01:56 | 2020-10-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გამოუშვან ჩემი ავადმყოფი შვილი! – მძევალი, რომელიც ამ დრომდე თავდამსხმელთან რჩება, მედიკამენტებზე დამოკიდებულია

გამოუშვან ჩემი ავადმყოფი შვილი! – მძევალი, რომელიც ამ დრომდე თავდამსხმელთან რჩება, მედიკამენტებზე დამოკიდებულია

“პრაიმტაიმი” ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან გატაცებული შვილის მომლოდინე დედას, მზიურ თორდიას ესაუბრა.

 

როგორც მან განაცახადა, შვილზე არაფერი იცის. ის შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. ამბობს, რომ მურიკო ბულია ავადმყოფია და წამლებზე დამოკიდებულია.

 

“ჩემი გატაცებული შვილის შესახებ ახალი არაფერი ვიცი. პოლიციის სამმართველოსთან ვზივარ და ვერ ვხვდები, სად წავიდე, სად ვეძებო. არავინ დამლაპარაკებია, არავის ჩემს კითხვაზე არ უპასუხია. საშინელ მდგომარეობაში ვარ.

 

დილას სამსახურში წავედი. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ვმუშაობ. მურიკოს მესიჯი მოსვლია, ელექტროენერგიის დავალიანება უნდა გადაეხადა.

 

მე კი ეს ამბავი ტელევიზორიდან გავიგე. ტელეფონზე ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ალბათ იმის გამო, რომ არ მენერვიულა. მერე მეზობელთან დავრეკე, მან მითხრა, რომ აქვე იყო და ახლა ბანკში გავიდაო… საშინლად დავიზაფრე, მივხვდი, რომ ჩემი შვილი მძევლებს შორის იყო. მოგვიანებით, მისი ტელეფონი გაითიშა…

 

მასზე ძალიან ვნერვიულობ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საღამოს დანიშნული წამლები აუცილებლად უნდა დაელია. არ ვიცი, როგორ იქნება და სად არის.

 

ის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმელად მუშაობს. მძევლებიდან რატომ უნდა შეერჩია მაინცდამაინც ჩემი შვილი არ ვიცი, არანაირი ეჭვი არ მაქვს. ჩვეულებრივი ბიჭია.

 

მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება, ძალღონე არ დაიშურონ და გატაცებულები დაგვიბრუნონ, გამოუშვან ჩემი ავადმყოფი შვილი.” – ამბობს დედა.

 

ვინ არის სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან
2020-10-22ვინ არის სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან

 

“პრაიმტაიმი” გატაცებული მურიკო ბულიას დას, იტალიაში ემიგრაციაში მყოფ ხატია ბულიას ესაუბრა. ის ამბობს, რომ ძმაზე არაფერი იცის და ელოდება მის მშვიდობით დაბრუნებას.

 

“მე არაფერი ვიცი, აქ ვიგებ მედიის საშუალებით ყველაფერს, ველოდები როდის გამითავისუფლებენ მშვიდობით ჩემს ძმას.” – აცხადებს მძევლის და.

 

შეგახსენებთ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,-  განაცხადა კახა საბანაძემ.

 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ბანკში 43 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.

 

ამ დროისთვის, მძარცველისა და სამი მძევლის ადგილ-სამყოფელი უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X