20:32 | 2020-06-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გამოსასწორებელი კოლონია, ბავშვთა სახლი და ღამის სკოლა – ქართველი მწერლის სევდიანი ამბავი

გამოსასწორებელი კოლონია, ბავშვთა სახლი და ღამის სკოლა – ქართველი მწერლის სევდიანი ამბავი

მისი ისტორია ზღაპარს გაქვს, ფურცლებზე გაბნეული საინტერესო, სევდიანი და ბედნიერი თავგადასავლებით. თავადაც ზღაპრის გმირია, აღნაგობით და სევდიანი თვალებით დევგმირს მოგაგონებს… მისი განვლილი ცხოვრებაც ერთი საინტერესო დაუწერელი წიგნია.

 

პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგ, მწერალ თენგიზ თაქთაქიშვილის ისტორია ობლობით იწყება. მერე ბებიასთან სოფლად იზრდებოდა, სულ პატარა ბიჭი, ჯერ ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში, მერე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.

 

ამბობდნენ, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა და ხელობის სწავლას ურჩევდნენ. ხელოსანი არა, მაგრამ ძალიან კარგი ფილოლოგი და მწერალი დადგა. თავად განათლებას მოწყურებულმა, სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ბუკინისტობა დაიწყო და სხვების განათლებაზე დღემდე ზრუნავს.

 

წიგნები რომ სიმბოლურ ფასად დაინტერესებულთა ხელში მოხვდეს, ერთ ლარად ყიდის. ვისაც ძველი წიგნები იზიდავს, დევგმირივით ბუკინისტს მარჯანიშვილზე ხშირად ნახავდა. ახლა, სახლშია და თავის საავტორო მეოთხე წიგნზე მუშაობს. წლები თავისას შვრება და დიაბეტმა სახლში დასვა.

 

ერთი წლის წინ გარდაცვლილი და ჯერ დაუმარხავი კაცის ამბავი
2020-06-30ერთი წლის წინ გარდაცვლილი და ჯერ დაუმარხავი კაცის ამბავი

 

ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ალბათ, მკითხველისთვისაც ასეა. მალე მისი ახალი შემოქმედება დღის სინათლეს იხილავს.

 

„73 წლის ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. 1948 წელს, მამა ომში მიღებული ტრავმით გარდაიცვალა. მაშინ, ორი წლის ვიყავი, მყავდა ორი უფროსი დედმამიშვილი, დედა მეოთხე შვილზე ორსულად იყო.მე მანგლისში, ბებიასთან ვიზრდებოდი. როცა შვიდი წლის გავხდი, თბილისში ჩამომიყვანეს და ვაჟთა სკოლაში მიმიყვანეს.

 

ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი, მეორე კლასში ჩავრჩი კიდეც. ჩემზე ამბობდნენ, გონება ჩლუნგიაო. უბანში ხილ-ბოსტნეულის გამყიდველს ხილს ვპარავდით და ბავშვები მივირთმევდით. ასეთი რამ რამდენჯერმე რომ განმეორდა, მილიცია ჩაგვისაფრდა და დაგვიჭირეს. ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში გამგზავნეს.

 

ბავშვობა ჩხუბში გავატარე. დედამ უპატრონო ბავშვთა სახლში წამიყვანა. უჭირდა, ვერ გვინახავდა. მე-5 კლასამდე გავძელი. მერე დაიბარეს და უთხრეს, ხელობა ასწავლე, არაფერი გამოვა ამისგანო. ამის შემდეგ, დედამ წამომიყვანა და ღამის სკოლაში შევედი. დღე ვმუშაობდი. როცა, მე-11 კლასში გადავედი, სკოლის დირექტორის მითითებით კალიგრაფიის გამოსწორებაზე უნდა მემუშავა.

 

ამისთვის ტექსტები უნდა გადამეწერა. მირჩიეს კლასიკოსი პოეტების შემოქმედება გადამეწერა. მაშინ პოეზიითა და ლიტერატურით ძალიან დავინტერესდი. სკოლა სამიანებზე დავამთავრე. განცხადება უნივერსიტეტში არ შევიტანე, მომდევნო წელს გამოცდებზე ჩავიჭერი. მთელი წელი სახლიდან არ გავსულვარ, ვმეცადინეობდი.

 

მეორე წელს, მისაღებ გამოცდაზე პრობლემა გერმანული იყო. საერთოდ არ ვიცოდი არცერთი სიტყვა. კომისიის თავმჯდომარე ნოდარ კაკაბაძე იყო, არაჩვეულებრივი მთარგმნელი. გამოცდაზე სახელითა და გვარით მივხვდი, რომ თომას მანის მთარგმნელს ვესაუბრებოდი. ვუთხარი, თქვენი ნათარგმნი რომანები წაკითხული მაქვს-მეთქი.

2020-06-30"ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი ძმა გქვია" - რას წერს გიორგი შაქარაშვილზე მეგობარი

გაოცდა,  30 წელია კომისიაში ვარ და არცერთ აბიტურიენტს არ აქვს წაკითხულიო. ხუთიანი დამიწერა და ასე ჩავირიცხე, სხვა ყველა საგანშიც ხუთიანები მქონდა მიღებული.კურსზე დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი, რადგან ლექტორები ამბობდნენ, თენგიზ დროს ნუ დაკარგავ ლექციებზე, წადი და სახლში წაიკითხე რაც გინდაო…

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 105-ე რუსულ სკოლაში ქართულს ვასწავლიდი. მერე წერის სურვილი გამიჩნდა. რუსული სკოლებიც დაიხურა და უმუშევარი დავრჩი. წიგნის წერა დავიწყე, „ღმერთი და სატანა ანუ თავისუფლება და მონობა“. რუსთაველის გამზირზე პატარა მაგიდა დავდგი და ჩემი წიგნების გაყიდვა დავიწყე. 90-იანი წლები იყო.

 

მოდიოდნენ ადამიანები და მთავაზობდნენ, წიგნები ჩაებარებინათ და მე გამეყიდა. მე მაშინ ბუკინისტობის შესახებ გაგონილიც არ მქონდა. ასე ნელ-ნელა ბუკინისტი გავხდი. ჩემი წიგნის მეორე ტირაჟი დავბეჭდე, 2500 წიგნი კიდევ გაიყიდა. მერე მეორე წიგნი დავწერე „მოძღვრება სამყაროზე“. ესეც ძალიან მოეწონა მკითხველს.

 

ახლა, წიგნების უმრავლესობას ერთ ლარად ვყიდი, მთელი თბილისი მიცნობს და ყველა კმაყოფილია. განსაკუთრებულად  ძვირადღირებულ წიგნებს ბევრად იაფად ვყიდი. პანდემიის დროს, ჩემმა შვილებმა გარეთ გასვლა ამიკრძალეს და ეს დრო დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული წიგნი „ბოროტების მწვერვალები“ დავწერე.

 

ეს კომუნიზმს ეძღვნება, ძირითადად სტალინს, რომელიც მართლაც ბოროტების მწვერვალი იყო. ჯეკ ლონდონის გავლენით, ბავშვობიდან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, მარტინ იდენი ფსევდონიმადაც კი ავიღე. ახლა, ვმუშაობ წიგნზე „ვარგივართ თუ არა ქართველები“, ნაწილი უკვე დავწერე.

 

წიგნების მაღაზია გვაქვს, დაახლოებით 5000 წიგნია. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ მთელი ცხოვრების ნაგროვებ წიგნებს ვყიდი, მაგრამ… სახლში მხოლოდ შემეცნებითი წიგნები დავიტოვე. რომანებს მე აღარ ვკითხულობ.

 

შემხვედრია, გოთუას, გამსახურდიას ჯავახიშვილის, დოსტოევსკის ავტოგრაფით წიგნები. ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასია. ვერასოდეს გავყიდი განსაკუთრებულად საყვარელ წიგნებს, ვერანაირ ფასად, ესენია: „​ვერიჩკო“​, „კავკასია“, ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილის წიგნი „ივერიის როლი რუსეთის ისტორიაში“, ბიბლია და სახარება.

 

ერთადერთი ოცნება რაც დამრჩა, ისაა, რომ საქართველო გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან და ქართველი ერი გამრავლდეს, მჯერა, ამ ოცნებას ახდენა უწერია“ – ამბობს თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +