fbpx
16:01 | 2020-06-10 ავტორი: Prime Time

გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია – რჩევები ფსიქოლოგისგან

გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია – რჩევები ფსიქოლოგისგან

ადამიანები თამაშობენ დასაბამიდან დღემდე… უძველესი ცივილიზაციები ცხოველის ძვლისგან ამზადებდნენ სათამაშოს, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1100 წლიდან ჩინეთში ბანქო გამოიგონეს, შუა საუკუნეებში მას ევროპაც ეზიარა, ამას მოჰყვა ეგრეთ წოდებული „რულეტკა“, როგორც თაღლითობასთან ბრძოლის საშუალება და შემდეგ თავად იქცა ყველაზე აზარტულ გასართობად, რასაც ამერიკული გამოგონება, სათამაშო აპარატებიც თან მოჰყვა, შემდეგ თანდათან საყოველთაო ლატარეები, დერბები, კაზინოები, ტოტალიზატორები  და ცივილიზაციის კიდევ უფრო განვითარებასთან ერთად, დღევანდელი ინტერნეტთამაშები….

 

უჩვეულო თითქოს არაფერია, მით უფრო, აზარტიც და თამაშიც, ხომ ადამიანის პიროვნული განვითარების და თვითმყოფადობის საჭირო და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ფაქტია, ისევე, როგორც ნებისმიერ მიწიერ მოვლენას, ნორმალურ თამაშსაც და აზარტსაც აქვს საზღვრები და ფორმები… ნებისმიერი მოვლენა თუ კონფლიქტი მაშინ იქცევა ფსიქიკურ აშლილობად, როდესაც ჩნდება პიროვნული დისფუნქციის პრობლემა, რაც მნიშვნელოვნად ღრმავდება და რთულდება ადამიანის ფსიქიკისთვის დამახასიათებელი ისეთი დაცვითი მექანიზმით, როგორიცაა უარყოფა.

 

უარყოფა დაცვის უნივერსალური მექანიზმია, რომელიც ახასიათებს, როგორც თავად ნივთიერებაზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ნათესავებს და რა თქმა უნდა, თვითონ მოთამაშე უკანასკნელია, ვინც ამას აღიარებს.

 

 

ეს არის პრობლემის ვერ შემჩნევის, ვერ დანახვის, არ აღიარების, ტენდენცია, რომელიც გვაიძულებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას დიდი ხნის განმავლობაში და მხოლოდ მაშინ ვახელთ თვალს, როცა პრობლემა ძალიან ფესვგადგმულია, როცა უკვე ყველა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი და ყველაზე დისფუნქციური ქცევითი სტერეოტიპი – პრობლემისგან გაქცევა ვეღარ გვაძლევს ხსნას  და იძულებული ვართ რამე ვიღონოთ. გენიალური ანდაზა გვაქვს ქართველებს, „ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა – თვალებს იფშვნეტს“-ო…

 

ცხელი ხაზის ახალი ნომერი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ - რა შემთხვევაში ვრეკავთ 111-ზე
2020-06-01ცხელი ხაზის ახალი ნომერი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ - რა შემთხვევაში ვრეკავთ 111-ზე

 

დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ მრავალ რთულ და სპეციფიკურ მახასიათებლებთან ერთად, ნებისმიერ ადიქციას – იქნება ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, წამალდამოკიდებულება თუ სხვა, ხშირად თან ახლავს ერთი ვერაგი და პრობლემური დამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად დამამძიმებელი ფენომენი, როგორიცაა თანადამოკიდებულება.

 

ეს პირველად ათეული წლის წინ იქნა აღმოჩენილი ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ოჯახური ურთიერთობების მრავალწლიანი დაკვირვებებითა და შესწავლით. დამოკიდებულ ადამიანთან ერთად მცხოვრები თუ მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები ავადდებიან თანადამოკიდებულებით, რომლის ხასიათსაც და ფორმასაც განსაზღვრავს ოჯახის დინამიკის თავისებურება, ადმიანთა ხასიათი და იმ ურთიერთობების ფორმა, რომელიც ამ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ თანაარსებობისას.

 

ბევრ შემთხვევაში, ადიქციის მქონე ადამიანთან მუშაობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მასთან თანადამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებთან მუშაობას, ოჯახურ ფსიქოთერაპიას, ვინაიდან ითვლება, რომ ახალი ურთიერთობების პატერნებს შეუძლიათ შეასუსტონ ადიქციის მიმდინარეობის პროგრესირება.

 

„თანადამოკიდებულება არის მყარი ავადმყოფური დამოკიდებულება სხვა ადამიანის კომპულსურ ქცევებზე და სხვა ადამიანის აზრებზე და გამოხატავს პიროვნების მცდელობას დაიბრუნოს რწმენა საკუთარ თავში, თავისი მნიშვნელობა და პიროვნებად იგრძნოს თავი“.

 

უფრო მარტივი და გასაგები რომ იყოს, თანადამოკიდებულია ადამიანი, რომელიც იმდენად არის მოცული მეორე ადამიანის ცხოვრებით, რომ სრულად აღარ რჩება დრო და ენერგია საკუთარი, ნამდვილი სასიცოცხლო მოთხოვნილებები თუ ფუნქციები განახორციელოს

 

. თანადამოკიდებული ხშირად ხდება დედა, მეუღლე, ახლო მეგობარი ან ნებისმიერი ახლობელი ადამიანი, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას დამოკიდებულების მქონე ადამიანის მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე.

 

გამოდის, რომ ირაციონალური „მხსნელის“ როლით და თავისი არასწორი ქცევით, თანადამოკიდებული ადამიანი მუდმივად ახორციელებს ე.წ. მსხვერპლშეწირვის რიტუალს, უარყოფს რა საკუთარ ინტერესებს და თვითიდენტობის რაციონალურ გზებს და ევლინება ზრუნვისა და სიყვარულის ნიღბით შეფუთულ მხსნელად დამოკიდებულ ადამიანს.

 

სინამდვილეში ეს მუდმივი დახმარების ხელი პრობლემის მქონე ადამიანს სრულად ართმევს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის განცდას და საშუალებას აძლევს დარჩეს ამ დესტრუქციულ ციკლში, გახდეს კიდევ უფრო მეტად ადიქტი. დროთა განმავლობაში, როდესაც ეს ირაციონალური „ზრუნვა“ და მუდმივი „გადარჩენა“ ხდება უკვე თავსმოხვეული და სავალდებულო ქმედება, აზარტულ თამაშებზე ან ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანს კიდევ უფრო მეტად უჭირს ამ ციკლის გარღვევა, მას უკვე ორ, სამ ან მეტ პრობლემასთან უწევს ჭიდილი….

 

არსებობს მოსაზრება, რომ თანადამოკიდებულებისგან განთავისუფლება და მისგან განკურნება ბევრად რთული პროცესია, ვიდრე საკუთრივ ადიქცია.

 

თანადამოკიდებულებას, ისევე როგორც ნებისმიერ ფსიქოპათოლოგიას, რა თქმა უნდა, აქვს როგორც კომპლექსური მიზეზი – დაწყებული დისფუნქციური ოჯახით, ბავშვობის დროინდელი ტრავმებით, აღზრდის პატერნებით, დესტრუქციული ურთიერთობებით და დამთავრებული გლობალური ან კულტურალური ტრადიციებითა და მახასიათებლებით, ასევე, სპეციფიკური მიმდინარეობა, ნეგატიური შედეგები და მკურნალობის თავისებურებებიც.

ლუდომანებმა გასულ წელს 1,062 533,252, 93 ლარის ფსონი დადეს
2020-04-24ლუდომანებმა გასულ წელს 1,062 533,252, 93 ლარის ფსონი დადეს

მაგრამ ამჯერა, ჩვენი მიზანი ამ ფენომენის მეცნიერული განხილვა და შესწავლა არ გახლავთ. არც რეკომენდაციების და რჩევების ციტირებას ვაპირებ, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო  გზამკვლებეშიც შეგიძლიათ ამოიკითხოთ  (მაგ: „არ გადაუხადო ვალები მოთამაშეს“, „არ ასესხო ფული“, „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი მანამ არ შეწყვეტს თამაშს, სანამ ეგულება ადამიანი, რომელიც მას ფულს ასესხებს“ და ა.შ), საყვარელი ადამიანის დასახმარებლად ბევრად ღირებული და  მნიშვნელოვანია გვესმოდეს რას გრძნობენ და ფიქრობენ ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა ან დამოკიდებულების რისკები, ასევე გავაგებინოთ ჩვენი გრძნობები და შიშები, კი არ გავკიცხოთ ან შევეცადოთ ვუკონტროლოთ ცხოვრება და ქცევა, არამედ შევთავაზოთ და გავუწოდოთ მადლიანი დახმარების ხელი.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვერ ვაიძულებთ მოთამაშე ადამიანს ბრძანებით, დაშინებით ან თხოვნით შეწყვიტოს თამაში, მიუხედავად იმისა თუ რას ვამბობთ და ვაკეთებთ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაწყვიტოს მანკიერი თამაშის ციკლი არის თვითონ მოთამაშე თავისი გადაწყვეტილებით და გულწრფელი მონდომებით.

 

პრობლემა ხომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა  და არა თვითონ ადამიანი. გააგებინეთ თქვენს ახლობელს, რომ გსურთ და შეგიძლიათ მისი დახმარება პრობლემური ქცევის შეწყვეტაში და არა მის წახალისებაში, შეეცადეთ დაანახოთ და დააფიქროთ, რომ თუ მისი ქცევა და ცხოვრების წესი იცვლება აზარტული თამაშით, დიდი ალბათობით უნივერსალურად მივა ადიქციამდე, მხარი დაუჭირეთ ამ ბრძოლაში და არამც და არამც პრობლემიდან გაქცევაში, ინფანტილური ქცევის განმტკიცებაში, რომელსაც აღრმავებს მის ნაცვლად მოგვარებული თითოეული საკითხი…

 

 

და გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია! ნებისმიერ შემთხვევაში, აზარტული თამაშების  რა ეტაპზეც არ უნდა იყოს ადამიანი, იმისთვის, რომ თავს გრძნობდეთ დაცულად და ასევე, დაცული იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანიც, ალბათ უკეთესია საკითხი, რომელიც გაწუხებთ გაიაროთ და განიხილოთ ღიად სპეციალისტთან, რომელიც გაგიწევთ მნიშვნელოვან პროფესიონალურ დახმარებას.

 

სოფო მოსია, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი

დახმარებისთვის დარეკეთ +995 32 2301053

 

ან მოგვწერეთ : psychologist.drugprevention@gmail.com

 

https://www.facebook.com/cmhpa.ge/

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X