზიარებ, მაგრამ ჩვენ, ექიმების თემში უფრო მეტად გვაქვს მიღებული პროფესიული გარჩევა. როგორც უფროსი მეგობარი, ბატონ გიორგისაც ამას ვურჩევდი.

 

30 წელიწადია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. მაშინ, მეც არ უნდა ვიდგე თქვენ წინაშე, მეც მაშინ მაქვს განათლება მიღებული. რა ვქნა, იმ დროს დავიბადე და გავიზარდე. იმ დროს მე ისეთი ხალხი მასწავლიდა, ნეტა ის ხალხი კიდევ არსებობდეს. თუ ბატონი გიორგი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძეს აქვს ვიწრო ინტერესები, მონოპოლიები… კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო პიროვნება მაგინებს და მლანძღავს ერთ-ერთი ეთერით. არც მის გვარს ვასახელებ, არ ვპასუხობ, არ მინდა, რადგან, დამერწმუნეთ, არაა ამის დრო. განხილვა კარგია, კი ბატონო, დავსხდეთ. უშეცდომო არავინაა. საქმეს თუ აკეთებ, ხანდახან, შეცდომას დაუშვებ, მაგრამ ეს შეცდომა არ უნდა იყოს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სავალალო. სჯობს, საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ერთმანეთი ვლანძღოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გიორგი კამკამიძე ბრალდებებს უყენებს კლინიკურ ჯგუფს, რომელიც ქვეყანაში კოვიდვითარებას მართავს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორში, კონკრეტული ადამიანების მხრიდან ნება არსებობდეს, თუმცა, კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, არსებობს წინააღმდეგობა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X