16:47 | 2020-06-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გახარია არსად მიდის! – გამოხმაურება მმართველ გუნდში 

გახარია არსად მიდის! – გამოხმაურება მმართველ გუნდში 

მმართველი გუნდის წევრები უარყოფენ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. თავდაპირველად ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

 

არხის ინფორმაციით, პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, გუშინ გახარაიმ შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა, თავად გიორგი გახარია წინააღმდეგი იყო.

 

რა გამოხმაურებები მოჰყვა ამ ინფორმაციის გავრცელებას „ქართულ ოცნებაში“

 

თავდაპირველად, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

 

თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია – არა, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება უკავშირდება სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას.

 

კახა კალაძემ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
2020-06-03კახა კალაძემ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

 

„ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია  ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე „ნაცმოძრაობის” პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

 

ეს არის მორიგი აგორებული ჭორი. მგონი, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ამის საფუძველი არავითარ შემთხვევაში არსებობს, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება“ და ეს მოგონილი ამბავია.

 

უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! - რომან გოცირიძე პრემიერად საკუთარ თავს განიხილავს
2020-06-03უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! - რომან გოცირიძე პრემიერად საკუთარ თავს განიხილავს

 

„ოპოზიციას სჩვევია, ბოლო დროს იგონებენ ამბავს მათი მედიასაშუალების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და ამას ვისმენთ. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე ჩვენ გვთხოვენ კომენტარს და გვთხოვენ პასუხის პასუხს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში ყველაზე არასტაბილური პოსტი პრემიერმინისტრის თანამდებობაა.

 

„მიჭირს ან დაგიდასტუროთ, ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ იმის გამო, რომ ყველაზე არასტაბილური პოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, ეს არის პრემიერმინისტრის პოსტი, რომელიც ყველაზე მეტჯერ შეიცვალა და მემგონი, რეკორდიც მოიხსნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +