11:10 | 2020-05-14 ავტორი: ნინი ტაველიძე

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე, მეგობრობაა საზღვრების გარეშე“ – 14 წლის ქართველი ელე ბერლინიდან

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე, მეგობრობაა საზღვრების გარეშე“ – 14 წლის ქართველი ელე ბერლინიდან

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე, მეგობრობაა საზღვრების გარეშე“, – ეს იმ ქართველი ემიგრანტის სიტყვებია, რომელიც ბერლინში დაიბადა. ის ახლა ბილინგუალის გიმნაზიის მე-9 კლასშია და სკოლის მიერ შეთავაზეული დისტანციური სწავლების გარდა, „გაკვეთილებს საზღვრების გარეშე“-საც ესწრება.

 

როცა ვკითხეთ, თუ როგორი ემოციების მატარებელი იყო მისთვის ფონდის -„დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ გახორციელებული პროექტი, ელემ ასე გვიპასუხა:

 

„ქართველი ბავშვები, რომლებიც „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“-ს დახმარებით გავიცანი, მარწმუნებს რომ საზღვრები თინეიჯერ ბავშვებს შორის სულაც არ არსებობს…

 

ვკითხულბთ იგივე წიგნებს, რასაც საქართველოში, ვთამაშობთ იგივე თამაშებს რასაც ჰოლანდიაში, ვუსმენთ იგივე მუსიკას, რასაც ამერიკაში. ჩემთვის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე, მეგობრობაა საზღვრების გარეშე“.

 

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ განხოციელებული პროექტი „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ უპრეცედენტოა.

 

ონლინ-გაკვეთილებმა, მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად შეძლო და გააერთიანა, ერთ სივრცეში მოახვერდა ქართველი მოზარდები ემიგრაციიდან და მათი თანატოლები საქართველოდან.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ პროექტი ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა და ფონდის ონლაინ-სწავლების პედაგოგი ია ჯღარკვავა აღნიშნულ პროექტში მოხალისეობრივადაა ჩართული.

 

ჩვენ ფონდის ონლაინ-სწავლების პედაგოგს, ია ჯღარკავასაც ვესაუბრეთ:

 

„მე ია ჯღარკავა ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ყველა გონიერი ადამიანივით, ცნობილი თანამემამულეებით თავს იწონებს.

 

და მეც ვამაყობდი ქალბატონი თიკა სვანიძე – ვენკოთი, ამ დიდი ქველმოქმედის, მეცენატის, ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლით, ტურისტული კომპანია „TIKA TOURS”-ის მფლობელით, რომელიც ნიდერლანდელი ტურისტების საქართველოთი, მისი ტრადიციებითა და კულტურით დაინტერესებას უწყობს ხელს.

 

 

ვამაყობდი მისით, ის არაერთი ქართული კულტურული ღონისძიების ინიციატორი და მასპინძელია. ის ნიდერლანდებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციას ეწევა.

 

იგი სპეციალური პრიზის მფლობელიცაა ნომინაციაში „ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“. ის, როგორც  ყოველივე ქართულის მოამაგე და მხარდამჭერი, ფონდის „დიასპორების ალიანსის საქართველოსთვის“ დამფუძნებელიცაა.

 

მის პიროვნულ ძლიერებაზე მისი ოჯახი და შვილებიც მეტყველებს. მე კი ეს ადამიანი არც ახლოს არ მენახა და არც ვიცნობდი.

 

მართალია, დედამიწა პატარაა – აქ ყველა ერთმანეთს ხვდება, თუმცა, დიდ პიროვნებებთან შეხვედრაა იშვიათი. მოხდა ისე, რომ ქალბატონი თიკას და ჩემი გზები გადაიკვეთა.

 

სასწაულს სასწაული დაემატა და მან ერთ დღეს ჩემი პროფესიული ცხოვრება და მრავალი ქართველი ბავშვის ყოველდღიურობა აბსოლუტურად შეცვალა.

 

მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა და ფრთები შეესხა უნიკალურ, უპრეცენდენტო და მასშტაბურ პროექტს ონლაინ-გაკვეთილებისას – „გაკვეთილებს საზღვრების გარეშე“, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდული ხიდების მშენებლობას საქართველოში მყოფ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ თანატოლებს შორის.

 

მას შემდეგ ჩვენი ონლაინ-გაკვეთილები პროგრამა „ახალგაზრდული ხიდების მშენებლობის“ ( „Building Youth Bridges”) ფარგლებში მიმდინარეობს და უამრავ მოსწავლეს აერთიანებს.

 

ჩვენი კულტურული შეხვედრების მიზანი ყველა სასწავლო დისციპლინის გაერთიანება, არგუმენტირების, მსჯელობის, მახსოვრობის, ემოციური გაწონასწორებულობის უნარების განვითარება, თანატოლებთან ინტერაქცია, ახალი მეგობრების შეძენა, მოგზაურობა და მომავალში საერთო ეროვნული საქმეების განხორციელებაა.

 

ქალბატონი თიკა და მისი ვაჟები: გიორგი, ლევანი და თემური – ყველა გაკვეთილის თანამონაწილენი არიან.

ჩვენი გაკვეთილები ამცირებს მანძილს და ზრდის ურთიერთობას!

 

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე” მართლაც უსაზღვროა – ეს იდეა განა ვინმეს გულგრილს დატოვებს?!

 

ის კი არა, ამ კეთილ საქმეში სამყაროს ყველა კეთილი ძალა შეგვეწია და შეგვახვედრა ჩვენს საყვარელ ბავშვებს აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, აშშ–დან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან…

 

გამოხმაურება დიდია!

 

ახალი შეხვედრისკენ გულისფანცქალით მივიჩქარით, ისინიც მიგველიან! წუთებს ვითვლით გათენებამდე!

 

საბოლოოდ ვირწმუნეთ ამ პროექტის უსაზღვროების, აუცილებლობისა და გამაერთიანებელი ძალისა.

 

მე კი სიტყვები არ მყოფნის – ქალბატონმა თიკამ ამ კეთილშობილურ საქმეში თავის გვერდით მიგულა და დიდი მისია დამაკისრა – ფონდის  „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ონლაინ-გაკვეთილების მასწავლებელი ვარ!

 

ყველა სიკეთის სათავე ხომ განათლება და მოზარდთა შორის სიყვარულია?!

 

დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს საქართველოსა და გარესამყაროსთვის ეს „მომავლის საქმე“!“,- ამბობს ჯღარკავა.

 

ფონდის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო კი სწორედ ასე ეხმაურება საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტს:

 

„ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ჩემს მიერ დაფუძნებულმა ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კერძოდ, ნედერლანდების სამეფოში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიასა და საქართველოშიც კი, პანდემიის შედეგად სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და ქუჩაში დარჩენილი მრავალი ადამიანის დახმარება შეძლო და უცხო ქვეყანაში ჩარჩენილი ბევრი ქართველი სტუდენტი სამშობლოში და თავიანთ ოჯახებში დააბრუნა.

 

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პარტნიორ დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად შევძელით ყველაზე დაზარალებული და გაჭირვებული თანამემამულეების, ბავშვიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების დახმარება, რომლებიც ყველაზე ცხელ წერტილში, იტალიაში იმყოფებოდნენ.

 

ამის პარალელურად დავიწყეთ ონლაინ-რეჟიმში ემიგრანტებისთვის ყოველკვირეული ფსიქოლოგიური ჩართვების დაგეგმვა რამაც დიდი შვება მოუტანა ყველას.

 

ამისთვის მადლობა ფსიქოლოგს, მენტალური განვითარების ცენრი ა.-ს დამფუძნებელს და დირექტორს – სალომე ემუხვარს და ფსიქოკონსულტანტ, ინტერნეტ ჟურნალ psychologist.ge-ის დამფუძნებელს და მთავარი რედაქტორს – ილია ნიკაჭაძე.

 

არ შემიძლია სიამაყის გრძნობით არ აღვნიშნო ჩვენი ფონდის „ახალგაზრდული ხიდების მშენებლობის“ პროგრამის ასევე გამორჩეული მიმართულება – „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“.

 

აღნიშნულ მიმართულებაში ჩვენი პარტნიორია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომლის მხარდაჭერითა და ჩართულობით ჩვენ შევძელით ქართველი და ემიგრანტი მოზარდებისა და ახალგაზრდების კალიგრაფიის არაჩვეულებრივ სამყაროსთან დაკავშირება.

 

მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არ არის პირველი თანამშრომლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და „დიასპორების ალიანსს“ შორის და ამისთვის დიდი მადლობა ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს.

 

ჩვენი არაჩვეულებრივი კალიგრაფი პედაგოგების, ბატონი დავით მაისურაძის და ქალბატონი ლეილა ბაღბაიას დამსახურებაა ის, რომ დღეს კალიგრაფიის ონლაინ-გაკვეთილებში ჩართვის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ჩვენ გვიწევს ახალი ჯგუფების დამატება.

 

დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც აბსოლუტურად მოხალისეობრივად არიან ჩართულნი ამ პროექტში.

 

გარდა ამისა, დავგეგმეთ უპრეცენდენტო და მასშტაბური პროექტი, ონლაინ-გაკვეთილების პროგრამა „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული ხიდების მშენებლობას საქართველოში მყოფ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ მათ თანატოლებს შორის.

 

ონლაინ-გაკვეთილების პროგრამამ, რომელიც „ახალგაზრდული ხიდების მშენებლობის“ ( „Building Youth Bridges”) ფარგლებში მიმდინარეობს, ემიგრაციაში მყოფი, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმოფანტული უამრავი შესანიშნავი ემიგრანტი მოსწავლე გააერთიანა და დააკავშირა საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს.

 

ამ იდეის და პროექტის წარმატება ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

 

მაბედნიერებს ისიც რომ ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით თუ არა ჩვენი საოცარი და არაჩვეულებრივი პედაგოგი ქალბატონი ია ჯღარკავა, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა.

 

ეს გაკვეთილიები ისეთი შემოქმედებითი და ხალიასიანია, რომ დამთავრებას ვერასოდეს ველევით და საათ-ნახევარი ისე მალე გადის ხოლმე, რომ ვერც კი ვხდებით.

 

სულმოუთქნელად ელიან ბავშვები ყოველ გაკვეთილს და გულმოდგინეთ ასრულებენ სახლში დავალელებებსაც.

 

ყოველი გაკვეთილის შემდეგ, ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ იმ ქვეყნებში ვიმოგზაურეთ, საიდანაც ჩვენი ერთგული მეგობრები გვერთვებიან ხოლმე.

 

პირადად ჩემთვის, ძალიან ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც ერთ-ერთი უსაყვარლესი მოსწავლე აფხაზეთიდან ჩაგვერთო.

 

ერთ-ერთ გაკვეთილზე მისმა მონათხრობმა თავად მე დამაბრუნა ჩემს უდარდელ და ლამაზ ბავშვობის წლებში.

 

გამახსენა ჩვენს ულამაზეს აფხაზეთში გატარებული დაუვიწყარი დრო და სწორედ მაშინ, მივხვდი, რომ ჩვენს გაკვეთილებს მართლა გაურღვევიათ საზღვრები …

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, ასევე საქართველოს პარლამენტის კომიტეტს კავკასიისა და დიასპორის საკითხებში და რა თქმა უნდა , საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

მოგეხსენებათ, ნებისმიერი დიასპორული პროექტის წარმატებით განხორციელება, ამ უწყებებთან კოორდინირებული კომუნიკაციის საფუძველზე არის შესაძლებელი.

 

ასევე დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობას და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატს.

 

დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის.

 

დავრწმუნდი იმაშიც, რომ ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოფანტული ახალგაზრდები, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად სიყვარულისა და სიკეთის ხიდებს აშენებენ, სწორედ ის მარგალიტები არიან, რომელნიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სიყვარულით გადებულ ხიდებზე მალე გადაგვიყვანენ და ჩვენს ნანატრ ოცნებას მალე აგვისრულებენ.

 

ამ ოცნების ახდენას ჩვენს უნიკალურ, ერთიან და ძლიერ საქართველოში ვიზეიმებთ. ერთად საქართველოსთვის! ძალა ერთობასა და სიყვარულშია!

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X