18:16 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

„გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა“ – კისისხეველმა ქალმა მეფუტკრეობა მეუღლის ავადმყოფობის გამო დაიწყო

„გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა“ – კისისხეველმა ქალმა მეფუტკრეობა მეუღლის ავადმყოფობის გამო დაიწყო

სოფელ კისისხევში მცხოვრებ, ნინო გომურაშვილს ფუტკრის მოშენება, მეუღლის ავადმყოფობამ გადააწყვეტინა.

 

მას შემდეგ, შვიდი წელი გავიდა. ნინოსთვის ფუტკრის მოვლა და თაფლის ამოღება, ყველაზე საყვარელ საქმედ იქცა.

 

„ჩემს მეუღლეს გულის პრობლემები ჰქონდა. ძალიან ვდარდობდი და მედიკამენტების გარდა, გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა. აღმოვაჩინე, რომ არსებობს ასეთი პროდუქტი-ღვთაებრივი თაფლი“, – ამბობს ნინო.

 

ფუტკრის მოყვანის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობა ვერ შეძლო. ამის შემდეგ, სამი სკა ფუტკრის შეძენა მაინც მოახერხა და სხვა მეფუტკრეებიც გაიცნო.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

„სამი სკის ყიდვა მოვახერხე და მაინც ჩავერთე პროექტში. ამ გზით, სამი სკა კიდევ მივიღეთ.

 

გავიცანი ამ დარგით დაინტერესებული ადამიანები, გავიარე ტრენინგები, გავხდი მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი და ხუთ ქალბატონთან ერთად ჩამოვაყალიბე, კოოპერატივი „თაფლიანი“, –  გვიყვება მეფუტკრე.

„მცენარეც მიგახვედრებს რა დროს, რა სჭირდება“- ახალგაზრდა ფერმერი ქალის ისტორია
2020-05-15„მცენარეც მიგახვედრებს რა დროს, რა სჭირდება“- ახალგაზრდა ფერმერი ქალის ისტორია

ნინოს საქმიანობამ, ოჯახს შემოსავალიც გაუჩინა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გააუმჯობესა. მეფუტკრე ქალი თვლის, რომ თაფლი მართლაც ღვთაებრივი პროდუქტი და ბუნების ნამდვილი სასწაულია.

 

„გინახავთ, როგორ იწურება და ოქროსფერი მდინარე როგორ მოდის? ან სურნელი თუ გიგრძვნიათ, მაისის და აგვისტოს თაფლის. საოცარი სანახავი და იშვიათი შეგრძნებაა. რა არომატია, ამას სიტყვით ვერავინ გადმოგცემთ.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

მეცნიერები ამბობენ, ჩვენი თაფლი, ტუტანჰამონის თაფლზე ძველიაო. დარწმუნებული ვარ, ასეა, რადგან ასეთი უნიკალური და მათრობელა, როგორიც ჩვენთანაა, ვერსად იქნება. ფუტკარიც ხომ საოცარი მწერია. ასე მოწესრიგებულად, ადამიანი ვერ იცხოვრებს.

 

მიიღეთ თაფლი და ფიჭოს ანათალი, ფუტკრის რძე, ან ერთი კოვზი თაფლი და ნახავთ, რა ძალა აქვს“, – ამბობს ნინო.

 

თაფლის გარდა, მეფუტკრე ქალი, სანთელს და მისგან ულამაზეს ფიგურებს ამზადებს. თვითონ ყვება, რომ სანთელს ეკლესიას სწირავს, ფიგურები კი გამოფენებსა და ფესტივალებზე გამოაქვს.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

„სანთელს ეკლესიას ვწირავ, ფიგურები კი, გამოფენებზე გამომაქვს. ყველას მოსწონს. ნამდვილ სანთელს სასწაული სურნელი და შუქი აქვს. გარდა ამისა, ოთახში რომ აანთოთ, ყველა ბაქტერიას კლავს. მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი მოფუსფუსე, მშრომელი ფუტკრები. სხვაგავარად, ამას, ვერ გააკეთებ“, – ამბობს ნინო.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები